Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს თავდაცვის განზომილება ძალთა ახალ განლაგებაში


სტრატეგიული სწავლების საერთაშორისო ინსტიტუტმა კვირის დასაწყისში გამოაქვეყნა ახალი მონაცემები მსოფლიოში არსებული “სამხედრო ბალანსის” შესახებ. სამხედრო ბიუჯეტებისა და შეიარაღებული ძალების საბრძოლო არსენალების მკვლევართ არაფერი ახალი და საკვირველი არ აღმოუჩენიათ. კაცობრიობას, რომელსაც ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი ომები და იარაღის ჟღარუნი, ვერ აშინებს ვერც ეკონომიკური კრიზისი და ვერც კლიმატის გლობალური ცვლილებები. ამ ტენდენციას არც საქართველო ჩამორჩებოდა, რომელიც არმიას მთლიანი შიდა პროდუქტის საკმაოდ დიდ მოცულობას ახმარს.

ახალი საერთაშორისო კვლევები “სამხედრო ბალანსი 2009” მოწმობს, რომ სამხედრო დანახარჯები მსოფლიოში განუხრელად იზრდება. მცირედი სტაგნაცია მხოლოდ 2008 წელს შეინიშნებოდა, თუმცა მაშინაც ეს არსებითად არ ასახულა დიდ სამხედრობიუჯეტიან ქვეყნებზეო, - ამბობს მარკ სტოკერი, ლონდონში არსებული სტრატეგიული სწავლების საერთაშორისო ინსტიტუტის სამხედრო ეკონომისტი:

“რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავდით სტაგნაციას მრავალი ქვეყნის სამხედრო დანახარჯებში და რაღაცების შეკვეცას ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, მაგრამ, რაც გლობალურ შედეგებს მართლაც მაღალ დონეზე ტოვებდა, არის ის ფაქტი, რომ დიდი სამხედრო დანახარჯების ქვეყნები, როგორიცაა შეერთებული შტატები, ჩინეთი, ინდოეთი და, ასევე, ბრაზილია, - ამ ქვეყნების უმრავლესობა ისევე განაგრძობდა დიდი დანახარჯების გამოყოფას თავდაცვაზე, როგორც წინა წლებში.”

სამხედრო ძალთა ბალანსს მსოფლიოში, ძირითადად, 7 სახელმწიფო განსაზღვრავს. ესენი არიან ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, გერმანია, რუსეთი და საფრანგეთი. მათ ანგარიშზე მოდის ასევე მსოფლიოში არსებული სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების ძირითადი ნაწილი. ყველაფერი ერთად კი აისახება ასტრონომიულ სამხედრო დანახარჯებში, რაც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებშიც კი თითქმის უცვლელი დარჩა.

შედარებისათვის: შეერთებული შტატების წლიური სამხედრო ბიუჯეტი 2010 წელს 693 მილიარდი დოლარი იქნება - ოდნავ ნაკლები, ვიდრე იყო 2009 წელს. რუსეთი კი 2010 წელს აპირებს 1 მილიარდი დოლარით გაზარდოს სამხედრო დანახარჯები, რაც გასულ წელს 41 მილიარდ დოლარს აჭარბებდა. რეკორდი კი გასულ წელს ჩინეთმა მოხსნა, რომელმაც 2009 წელს 10 მილიარდი დოლარით გაზარდა შეიარაღებული ძალების ბიუჯეტი და მილიტარიზებული ქვეყნების შვიდეულში გადაასწრო მეორე ადგილზე მყოფ დიდ ბრიტანეთს, რომელიც 2009 წელს იძულებული გახდა 11 მილიარდი დოლარით შეემცირებინა სამხედრო ხარჯები.

გასულ წელს სამხედრო ხარჯები გაზარდეს გერმანიამ და საფრანგეთმა, რომლებიც ნატოში შემავალ ქვეყნებს შორის სამხედრო ბიუჯეტის სიდიდით მხოლოდ შეერთებულ შტატებს და დიდ ბრიტანეთს ჩამორჩებიან. სამხედრო საერთაშორისო საკითხების ექსპერტი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი მუჩაიძე ვარაუდობს, რომ სამხედრო დანახარჯების ზრდას წამყვანი ქვეყნები - კერძოდ, ნატოს წევრები - 2010 წელსაც გააგრძელებენ:

“საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში ჩართულობა ერთ-ერთი ყველაზე ხარჯიანი სფეროა და ამ კუთხით, ფაქტობრივად, ყველა იმ ქვეყანას, რომელსაც მნიშვნელოვანი ძალები ჰყავს ავღანეთის ფრონტზე ჩართული, დაფინანსებაც სათანადო სჭირდება - ეს იქნება შესაბამისი აღჭურვილობის მიწოდება, ლოგისტიკური უზრუნველყოფა თუ, ასევე, შესაბამისი მოდერნიზება სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის.”

სამაგიეროდ, ეკონომიკური კრიზისი დრამატულად აისახა იმ პატარა სახელმწიფოების შემოსავლებზე, რომლებიც იძულებულნი გახდნენ მკვეთრად შეემცირებინათ საკუთარი, არცთუ დიდი, სამხედრო დანახარჯები, - ამბობს მარკ სტოკერი, ლონდონში არსებული სტრატეგიული სწავლების საერთაშორისო ინსტიტუტის სამხედრო ეკონომისტი.

“კრიზისმა გავლენა იქონია ბევრ ქვეყანაზე, მაგრამ ესენი არიან პატარა ქვეყნები. მაგალითისათვის შემიძლია მიგითითოთ ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა ლატვია, ლიტვა, რუმინეთი და უნგრეთი, რომლებმაც სამხედრო ბიუჯეტები დრამატულად - ზოგ შემთხვევაში, 25 პროცენტით - შეამცირეს. მაგრამ ვინაიდან ისინი შედარებით პატარა ქვეყნებია, მათ საერთო სურათზე გავლენა არ მოუხდენიათ.”

მარკ სტოკერის მიერ ჩამოთვლილი ქვეყნებისათვის ჩვენ შეგვეძლო დაგვემატებინა აგრეთვე საქართველო. “სამხედრო ბალანსის” თანახმად, 2009 წელს საქართველოს სამხედრო ძალების მომსახურებისათვის 537 მილიონი დოლარი გამოიყო, მაშინ როდესაც 2008 წელს საქართველოს არმიის ბიუჯეტი ორჯერ მეტს, მილიარდ დოლარს, შეადგენდა. როგორც ლონდონში არსებული სტრატეგიული სწავლების საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევაშია მითითებული, 2010 წელს საქართველოს სამხედრო ძალები, შარშანდელთან შედარებით, კიდევ 120 მილიონი დოლარით ნაკლებს მიიღებენ. შედარებისათვის თუ ავიღებთ სამხრეთ კავკასიის ორი ქვეყნის –აზერბაიჯანისა და სომხეთის - სამხედრო დანახარჯებს, ამ ქვეყნებმა მოახერხეს სტაგნაციის გადალახვა და 2010 წელს ერევანიც და ბაქოც არმიის შენახვაზე რამდენიმე ათეული მილიონი დოლარით მეტის დახარჯვას აპირებენ. მაგრამ როცა რეგიონის ერთი ქვეყანა ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად ამცირებს, ხოლო დანარჩენი ორი, პირიქით, ზრდის სამხედრო დანახარჯებს, ხომ არ გამოიწვევს ეს საშიშ დისბალანსს მოუგვარებელი კონფლიქტებით აღსავსე სამხრეთ კავკასიაში? საერთაშორისო სამხედრო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი მუჩაიძე მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში სამხედრო ბიუჯეტის შემცირება საქართველოსათვის მზარდი საერთაშორისო დახმარებით ანაზღაურდება:

“საქართველოს უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი დღესდღეობით არის საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა - კერძოდ, ევროკავშირის და შეერთებული შტატების ჩართულობა - და რუსეთთან მიმართებაში უსაფრთხოების უზრუნველყოფა ამ დიპლომატიური ჩართულობით ხდება და ეს არის დღესდღეობით ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ყველაზე საიმედო გარანტია.”

თანაც, საქართველოს სამხედრო დანახარჯების არსებითი კლება თვალშისაცემად გამოიყურება იმ აბსოლუტურად გაბერილი ხარჯების ფონზე, რომელიც ქვეყანამ 2008 წელს გაიღო არმიის დასაფინანსებლად. რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის წინ საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი ორჯერ გაიზარდა და მილიარდ დოლარს გასცდა, რამაც მთლიანი შიდა პროდუქტის 10 პროცენტი შეადგინა. 2010 წელს სახელმწიფო არმიის შესანახად და თავდაცვისუნარიანობის უზრუნველსაყოფად 400 მილიონ დოლარს დახარჯავს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის, დაახლოებით, 5 პროცენტია და, ეკონომიის და სწორი მართვის შემთხვევაში, სრულად უნდა გასწვდეს 35 ათასკაციან საქართველოს არმიას. “სამხედრო ბალანსის” მონაცემების თანახმად, მიმდინარე წელს საქართველოს პირდაპირი სამხედრო დახმარების ხაზით 16 მილიონი დოლარი მიეცემა. როგორც სტრატეგიული სწავლების საერთაშორისო ინსტიტუტის ანგარიშში წერია, დახმარებას საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიიღებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG