Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესა საქართველოზე


ერთ-ერთი თემა, რომელსაც რამდენიმე გამოცემა გამოეხმაურა, ქართულ ტელეარხ “პირველ კავკასიურსა” და პარიზში განთავსებულ სატელიტის კომპანია “ეუტელსატს” შორის მომხდარი კონფლიქტი იყო. ამ საკითხზე დაიწერა „ვაშინგტონ ტაიმსში“, ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიის ვებ-გვერდზე, „ვოლ სტრიტ ჯორნალში“. ეს უკანასკნელი 3 თებერვლის ნომერში წერდა: “საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან არსებულ „პირველ კავკასიურს“ რუსეთში, კავკასიაში, შუა აზიაში, უკრაინასა და ბელორუსიაში უნდა ემაუწყებლა და ბზარი შეეტანა რუსულენოვანი ტელემაუწყებლობის სფეროში არსებულ კრემლის დე ფაქტო მონოპოლიაში. ცხადია, „პირველი კავკასიური“ თავადაა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული და, შესაძლოა, მასაც ვიღაცამ თბილისის რუპორი უწოდოს. გასაკვირი არ არის, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ გადასახადების გადამხდელთა ლარები მოსკოვთან პროპაგანდის ომის მოგების მცდელობას მოახმარა, წელიწად-ნახევრის წინ ფიზიკურ ბრძოლაში დიდი მარცხის განცდის შემდეგ. კიდევ უფრო ნაკლებად უჩვეულო ამბავია ის, რომ მოსკოვი თავის სამაუწყებლო სივრცეში ახალი ხმის გამოჩენას შეებრძოლა. გასაკვირი ის არის, რამ აიძულა „ეუტელსატი“ ამ კონფლიქტში მსაჯის ფუნქცია ეკისრა.”

თურქეთში ყოველდღიურად გამომავალი პოპულარული გაზეთი “ჰურიეთი” 4 თებერვლის ნომერში აქვეყნებს სტატიას, სათაურით “საქართველოში “პატრიოტიზმის გაკვეთილების” შემოღების გეგმა შეშფოთებას იწვევს.” სტატიაში მოკლედაა გადმოცემული პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლა ბათუმში, სადაც მან სკოლებში სამხედრო-პატრიოტული აღზრდის შემოღების პერსპექტივაზე ისაუბრა. “ჯერჯერობით უცნობია რა ასაკის ბავშვებს ჩაუტარდებათ ეს გაკვეთილები, კვირაში რამდენი საათი დაეთმობა ამას, ვინ იქნება მასწავლებელი და რომელ საგნებს გაივლიან მოსწავლეები. სექტემბერში დასაწყები სწავლების დეტალურ გეგმას განათლების სამინისტროსთან მომუშავე ექსპერტები წარმოადგენენო”, ვკითხულობთ სტატიაში. იქვე აღნიშნულია, რომ საბჭოთა დროს სკოლის მოწაფეებს სამხედრო გაკვეთილები კვირაში რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდათ და რომ საქართველოს ბევრ მოქალაქეს ახსოვს, ავტომატების დაშლის და აწყობის პარალელურად, მასწავლებლები როგორ იმეორებდნენ: “საბჭოთა კავშირი დაუმარცხებელია. მას ამერიკის სახით დაუძინებელი მტერი ჰყავს და საბჭოთა კავშირის ყველა მოქალაქე მზად უნდა იყოს მისი აგრესიის მოსაგერიებლადო.” სამხედრო გაკვეთილების აღდგენა ბევრს სწორედ ამ ძველ გამოცდილებას ახსენებს და ამიტომ ამ ინიციატივას მოწინააღმდეგეები ჰყავსო, ვკითხულობთ სტატიაში, სადაც მოყვანილია თბილისის მცხოვრები 54 წლის ვახტანგის სიტყვები: “დღეს საქართველოს მტერი რუსეთია, მაგრამ რატომ უნდა გაიზარდონ ბავშვები იმის მუდმივი განცდით, რომ ვინმე შეიძლება თავს დაესხათ? ბავშვმა მტრებზე უნდა იფიქროს თუ გაკვეთილებზე?” - კითხულობს ვახტანგი. თუმცა სტატიის ბოლოს აღნიშნულია, რომ ამგვარი კრიტიკული შეხედულებები უმცირესობას ეკუთვნის და რომ პრეზიდენტის გეგმა მოსახლეობის უმრავლესობაში მხარდაჭერით სარგებლობს. სოციალური ქსელის, ფეისბუქის, ერთ-ერთ ქართველ მომხმარებელს დაუწერია: “რუსეთი ჩვენი მტერია და ეს ყველა ქართველმა ბავშვობიდანვე უნდა იცოდეს. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავო”, - ვკითხულობთ “ჰურიეთის” 4 თებერვლის ნომერში.

”სამხრეთ ოსეთის მცხოვრებნი საქართველოს კვლავ შეიარაღების წინააღმდეგ გამოდიან” - ასეთი სათაურით დაიბეჭდა სტატია „ნიუ-იორკ ტაიმსის“ 5 თებერვლის ნომერში. წერილში ნათქვამია, რომ სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ანკლავის დაახლოებით 340-მა მცხოვრებმა შეერთებული შტატების სენატორ რიჩარდ ლუგარს პეტიცია გაუგზავნა და საქართველოსთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგ გამოვიდა, ვინაიდან, მათი განცხადებით, ეს იარაღი სამოქალაქო პირების წინააღმდეგ შეიძლება იქნეს გამოყენებული. სტატიის თანახმად, ეს პეტიცია პასუხია ლუგარის უწყების მიერ დეკემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშზე, სადაც გაანალიზებული იყო ვაშინგტონის გადაწყვეტილება რუსეთთან ომის შემდეგ საქართველოსთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის თაობაზე. ანგარიში, რომელსაც “ბალანსის დაცვა: შეერთებული შტატების პოლიტიკა და სტაბილურობა საქართველოში” ჰქვია, აცხადებდა, რომ ამ გადაწყვეტილებამ, ფაქტობრივად, საქართველოს იარაღზე ემბარგო დაუწესა, რაც რეგიონში არასტაბილურობას იწვევს. ანგარიშში საქართველოს შეიარაღების აღდგენის მოწოდება პირდაპირ არ ყოფილა გამოთქმული, თუმცა აღწერილი იყო ის გაურკვევლობა, რომელშიც ვაშინგტონი 18 თვის განმავლობაში იმყოფება - ერთი მხრივ, მოსკოვთან სურს ურთიერთობის გაუმჯობესება, მეორე მხრივ კი, კვლავ მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, რაც ქვეყნის სამხედრო სტრუქტურების მოდერნიზაციასაც ითვალისწინებს. არსებულ ვითარებაში, ანგარიშის თანახმად, “საქართველოს არა მხოლოდ თავისი ტერიტორიული თავდაცვისთვის საჭირო ზომების გატარება გაუჭირდება, არამედ ის მოწყვლადი რჩება როგორც შიდა კონფლიქტების, ისე გარედან მანიპულაციისთვის.” სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთა პეტიციაში, რომელიც, „ნიუ-იორკ ტაიმსის“ თანახმად, რეგიონის მიერ დაქირავებულმა ამერიკულმა პიარ-კომპანიამ გაავრცელა, ვკითხულობთ: “სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები შიშობენ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი, მისი უპასუხისმგებლო და სპონტანური ქცევის გათვალისწინებით, შეიარაღებას და წვრთნით მიღებულ გამოცდილებას ისევ მათ წინააღმდეგ გამოიყენებს”. პეტიციაში გამოთქმულია მოწოდება, კონგრესში მოეწყოს იმის განხილვა, თუ როგორ გამოიყენა ქართულმა მხარემ ამერიკული დახმარება 2008 წლის აგვისტოს ომში.

სწორედ ამ ომს ეხება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის და მარშალის ფონდის ტრანსატლანტიკური ცენტრის ხელმძღვანელის, რონალდ ასმუსის, ახლახან გამოცემული წიგნი ”მცირე ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო”, რომლის რეცენზიაც 2 თებერვალს დაიბეჭდა “ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიბუნში.” რეცენზიაში წიგნი დადებითად არის აღწერილი. კერძოდ, რეცენზიაში ვკითხულობთ: “ბატონ ასმუსის მონათხრობის მიხედვით, ამ ომს ორი მთავარი ფაქტორი განსაზღვრავდა: რუსეთმა უგულებელყო ცივი ომის შემგომი მთავარი პრინციპი, რომ ევროპის საზღვრები ძალის გამოყენებით აღარასოდეს შეიცვლებოდა და, მიზანში არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ვაშინგტონის, ნატოს და დასავლეთის ამოღებით, განაცხადა, რომ მზად არის მეზობლების წინააღმდეგ ძალა გამოიყენოს.” ეს დასკვნა, ვკითხულობთ რეცენზიაში, წიგნში მხოლოდ რუსეთის შესახებ არის გამოთქმული, მაგრამ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაუბედაობისა და შიდადაპირისპირების ჩვენებამ შეიძლება ნებისმიერი სხვა ჯგუფი თუ ქვეყანა - ალ-ყაიდა, ირანი, ჩრდილოეთ კორეა - შეაგულიანოსო, ვკითხულობთ “ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიბუნის” 2 თებერვლის ნომერში.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG