Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალში ადგილობრივ მოსახლეობაზე თავდასხმის ფაქტებმა იმატა


ოკუპირებულ გალის რაიონის დაბალი ზონის სოფელ პირველ ოტობაიაში 6 თებერვლის ღამეს ორი ადგილობრივი მკვიდრის ოჯახზე თავდასხმა მოხდა. როგორც პირველი ოტობაიიდან რადიო თავისუფლებას აცნობეს, თავდასხმა ღამის 11-დან 12 საათამდე განხორციელდა. ბოროტმოქმედებმა, რომელთა ვინაობა დაზარალებულის მეზობლებისთვის უცნობია, სასტიკად სცემეს ერთ-ერთი ოჯახის დიასახლისს. სახლებიდან წაღებულია თხილი და ძვირფასეულობა.

ოტობაიელი რესპოდენტების თქმით, გალის რაიონში მოსახლეობაზე თავდასხმის ფაქტებმა იმატა, რამაც სოფლებში პანიკა და შიში გამოიწვია. ”ერთ-ერთის სახლში ფანჯრის შუშები ჩაამსხვრიეს, წაიღეს ყველაფერი რაც ჰქონდათ. თავდამსხმელების ვინაობა ჩვენთვის უცნობია, რადგან მათ ნიღბები ჰქონდათ ჩამოფარებული”, ამბობენ ოტობაიელები.

„გალის რაიონის მოსახლეობა ყოველანაირად დაუცველები ვართ. ჩვენთან პოლიციაც არ არის, ასეთი შემთხვევები ნაკლები რომ იყოს და თავი დაცულად ვიგრძნოთ“, აღნიშნა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ქალმა, რომელმაც ოკუპირებულ სოფლებში დამკვირვებლის სტატუსით საერთაშორისო ორგანიზაციის შესვლა მოითხოვა. ”გაერო რომ იყო ჩვენთან, მაშინ ყაჩაღობები ნაკლები იყო. ევროკავშირის მეთვალყურეები აქ უნდა იყვნენ და არა ზუგდიდში”, დასძინა მან.

რაც შეეხება პირველ ოტობაიაში მშვიდონიანი მოქალაქეების ოჯახებზე თავდასხმის ფაქტს, სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენლობის უფროსმა თორნიკე კილანავამ სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ გალის რაიონში კრიმინოგენული ვითარების დაძაბვა საოკუპაციო ჯარების როტაციას უკავშირდება.
XS
SM
MD
LG