Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში მასშტაბურ საპროტესტო გამოსვლებს არ მოელიან


ვიქტორ იანუკოვიჩის მომხრეთა აქცია
ვიქტორ იანუკოვიჩის მომხრეთა აქცია
უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატი ლიდერობს, თუმცა მოქმედი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს მომხრეები არ აპირებენ დამარცხებასთან შეგუებას. ტიმოშენკომ თავადაც არაერთხელ განაცხადა, რომ თითოეული ხმისა და ბიულეტენისათვის ბრძოლას სასამართლოში გააგრძელებს. რა ხდება უკრაინაში და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

9 თებერვლის მონაცემებით, ოპოზიციის ლიდერი ვიკტორ იანუკოვიჩი პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს არასრული სამი პროცენტით უსწრებს. ადგილობრივმა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდა, თუმცა, როგორც რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის მიმომხილველი მარიანა დრაჩი ამბობს, მეთვალყურეების ამ მოსაზრებას არ იზიარებენ იულია ტიმოშენკოს ბლოკის წარმომადგენლები.

„ლაპარაკობენ ფალსიფიკაციის შესახებ. მათ უნდათ იმის გარკვევა, თუ როგორ მიმდინარეობდა ხმების მიცემის პროცესი, როცა საარჩევნო ურნები ბინებში მიჰქონდათ. მათ ასევე აინტერესებთ ისიც, თუ რატომ იქნა ბათილად ცნობილი იმაზე მეტი ბიულეტენი, ვიდრე 2004 წლის არჩევნების დროს“, უთხრა რადიო თავისუფლებას მარიანა დრაჩმა.

უკრაინის საინფორმაციო სააგენტოებმაც გაავრცელეს იულია ტიმოშენკოს ბლოკის ერთ-ერთი წევრის, ოლეგ ლიაშკოს, განცხადება, რომლის მიხედვითაც, სულ ცოტა, ერთი მილიონი ზედმეტი ბიულეტენი იქნა ჩაყრილი ხმის მიცემის დროს ქვეყნის აღმოსავლეთში, რომელიც იანუკოვიჩის დასაყრდენად ითვლება. თუმცა უკრაინელი პოლიტოლოგი ვლადიმირ ფესენკო იანუკოვიჩის გამარჯვებას უფრო საფუძვლიან და ლოგიკურ გამართლებასაც უძებნის:

პრეზიდენტობის კანდიდატების იულია ტიმოშენკოს და ვიქტორ იანუკოვიჩის პლაკატები
„ეს შედეგი, ჩემი აზრით, იმით აიხსნება, რომ ტიმოშენკო წარმოადგენდა ხელისუფლებას, იანუკოვიჩი კი - ოპოზიციას. ხელისუფლების უკმაყოფილო იყო მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. დარწმუნებული ვარ, რომ უკმაყოფილო იყო თავად ტიმოშენკოს ამომრჩეველთა დიდი ნაწილიც. ხელისუფლებაში ყოფნა დამარცხების უმთავრესი მიზეზია. ხუთი წლის განმავლობაში ხელისუფლება და, მათ შორის, ტიმოშენკო, არაპოპულარული იყო.“

როგორც უნდა იყოს, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატების დავა სასამართლო დარბაზში გადაინაცვლებს. ამგვარი ვარაუდის საფუძველს იძლევა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის მიხაილ ახენდოვსკის შემდეგი განცხადება:

„მეორე ტურში ხმების დათვლის პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ ბიულეტენებში მხოლოდ ორი კანდიდატის გვარი წერია, დიდხანს გაგრძელდება, რადგანაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკვე შემოდის საგანგაშო ნიშნები იმისა, რომ საუბნო კომისიის წევრები განსხვავებულად კითხულობენ კანონებს. ამგვარ ვითარებაში, სავარაუდოდ, ხმის დათვლის პროცესი გაჭიანურდება.“

სასამართლო განხილვების დაწყებას ელოდება რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის მიმომხილველი მარიანა დრაჩიც, რომლის ვარაუდით, როგორი გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს სასამართლომ, საქმე მასშტაბურ საპროტესტო გამოსვლებამდე არ მივა:

„რა თქმა უნდა, უკრაინის სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი არ არის, მაგრამ, ამის მიუხედავად, მასობრივ საპროტესტო გამოსვლებსა და 2004 წლის მოვლენების განვითარებას მაინც არავინ მოელის. სოციოლოგთა ერთი ნაწილი ამბობს, რომ საპროტესტო გამოსვლები არ იქნება, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ იქნება, მაგრამ - ფულის გადახდის შემთხვევაში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეკონომიკური კრიზისის დროს ძნელად თუ მოიძებნება უკრაინაში მსხვილი მეწარმე, რომელიც საპროტესტო გამოსვლებს დააფინანსებს.“

მარიანა დრაჩი იმასაც ამბობს, რომ ეკონომიკის სავალალო მდგომარეობა უკრაინის პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგზე უაღრესად დიდ გავლენას ახდენს.

„უკრაინისთვის, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია დემოკრატია, მაგრამ, მეორე მხრივ, ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკა, რომლის უსაშველო ვარდნა უნდა შეჩერდეს. ამისათვის კი სტაბილური სიტუაციაა საჭირო, მაგრამ ყველას ესმის, რომ ვითარების მყისიერად შეცვლა შეუძლებელია. ბევრი რამე იქნება დამოკიდებული პარლამენტში მიმდინარე პროცესებზე, იმაზე, თუ როგორი იქნება ახალი კოალიცია, შეძლებს თუ არა იანუკოვიჩი ტიმოშენკოსათვის გვერდის ავლას. სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის, ისევე როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრედიტის მისაღებად, საჭიროა ახალი პრეზიდენტის დროული ინაუგურაცია და ახალი მთავრობის დამტკიცება. რეგიონების პარტიაში მრავალ ვარიანტს განიხილავენ, მაგრამ ტიმოშენკოს პრემიერ-მინისტრობას გამორიცხავენ. ამჟამად იანუკოვიჩის პარტიის მთავარი პარტნიორის როლში ვიკტორ იუშჩენკოს ფრაქცია, „ნაშა უკრაინა - ნაროდნაია სამოობორონა“, გვევლინება“, უთხრა რადიო თავისუფლებას მარიანა დრაჩმა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG