Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა: ირანის ირგვლივ “სანქციების რკალი” ვიწროვდება


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოება ერთიანდება ირანის ცუდი საქციელის წინააღმდეგ, რაც, ობამას თქმით, “ბირთვული იარაღის შექმნის” კურსის გაგრძელებაში გამოიხატება. სამშაბათს თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე შეერთებული შტატების ლიდერმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სანქციების რეჟიმი თეირანის წინააღმდეგ რამდენიმე კვირაში უკვე მზად იქნება.

სამშაბათ დილით გამართულ პრესკონფერენციაზე შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა მოულოდნელად გამოჩნდა აუდიტორიის წინაშე და მთელი განცხადება ირანის ბირთვულ პროგრამას მიუძღვნა. შეერთებული შტატების ლიდერის თქმით, ირანმა უარი განაცხადა შეთავაზებაზე, გაუმდიდრებელი ურანი გადასამუშავებლად საზღვარგარეთ გაეგზავნა, ხოლო მიღებული ბირთვული მასალა სამედიცინო მიზნებისათვის გამოეყენებინათ. ირანის უარი მის ნამდვილ ზრახვებს ამჟღავნებსო, - განაცხადა ობამამ:

“ეს ნათელყოფს იმას, რომ, მიუხედავად მტკიცებისა, ჩვენს ბირთვულ შესაძლებლობებს მხოლოდ სამოქალაქო მიზნებისთვის გამოვიყენებთო, ირანი განუხრელად აგრძელებს კურსს, რომელიც ბირთვული ნივთიერების იარაღად ქცევამდე მივა. და ეს არა მხოლოდ შეერთებული შტატებისათვის, არამედ მთელი საერთაშორისო საზოგადოებისათვის არის მიუღებელი.”

ირანის ხელისუფლება, თავის მხრივ, აცხადებს, რომ ურანის გამდიდრების სამუშაოები მხოლოდ მშვიდობიან ხასიათს ატარებს. ბირთვულ იარაღს 90 პროცენტამდე გამდიდრებული ურანი ესაჭიროება, ირანის ხელთ არსებული ურანი კი მხოლოდ 20 პროცენტამდეა გამდიდრებული და მეტი შესაძლებლობა ირანის ბირთვულ საწარმოებს არ გააჩნიათო, - განაცხადა ალი აკბარ სალეჰიმ, ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის თავმჯდომარემ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, ამ მტკიცების პასუხად, თეირანს ადრე შესთავაზა, თავისი ბირთვული მარაგები საფრანგეთსა და რუსეთში გაეტანა, რაც ირანს შესაძლებლობას მოუსპობდა ეწარმოებინა ურანის გამდიდრების სამუშაოები. მაგრამ ირანის ხელისუფლებამ ეს წინადადება უარყო.

ბარაკ ობამამ 9 თებერვალს განაცხადა, მიუხედავად ირანის უარისა, დიალოგისკენ მოწოდება კვლავ ძალაში რჩებაო:

“კარები ღიაა, მიუხედავად იმისა, რომ ირანმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. და რის გაკეთებასაც ჩვენ მომდევნო კვირების განმავლობაში ვაპირებთ, არის ის, რომ შევქმნათ ძლიერი რეჟიმი სანქციებისა, რაც მათ დაანახვებს, თუ რამდენად არიან ისინი მთელი საერთაშორისო საზოგადოებისაგან იზოლირებულნი.”

როგორც შეერთებული შტატების ოფიციალური პირები ადრე აცხადებდნენ, სანქციების სამიზნეა ირანის რევოლუციური გვარდია, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის ბირთვულ პროგრამაზე და რომელმაც დაშალა ანტისამთავრობო გამოსვლები ირანში. ამ ორგანიზაციის კუთვნილებაში დიდძალი ქონებაა, მათ შორის, კომპანიები და ბანკები.

ობამამ პრესკონფერენციაზე ყურადღება შეაჩერა რუსეთზე, სადაც, მისი თქმით, ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ ირანმა სერიოზულად არ მიიღო საერთაშორისო საზოგადოების შეთავაზება.

თავის მხრივ, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა დიპლომატიურად განაცხადა, ირანის მიერ გადადგმული ნაბიჯები ეჭვს აღძრავს იმ განცხადებების ფონზე, რასაც თეირანი აკეთებსო. “ეს ეჭვებს აღძრავს სხვა ქვეყნებში და ამ ეჭვებს საკმაო საფუძველი აქვსო”, - დასძინა ნიკოლაი პატრუშევმა.

ეჭვები ეჭვებად, მაგრამ იმისათვის, რომ ირანის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების რეჟიმი ამოქმედდეს, საჭიროა პროექტს მხარი დაუჭიროს უშიშროების საბჭოს ხუთმა მუდმივმოქმედმა წევრმა – ჩინეთმა, შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა, რუსეთმა და საფრანგეთმა. ჩინეთი მაინცდამაინც დიდი ხალისით არ ეკიდება სანქციებს და მხარს უჭერს ირანთან დიალოგის გაგრძელებას. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა რამინ მეჰმანპარასტმა კი “მცდარი” უწოდა შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის მცდელობას, ახალი რეზოლუცია მიაღებინონ გაეროს უშიშროების საჭოს. “ირანი ერთი ნაბიჯითაც კი არ დაიხევს უკან, თუკი სანქციების შესახებ რეზოლუციას მიიღებენო,” – განაცხადა ირანის წარმომადგენელმა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG