Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 11 თებერვალი 2010


”რამდენს ხარჯავს ხელისუფლება უცხოეთში საკუთარი ინტერესების ლობირებისა და პიარისთვის” - ამ საკითხით ”რეზონანსი” დაინტერესდა. ავტორი წერს: ”საქართველოს ხელისუფლებამ შეერთებულ შტატებში ლობირებისთვის კიდევ ერთი პიარ-კომპანია დაიქირავა, რომლის წლიური მომსახურებაც, დაახლოებით, ნახევარი მილიონი დოლარი ჯდება. ანალოგიურად, გასულ წელს ხელისუფლებამ მსგავს მომსახურებაში შეერთებულ შტატებში 800 ათასამდე დოლარი დახარჯა, თუმცა, რამდენი დაჯდა ევროპაში ლობირება, უცნობია.”

”რეზონანსში” დღეს ვრცელი სტატია ეძღვნება ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის მიერ უცხო ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას. ჟურნალისტებისა და ექსპერტების ნაწილი კომახიძეს მხარს უჭერს, ნაწილი კი ვითარებაში გასარკვევად არგუმენტების სიმცირეზე მიუთითებს და შეფასებებისგან თავს იკავებს.

”ალია” შეეცადა მეტი გაეგო კომახიძის საქართველოდან წასვლის შესახებ. ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე ”ალიას” კორესპონდენტს კომახიძის მომავალ ფილმზე უამბობს: ”ფილმი ეხებოდა აგვისტოს ომის მოვლენებს და მის გამოსვლამდე ამ ხელისუფლებას ურჩევნია ქუდი დაიხუროს და წავიდეს... იქ არის ისეთი სკანდალური ინტერვიუები ჩაწერილი და ისეთი შემზარავი კადრებია, რომ საქართველოს კი არა, მსოფლიოს ჩააგდებს შოკში. ამ მასალის ძირითადი ნაწილი წამოღებულია ცხინვალიდან. შვეიცარიაშიც იმიტომ მიფრინავდა ვახო კომახიძე, რომ აგროვებდა დოკუმენტურ მასალას ამ ფილმთან დაკავშირებით. ჟენევაში ჰააგის ტრიბუნალის ერთ-ერთ მოსამართლესთან იყო ინტერვიუზე შეთანხმებული”, - ამბობს ნანა კაკაბაძე.

”ახალი თაობა”: ”შეიძლება ფილმში მოყვანილი მასალები ჩვენი ქვეყნისთვის მომგებიანი არ არის, თუმცა საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს სიმართლე. რაც შეეხება ჟურნალისტების დევნას, ეს დემოკრატიული ქვეყნისთვის მიუღებელი ფორმაა. ჩვენს ხელისუფლებას კი დემოკრატიულობაზე სერიოზული პრეტენზია აქვს”, - წერს ”ახალი თაობის” ავტორი და კომახიძის ადრინდელ ფილმებსაც იხსენებს, რომლებმაც ხელისუფლება გააღიზიანა.

“ყველა სიახლე” აქვეყნებს სატელეფონო ინტერვიუს ზურაბ ნოღაიდელთან. ”ყველას გასაგონად ვამბობ, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ აუცილებლად ვიმოქმედებთ, თანაც, ეფექტიანად. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის წინაშე და აუცილებლად დავამთავრებთ ამ ხელისუფლებას. ეს კარგად იცის სააკაშვილმა და ხომ ხედავთ, რა ისტერიკაშია”, - აცხადებს ნოღაიდელი. ”ყველა სიახლეშივე” იბეჭდება ნინო ბურჯანაძესთან ინტერვიუ: ”ნოღაიდელის ნაბიჯები, მისი საქმე მისი არჩევანია, რომლის შედეგსაც დრო გვიჩვენებს. თუმცა ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ რუსეთთან ლაპარაკი აუცილებელია”, - ამბობს ბურჯანაძე და იქვე დასძენს: ”სააკაშვილი ემისარს ემისარზე გზავნის რუსეთის ხელისუფლებასთან. სხვათა შორის, არა მხოლოდ სააკაშვილი, არამედ ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავაც.” ამავე გაზეთში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ხერხეულიძე ნოღაიდელს ”ლეგიტიმურ მოღალატეს” უწოდებს.

”ჯორჯიან ტაიმსმა” ინტერვიუ აიღო იგორ გიორგაძისგან. მასალას მთელი გვერდი ეთმობა და არაერთ საკითხსა და პირზეა მასში საუბარი. სხვათა შორის, გიორგაძე ჰყვება: ”ა.წ. 27 იანვარს შევხვდი საქართველოს საპარლამენტო დროებითი კომისიის თავმჯდომარეს კონსტანტინე გამსახურდიას, კომისიის წევრ ბეჟან ხურციძესა და კომისიის მიწვეულ ექსპერტს მიხეილ ოსაძეს. მათ აინტერესებდათ, თუ რა ინფორმაცია გამაჩნდა მე საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, გარდაცვალების თაობაზე. უპირველეს ყოვლისა, მინდა საქართველოს საზოგადოებამ იცოდეს, რომ ამ კომისიის არსებობა, გარკვეულწილად, თქვენი მონა-მორჩილის დამსახურებაა. მხედველობაში მაქვს ის გარემოება, რომ ვიყავი ერთადერთი თანამდებობის პირი, რომელმაც სახელმწიფო კომისიის აქტს ხელი არ მოვაწერე, რომლის თანახმად, 1993 წლის 31 დეკემბრის ღამით ზვიად გამსახურდიამ, თითქოსდა, თავი მოიკლა.” - ამავე ინტერვიუში, ქართულ ოპოზიციაზე საუბრისას, იგორ გიორგაძე ამბობს: ”ნუთუ 7 წელი იყო საჭირო იმისათვის, რომ ე.წ. ოპოზიციას გაეაზრებინა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება თავისი ანტირუსული პოლიტიკით ანგრევს არა რუსეთს, არამედ საქართველოს. ნუთუ 7 წელი იყო საჭირო იმის გასააზრებლად, რომ ნატოსკენ სწრაფვას საქართველოს ნგრევა მოჰყვებოდა?”

”24 საათიდან” შეიტყობთ, რომ, ”იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით, კომპანია ”გორბი” ეროვნული მასშტაბის დანაშაულის სოციოლოგიურ კვლევას ჩაატარებს. კვლევა შეეხება დაფარულ დანაშაულს, მოსახლეობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებს და საზოგადოების დამოკიდებულებას მართლმსაჯულების სისტემისადმი.” - ავტორი დასძენს, რომ დანაშაულის სოციოლოგიური კვლევა ასეთი მასშტაბის პირველი მეცნიერული კვლევითი პროექტია საქართველოში.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG