Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირველი მარტიდან ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ამოქმედდება


აშშ-ის დახმარებით აღდგენილი ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე
აშშ-ის დახმარებით აღდგენილი ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე
პირველი მარტიდან ფუნქციონირება უნდა დაიწყოს საქართველო-რუსეთის საზღვრის ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებმა პუნქტმა - ასეთი გადაწყვეტილება მხარეებმა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში მიიღეს შვეიცარიის საელჩოს შუამავლობით. ოფიციალური თბილისი არ ფარავს, რომ საზღვრის გახსნას, რომელიც 2006 წლის ივლისში რუსეთის გადაწყვეტილებით ჩაიკეტა, ის დიდ ეკონომიკურ მნიშვნელობას არ ანიჭებს. საზოგადოების ნაწილი კი შიშობს, რომ ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ამოქმედება საქართველოს პრობლემებს მოუტანს.

რუსეთ-საქართველოს საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების მიმართ ინტერესი არ ნელდება, მით უმეტეს, რომ პირველი მარტისთვის ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი უნდა ამოქმედდეს. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიცია მისი პრესსამსახურის უფროსმა ნიკო მჭედლიშვილმა გამოაქვეყნა.
”პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური ვერ ხედავს რაიმე საშიშროებას ამ სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნაში და მას მიაჩნია, რომ რეგიონის მოსახლეობას ამ სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნა წაადგება ეკონომიკურად. თუმცა საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ეკონომიკურ სარგებელს ამ პუნქტის გახსნაში ვერ ხედავს. საქართველოს მთავრობა მიესალმება, თუ რუსეთი სხვა გადაწყვეტილებებსაც შეცვლის -მაგალითად, მოხსნის ეკონომიკურ ბლოკადას.”

ექსპერტებისა და პოლიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთთან საზღვრის გახსნაზე დათანხმება საქართველოს ინტერესების გაუთვალისწინებლად მოხდა. ბევრი საფრთხეს ხედავს რუსეთის პროპაგანდაში, რომელის თანახმადაც, ზემო ლარსის მიმდებარე ტერიტორია - ყაზბეგის რაიონი - სამხრეთ ოსეთის ისტორიული ნაწილია. რუსეთ-საქართველოს საზღვრის გახსნის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა ადგილობრივ მოსახლეობაშიც, რომელიც 2006 წელს საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ რთულ ეკონომიკურ და სოციალურ პირობებში აღმოჩნდა.

აი, რა უთხრა რადიო თავისუფლების გადაცემა ”ეხო კავკაზას” სოფელ მლეთის მკვიდრმა შალიკო სუნთიძემ:

”არ გვაწყობს. აი, რუსეთი სად მოვიდა, თავზე დაგვაჯდა უკვე. რაც გაიხსნება, უფრო უარესობა იქნება. მე ასეთი წარმოდგენის ვარ.”

საზღვრისპირა კიდევ ერთი სოფლის მკვიდრი, ბატონი ოთარი, ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ამოქმედების მომხრეა იმ პირობით, თუ საზღვარი ყველასთვის ღია იქნება:

”თუ გაიხსნება, საერთოდ ძალიან კარგი იქნება. როგორც იძახიან, რომ ნაწილი მხარე გაიხსნება და თათრებმა და სხვებმა უნდა იარონ, ეგრე არ გვაწყობს. თუ გაიხსნება, უნდა გაიხსნას ისე, როგორც ვიყავით ადრე, ძმურად და შინაურულად.”

ნიკო მჭედლიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსი
საქართველოს მთავრობაში უჭირთ იმის დაკონკრეტება, თუ რა პირობით ამუშავდება ზემო ლარსის პუნქტი, ანუ რომელი ქვეყნის მოქალაქეებს და რა ტვირთებს გაატარებს ის. პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლის ნიკო მჭედლიშვილის განცხადებით, ყველაფერი რუსეთის ნებაზეა დამოკიდებული:

”ეს არანაირად არ არის საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, იმიტომ რომ საქართველოს არ ჩაუკეტია სასაზღვრო-გამშვები პუნქტი. აქედან გამომდინარე, რუსეთის ნებაზეა დამოკიდებული პირველ მარტს გაიხსნება თუ არა... როგორც ვიცით, არის დაგეგმილი გახსნა, თუკი რუსეთმა არ შეცვალა თავისი გადაწყვეტილება. და რუსეთის ნებაზეა დამოკიდებული, რა ტვირთებს გაატარებენ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე.”

მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ლაპარაკი დაიწყო ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნის თაობაზე, ოფიციალურ თბილისს არ დაუფარავს, რომ ანგარიში გაუწია მეზობელი სომხეთის ინტერესებს, როდესაც რუსეთთან კონსულტაციებზე დათანხმდა. სომხეთისთვის საქართველოს ტერიტორია რუსეთთან ხმელეთით დაკავშირების ერთადერთი საშუალებაა. თბილისელი ანალიტიკოსების აზრით, - მათ შორისაა ეკონომიკური უსაფრთხოების ექსპერტი გია ხუხაშვილიც, - რუსეთთან საზღვრის გახსნით საქართველო ვერაფერ სარგებელს მიიღებს.

”ქართულ პროდუქციას ადევს ემბარგო რუსულ ბაზარზე... როდესაც ვიზების გაცემა საქართველოს მოქალაქეებისთვის პრაქტიკულად შეწყვეტილია რუსეთზე, როგორ უნდა ისარგებლოს საქართველოს მოქალაქემ ამ საზღვრით?! ეს საზღვარი ამუშავდება ცალმხრივად, ცალმხრივ ინტერესზე. ძირითადი ინტერესი აქ არის სომხეთისა და რუსეთის”, - აღნიშნა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას გია ხუხაშვილმა.

გია ხუხაშვილიც და სხვა ექსპერტებიც ფიქრობენ, რომ საქართველოს უფრო მეტი დივიდენდები - თუნდაც ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაშვება - უნდა მიეღო რუსეთთან საზღვრის გახსნის თანხმობის სანაცვლოდ.
XS
SM
MD
LG