Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონსტანტინ კოსაჩოვი ცხინვალში რევიზიის მიზნით იმყოფება


ცხინვალი
ცხინვალი
ცხინვალში სამუშაო ვიზიტით იმყოფება რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩოვი. იგი შეხვდა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს, პარლამენტის დეპუტატებს და პოლიტიკური პარტიების ლიდერებს. კოკოითიმ კოსაჩოვს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთი მუდმივად აყენებს სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხს. რუსმა დეპუტატმაც ოს პოლიტიკოსებს მხარდაჭერისთვის მადლობა უთხრა, მაგრამ საჯაროდ მიანიშნა, რომ მისი ვიზიტი მაინც რევიზიული ხასიათისაა. კოსაჩოვის თქმით, რუსეთის სათათბირო ფედერაციის ბიუჯეტს იღებს, ამ ბიუჯეტიდან კი ფული სამხრეთ ოსეთის რეაბილიტაციისთვისაც არის გამოყოფილი. ამიტომ, მისი აზრით, აუცილებელია იმის შესწავლა, თუ რა სახით მიდის ეს თანხა სამხრეთ ოსეთში და რამდენად ეფექტურად იხარჯება იგი. კოსაჩოვმა სარეაბილიტაციო სამუშაოების ნელი ტემპის გამო უკმაყოფილება არ დამალა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსმა დეპუტატმა ოსი და რუსი ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი გამართა, რომელიც ცხინვალის ტელევიზიით გადაიცა. ოს ჟურნალისტებს კრემლისა და მოძრაობა „სამართლიანი საქართველოს“ ლიდერის ზურაბ ნოღაიდელის ურთიერთობა აინტერესებდა. კოსაჩოვის თქმით, ნოღაიდელია ერთადერთი ქართველი პოლიტიკოსი, რომლის პოლიტიკური პლატფორმა კრემლისთვის საინტერესო აღმოჩნდა, რადგან ნოღაიდელი ტერიტორიების ნაცვლად ადამიანებზე ლაპარაკობს. რუსმა დეპუტატმა ცხინვალიდან სხვა ქართველ ოპოზიციურ პოლიტიკოსებს მიმართა და კრემლთან ურთიერთობის დაწყება მათაც ურჩია.

გაეროს ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელის მალხაზ მინდიაშვილის აზრით, ბოლო დროს ცხინვალში რუსი პოლიტიკოსების ვიზიტები მხოლოდ იქ არსებული მდგომარეობის შესწავლას უკავშირდება, რადგან ისე, როგორც ყველა სხვა შავ ხვრელში, ცხინვალშიც იკარგება რუსული ფული.

კვირა ისე არ გავა, რომ ცხინვალს რუსეთის საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები არ ესტუმრონ. განსაკუთრებით აქტიურობენ რუსეთის რეგიონალური განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებსაც დე ფაქტო რესპუბლიკის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ზედამხედველობა აქვთ აღებული, მაგრამ, მიუხედავად ამისა, რუსი პოლიტიკოსები არც მშენებლობის ტემპებით არიან კმაყოფილნი და არც დახარჯული ფინანსების მიზნობრიობით. ამიტომაც ცხინვალში ისინი უკვე როგორც რევიზორები, ისე ჩადიან.
XS
SM
MD
LG