Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთიანობის ფორმულა - „ყველა მინუს ნოღაიდელი“


ოპოზიციის ლიდერები (მარცხნიდან): დავით გამყრელიძე, დავით უსუფაშვილი
ოპოზიციის ლიდერები (მარცხნიდან): დავით გამყრელიძე, დავით უსუფაშვილი
”ალიანსი საქართველოსთვის” წევრი პარტიების - ”ახალი მემარჯვენეებისა” და ”რესპუბლიკელების” - ლიდერებმა 17 თებერვალს დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ერთიანობის მისაღწევი ფორმულა შესთავაზეს: „ყველა მინუს ერთი“, ანუ ზურაბ ნოღაიდელი და მისი პარტია. - ასეთია ის ერთადერთი პირობა, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში ”ალიანსი საქართველოსთვის” სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ერთიან კანდიდატზე შესათანხმებლად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდება.

”რესპუბლიკელების” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა 17 თებერვალს თქვა, რომ მოახლოებული არჩევნების კონტექსტში ”ალიანსი” უკანასკნელად სთავაზობს ოპოზიციას გაერთიანებას. ”ახლების” ლიდერი დავით გამყრელიძე კი კონსულტაციებში მონაწილეობისაკენ არა მხოლოდ არჩევნების მომხრე ოპოზიციურ პარტიებს, არამედ იმ პოლიტიკურ ძალებსაც მოუწოდებს, ვინც, მისი თქმით, არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და ამ ნიჰილიზმით არჩევნებზე საზოგადოების აქტივობას ამცირებს. მაგრამ ამ მოწოდებას ერთიანობისაკენ ”ალიანსის” მხრიდან აქვს ერთი წინაპირობა, უფრო სწორად კი, ”ერთიანობის ფორმულა”, რომელსაც „ყველა მინუს ზურაბ ნოღაიდელი“ ჰქვია: “ ალიანსი მზადაა აქტიურად ჩაერთოს გაერთიანების პროცესში ფორმულით ”ყველა მინუს ერთი” და შევქმნათ ერთობა ყველა რეალურ ოპოზიციურ ძალასთან, გარდა ერთისა. ეს არის ზურაბ ნოღაიდელი და მისი პოლიტიკური გუნდი. ის სრულიად გაურკვეველი ფუნქციით და მისიით მოღვაწეობს დღეს პოლიტიკაში, ხოლო მისი წარსული ჩვენთვის დანაშაულსა და კრიმინალთან არის დაკავშირებული და ჩვენ კრიმინალებთნ არ ვთანამშრომლობთ”, - განაცხადა „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ საგანგებოდ მოწვეულ ბრიფინგზე. როგორც გითხარით, ფორმულაზე „ყველა მინუს ერთი“ შეთანხმების შემთხვევაში „ალიანსი საქართველოსათვის“ მზადაა დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან ყველა დანარჩენ ოპოზიციურ პარტიასთან მერობის ერთიან კანდიდატზე შესაჯერებლად. დავით უსუფაშვილი ფიქრობს, რომ საამისოდ დრო ჯერ კიდევ არის.

ამ მოწოდების ძირითადი სამიზნე ის პოლიტიკური ძალებია, რომლებიც ფიქრობენ, რომ არჩევნებს ამ სიტუაციაშიც აქვს აზრი. თუმცა, როგორც დავით გამყრელიძე შენიშნავს, სასურველია გარკვეული კონსულტაციები განახლდეს მათთან, ვინც არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. რადიო თავისუფლებამ ერთი ასეთი პარტიის - ”ეროვნული ფორუმის” - ლიდერებს სთხოვა კომენტარი, თუმცა მათ ამჯერად თავი შეიკავეს პოლიტიკური განცხადებებისაგან. აქვე ვიტყვით, რომ ”ალიანსის” კანდიდატურები ქალაქის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის პოსტებზე არ შეცვლილა. თუმცა, როგორც დავით უსუფაშვილი აღნიშნავს, ისინი მზად არიან სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებსაც მოუსმინონ:”ირაკლი ალასანია და სოზარ სუბარი რჩებიან ჩვენს კანდიდატებად მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობებზე. მაგრამ კონსულტაციები ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ოპოზიციასთან სალაპარაკოდ არ მივდივართ ახირებებით. თუ სხვა გზა არსებობს, სხვა კონფიგურაცია, ჩვენ მზად ვართ ყველა აზრი მოვისმინოთ.”

ზურაბ ნოღაიდელი მოსკოვში ”ედინაია რასიას” ოფისში ვიზიტისას
თავად ნოღაიდელის პარტიაში, რომელიც პრაიმერის მონაწილე ერთ-ერთი პოლიტიკური ძალაა, აცხადებენ, რომ მსგავსი განცხადებები მხოლოდ დააშორებს ერთმანეთს ოპოზიციურ ძალებს და, შესაბამისად, მოგებული კვლავ ხელისუფლება დარჩება. პეტრე მამრაძე აცხადებს, რომ ისინი, თავის მხრივ, მოუწოდებენ დანარჩენ პარტიებს, შეუერთდნენ მათ პრაიმერის პროცესში.

”კონსერვატორების” ლიდერ ზვიად ძიძიგურს კი ”ალიანსის” მიერ შეთავაზებული ნიშნით პოლიტიკური პარტიების და ადამიანების შერჩევა არასწორად მიაჩნია და ამას აქვს თავისი მიზეზი: ”მაგ ლოგიკით, ალასანიაც შეხვდა ლავროვს და არც ის არის ჩვენი მეგობარი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი. ანუ ფორმულა „ყველა მინუს ერთი“, ჩვენი აზრით, ხელს შეუშლის ერთიანობის მიღწევას. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ დღეს ნოღაიდელზე ზეწოლა, უარი თქვით მასზე, რადგან მან უღალატა სამშობლოს, - ნიშნავს ხელისუფლების პიარს, რომ რუსეთთან დალაპარაკება არ შეიძლება, რასაც ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით.”

ძიძიგურის აზრით, დღეს უფრო მნიშვნელოვანი ოპოზიციის ხელში არსებული ყველა რესურსის გამოყენებაა, რაც არჩევნების გაყალბებას შეუშლის ხელს. რაც შეეხება „ალიანსის“ აზრს, გაერთიანების ლიდერები ფიქრობენ, რომ თუ თავიანთი შეთავაზებული გზით ერთობას ვერ მიაღწევენ, არც ეს არის პრობლემა. „დანებებას არ ვაპირებთ, „ალიანსი“, თავისი ლიდერებით, თვითკმარი ძალაა“, ამბობს „ახლების“ ლიდერი დავით გამყრელიძე და ფიქრობს, რომ არჩევნებში გამარჯვებას მოიპოვებენ.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG