Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით სიხარულიძე: საქართველოს გავლით ტვირთები ავღანეთისაკენ უკვე მოძრაობს


დავით სიხარულიძე
დავით სიხარულიძე
ცენტრალური აზიის ქვეყნებში სამდღიანი მოგზაურობის შემდეგ შეერთებული შტატების სპეციალური წარგზავნილი ავღანეთსა და პაკისტანში, ელჩი რიჩარდ ჰოლბრუკი კვირას გვიან ღამით ესტუმრება საქართველოს. ორშაბათს გაიმართება ოფიცილური შეხვედრები, რომლის დროსაც განიხილება უსაფრთხოების საკითხები და ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში ქართული სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობა. ამერიკელი დიპლომატის ვიზიტის მიზნებისა და დღის წესრიგის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად რადიო თავისუფლება საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით სიხარულიძეს ტელეფონით დაუკავშირდა.

დავით სიხარულიძე: ელჩი ჰოლბრუკი, როგორც თქვენ იცით, გახლავთ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი პაკისტანსა და ავღანეთში და სწორედ ამ საკითხებს შეეხება მისი ვიზიტი საქართველოში. პირველი დღიდანვე, როდესაც სამხედრო ოპერაცია დაიწყო, ჩვენ ვიყავით მოკავშირეების გვერდით და მხარს ვუჭერდით ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლას ავღანეთში. ჰოლბრუკის ვიზიტი ეხება სწორედ ამ თანაშრომლობის გაღრმავებას. როგორც იცით, საქართველოს ავღანეთში საკმაოდ სერიოზული კონტინგენტი ეყოლება. გარდა ამისა, საქართველომ შესთავაზა და დღესაც ის გზა, რომელიც საქართველოზე გადის, უკვე მუშაობს, რითაც ტვირთები შეედინება ავღანეთში.

რადიო თავისუფლება: შეიძლება დავაზუსტო - თქვენ ამბობთ, რომ ეს გზა, ნაწილობრივ, უკვე მუშაობს?

დავით სიხარულიძე: ნაწილობრივ კი არა, არამედ უკვე მუშაობს. ეს გზა არის ერთ-ერთი ალტერნატიული გზა. მაგრამ აქ ჩვენი შეთავაზება გულისხმობდა, რომ კიდევ უფრო გაფართოვდეს ტვირთების ის ნაკადი, რაც გადის საქართველოს გავლით, მათ შორის ავღანეთის მიმართულებით.

რადიო თავისუფლება: ზუსტად ამ საკითხთან მიმართებით, დასავლურ პრესაში იყო ერთგვარი სკეპტიციზმი. კერძოდ, საქართველო ვერ იქნება რუსეთ-ცენტრალური აზიის დერეფნის ალტერნატივაო. თქვენ რაიმე ახალი კონტრარგუმენტი გაქვთ, რითაც რიჩარდ ჰოლბრუკს საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის მეტ შესაძლებლობებში დაარწმუნებთ?

დავით სიხარულიძე: იცით, რა არის, მე არ ვიტყოდი, რომ რაიმე სკეპტიციზმი იყოს ამ მიმართულებით. პაკისტანის მიმართულებას თუ არ ჩავთვლით, ყველა ამ ტვირთების, არა საბრძოლო დანიშნულების ტვირთების, 70 %-ზე მეტი უკვე გადის საქართველოს გავლით და ეს გზა მუშაობს, უკვე არსებობს ეს გზა. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ სხვა გზები არ მუშაობს ავღანეთის მიმართულებით. მაგრამ ეს [საქართველოს მარშრუტი] არის ერთ-ერთი გზა, რითაც ტვირთები მიეწოდება ავღანეთს.

რადიო თავისუფლება: ბატონო დავით, გადავიდეთ ქართულ სამხედრო კონტინგენტზე. ავღანეთში ჯერჯერობით 170 ქართველი სამხედრო იმყოფება. თუმცა, იყო ინფორმაცია, რომ ქართულმა ბატალიონმა გაიარა გადასროლის წინა მომზადება გერმანიაში. რა სტადიაშია ავღანეთში უფრო მრავალრიცხოვანი ქართული ქვედანაყოფის გაგზავნის საკითხი?

დავით სიხარულიძე: ეს გადაწყვეტილება გასულ წელს იქნა მიღებული. ახლა სამხედროები მუშაობენ ორმხრივად და [ავღანეთში ქართული კონტინგენტის] განლაგების კონკრეტულ დეტალებზე საუბარი, ალბათ, იქნება ექსპერტებს შორისაც. აქ ახლა, კონკრეტული თარიღების დასახელებისაგან თავს შევიკავებ, მაგრამ, ალბათ, მიმდინარე წლის გაზაფხულზე, როგორც დადგენილი იყო, ეს კონტინგენტი ჩაერთვება ამ [უსაფრთხოების მხარდამჭერ] ოპერაციაში.

რადიო თავისუფლება: გუშინ [20 თებერვლას], ჰოლანდიაში, მმართველი კოალიციაც კი დაიშალა იმ უთანხმოების გამო, რაც ჰოლანდიური კონტინგენტის ავღანეთიდან გამოყვანის თარიღის გამო წარმოიშვა. საქართველოს კანონმდებლობა ან პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება თუ განსაზღვრავს, თუ რა ვადით იგზავნება ქართული ქვედანაყოფი ავღანეთში?

დავით სიხარულიძე: დღევანდელი დადგენილებით, თუ არ ვცდები, ამას [კონტინგენტის გაგზავნას ავღანეთში] აქვს მინიმუმ ერთწლიანი ვადა. როგორც თქვენთვის არის ცნობილი, მანდატში გათვალისწინებულია ექვსთვიანი როტაციის ვადა, როგორც ეს ერაყში ჩვენი კონტინგენტის შემთხვევაში იყო. რა თქმა უნდა, ვადის ამოწურვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტს შეუძლია საკუთარი დადგენილებით ვადის გაგრძელება.

რადიო თავისუფლება: დავუბრუნდეთ რიჩარდ ჰოლბრუკის ვიზიტს. ამერიკის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ჩამოდის იმ დროს, როდესაც დასავლეთის მედიაში არ წყდება კამათი საფრანგეთსა და რუსეთს შორის სამხედრო გემ „მისტრალის“ გარიგების თაობაზე. აპირებთ თუ არა, რომ გააცნოთ ჰოლბრუკს თქვენი პრეტენზიები იმის თაობაზე, თუ რატომ არის საშიში ასეთი გარიგება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის უსაფრთხოებისთვისაც?

დავით სიხარულიძე: ამ საუბრების დღის წესრიგზე, ალბათ, არ შევჩერდებოდი. უკვე ბევრი ითქვა ამ თემასთან [საფრანგეთისა და რუსეთის სამხედრო გარიგება] დაკავშირებით, გამოითქვა მოსაზრებები ბევრი ქვეყნის ლიდერების მიერაც. ეს თემა მჭიდროდ უკავშირდება არა მხოლოდ ორ ქვეყანას [საფრანგეთს და საქართველოს] შორის სამხედრო თანაშრომლობას, არამედ მთლიანად ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებას.

რადიო თავისუფლება: საფრანგეთი, ერთი მხრივ, „საქართველოსთვის საშიშ ვერტმფრენმიზდს“ მიჰყიდის რუსეთს, მეორე მხრივ კი სრულიად უანგაროდ ეხმარება საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობაში. გავიხსენოთ, თუნდაც ფრანგული მხარის თანამონაწილეობით შექმნილი სამთო-მსროლელთა სამხედრო ცენტი საჩხერეში. თქვენი აზრით, როგორ ებმის, როგორ უკავშირდება ეს ორი მომენტი ერთმანეთს?

დავით სიხარულიძე: საფრანგეთთან ჩვენი თანამშრომლობა, მათ შორის სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებში თანაშრომლობა, უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს, და მე მინდა გითხრათ, რომ ეს თანაშრომლობა ყოველთვის იყო მიმართული იმისკენ, რომ უსაფრთხოება და სტაბილურობა მთლიანად ჩვენ რეგიონში ყოფილიყო უფრო მტკიცე. ამ ამოცანებზე იყო ორიენტირებული ჩვენი თანაშრომლობა საფრანგეთთან. კვლავ მინდა გავიმეორო, რომ „მისტრალის“ თემა, რაზეც ბევრი ანალიტიკოსი, მკვლევარი და ექსპერტი საუბრობს - განსახილველია ევროატლანტიკური უსაფრთხოების ჭრილიდან და არა მხოლოდ ორ ქვეყანას შორის სამხედრო-თანაშმროლობის კუთხით.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG