Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 24 თებერვალი 2010


ოპოზიციაში მიმდინარე პროცესები პრესის მთავარ თემად რჩება: ”ერთიან კანდიდატს, სავარაუდოდ, სოციოლოგიური კვლევით შეარჩევენ”; ”სუბარი სოციოლოგიურ კვლევას ემხრობა და ”არსად წასვლას არ აპირებს”; ”სუბარი ალასანიას კონკურენტი ხდება”; ”რატომ დატოვა ბესელიამ ოქრუაშვილი”; ”მისტერ ალასანია მტრის ზურგში”; ”ეკა ბესელიამ ოქრუაშვილს ვა-ბანკში პარტიაც მოუგო”; ”ოპოზიციის მოქმედების მოსალოდნელი შედეგები”; ”ღიად წოდებული კონსულტაციები ოპოზიციაში” - ასეთია სათაურები.

”რეზონანსის” ავტორი ოპოზიციის ანონიმ ლიდერზე დაყრდნობით წერს, რომ ოპოზიცია ერთიან კანდიდატს, სავარაუდოდ, სოციოლოგიური კვლევის საფუძველზე შეარჩევს და იქვე შენიშნავს, რომ ამ მეთოდს მისაღებად თვლის „ალიანსის“ თანათავმჯდომარე სოზარ სუბარიც. ამავე სტატიაში წაიკითხავთ იმ ვარაუდის შესახებაც, რომ ე.წ. ”პრაიმერის ჯგუფი” მერობის კანდიდატთან ერთად პრეზიდენტობის კანდიდატსაც წარუდგენს ამომრჩეველს და მერად გაჩეჩილაძეს, პრეზიდენტობის კანდიდატად კი ალასანიას დაასახელებს.

”საქართველოს რესპუბლიკა”, ინტერვიუ ირაკლი ალასანიასთან. ის კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ნოღაიდელისგან წამოსული ”ნებისმიერი დაფინანსება” მისი პოლიტიკური ძალისთვის მიუღებელია. რაც შეეხება ერთიანი კანდიდატის შერჩევას, ალასანიას თქმით, სწორედ მის მოდელზე შეთანხმებაა ოპოზიციის ამოცანა. პრაიმერზე კი ამბობს: ”თუკი ჩვენ პრაიმერზე შევთანხმდით, აქამდე არსებული მოდელი შეიცვლება. საზოგადოების გარდა, ამ საქმეში ჩართული არავინ იქნება. ეს იქნება დაახლოებით ერთიანი კანდიდატის გამოკვეთის კომისია, რომელშიც მხოლოდ საზოგადოების წევრები შევლენ.”

”რადიკალურად მემარჯვენე და რადიკალურად მემარცხენე პარტიების გაერთიანება იმ მიზნით, რომ როგორმე სახელისუფლებო კანდიდატს მოუგონ, ძალიან დაბალ პოლიტიკურ კულტურაზე მეტყველებს”, - ამბობს პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი ”24 საათისთვის” მიცემულ კომენტარში. გაზეთის ავტორმა არაერთ ექსპერტს ჰკითხა აზრი ოპოზიციაში მიმდინარე პროცესის მოსალოდნელ შედეგზე. რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ ”მთავარია, ვინ იქნება პიკში არჩევნების პერიოდში და არა სამი თვით ადრე”, საერთო კანდიდატი კი, მისი აზრით, არჩევნების გამართვის დღის მოახლოებისას გამოვლინდება. გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ დაახლოებით ათი დღის ვადაში გაირკვევა მოახერხებს თუ არა ოპოზიცია ერთიანი კანდიდატის წარმოდგენას. ექსპერტთა მოსაზრებებს ”24 საათში” გაეცნობით.

”მისტერ ალასანია მტრის ზურგში” - ”ვერსიის” სათაურია. ავტორი ალასანიას გადაწყვეტილების ოთხ ვერსიას სთავაზობს მკითხველს. ერთი, რომ ის მერის არჩევნებში დამარცხების შიშმა განაპირობა და ასპარეზს გაჩეჩილაძეს უთმობს; მეორე ვერსიას ავტორმა ”ლავროვის გავლენა” დაარქვა. იქვე დასძენს: ”ეს ეჭვი, ალბათ, ბევრს აუწვავს გულ-მუცელს და გაამწარებს, მაგრამ ამ დალოცვილ საქართველოში, საბედნიეროდ, ცივი სასმელი წყალი ონკანებში ჯერ კიდევ უწყვეტად მოედინება.” მესამე ვერსიაა, რომ თითქოს ალასანიას რევოლუციის განეიტრალების მიზანი ამოძრავებს და მეოთხე - ”ალასანიამ გარანტია მიიღო”, რომ გაჩეჩილაძე მას დაუჭერს მხარს. სტატიის დასკვნა კი ასეთია: ”შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება”.

”ახალი თაობა”, ინტერვიუ თინა ხიდაშელთან: ”როგორც ჩანს, რაღაც ეტაპზე მან [ალასანიამ] დაინახა, რომ აუცილებელი იყო მისი გამარჯვებისთვის ლევან გაჩეჩილაძის მხარდაჭერა და ამ მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს იგი. თუმცა ამას მოვლენების განვითარება დაგვანახვებს, რამდენად რეალისტური და შესაძლებელია ამ ამოცანის მიღწევა. მე ვფიქრობ, რომ არაფერი უშლის ხელს ლევან გაჩეჩილაძეს იმისთვის, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღოს, თუკი მისი გუშინდელი განცხადებები არის გულწრფელი, როდესაც ის ამბობს, რომ მისი მთავარი ამოცანა არის ძლიერი კანდიდატით ხელისუფლების დამარცხება. თუ ეს ასეა, მაშინ ფორმულა მარტივია: ლევან გაჩეჩილაძე უნდა გამოვიდეს და ყოველგვარი ქვეტექსტების გარეშე მხარი დაუჭიროს ირაკლი ალასანიას მერობის კანდიდატად”, - ამბობს თინა ხიდაშელი ”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG