Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის სასამართლოში „იუკოსის“ საქმის განხილვა დაიწყო


ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოში „იუკოსის“ საქმის განხილვა დაიწყო
ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოში „იუკოსის“ საქმის განხილვა დაიწყო
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაიწყო განხილვა სარჩელისა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ შეიტანა გაკოტრებულმა ნავთობკომპანია „იუკოსმა“. რუსეთის ამ ერთ დროს უდიდესი ნავთობკომპანიის ყოფილი მესვეურები ქვეყნის მთავრობას ბრალდებების ფალსიფიცირებაში ადანაშაულებენ და საკომპენსაციოდ 98 მილიარდ ამერიკულ დოლარს ითხოვენ, რაც ამ სასამართლოს 50 წლიან ისტორიაში მოთხოვნილი ყველაზე დიდი თანხაა.

სტრასბურგში მდებარე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ თავის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმის განხილვა დაიწყო. სარჩელი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ არის შეტანილი და გაკოტრებულ ნავთობკომპანია „იუკოსს“ ეკუთვნის.

„იუკოსის“ ყოფილი მესვეურები რუსეთის მთავრობას ბრალს კომპანიის ბიზნესსაქმიანობის უკანონოდ აღკვეთაში სდებენ და, კომპენსაციის სახით, 98 მილიარდ დოლარს ითხოვენ. ეს ამ სასამართლოს ისტორიაში საკომპენსაციოდ მოთხოვნილი ყველაზე დიდი თანხაა.

„იუკოსმა“ - ერთ დროს რუსეთის უდიდესმა კომპანიამ - თავი ბანკროტად 2006 წელს გამოაცხადა - მას შემდეგ, რაც მთავრობამ მას უკანა რიცხვით მოსთხოვა მილიარდობით დოლარის ოდენობის გადასახადების დაფარვა. კომპანიის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ეს ზომა „იუკოსის“ დამფუძნებლის, მიხეილ ხოდორკოვსკის, დასასჯელად იყო მიმართული, მისი პოლიტიკური ამბიციების გამო.

ხოდორკოვსკი ამჟამად ციმბირის ციხეში იხდის სასჯელს. მას, გადასახადებისთვის თავის არიდების და თაღლითობის ბრალდებით, 8 წლით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა. მოსკოვში მიმდინარე მეორე სასამართლო პროცესზე მას, შესაძლოა, კიდევ 22 წელი მიესაჯოს. ევროსასამართლოში სარჩელი ხოდორკოვსკის თავისი სახელითაც აქვს შეტანილი.

სკეპტიკოსები ფიქრობენ, რომ „იუკოსის“ ყოფილ მეწილეებს თითქმის არა აქვთ იმ დანაკარგების აღდგენის შანსი, რომელიც კომპანიის ბანკროტად ქცევამ გამოიწვია, იმიტომ რომ კომპანიამ არსებობა დიდი ხნის წინ შეწყვიტა.

მაგრამ სხვები ვითარებას უფრო ოპტიმისტურად უყურებენ და ამბობენ, რომ სტრასბურგში განთავსებული სასამართლო, რომელსაც წარსულში რუსეთის წინააღმდეგ არაერთი გადაწყვეტილება მიუღია, არც ამჯერად იტყვის უარს კრემლის დასჯაზე.

„იუკოსის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ამჟამად ლონდონში მცხოვრები ალექსანდრ ტემერკოს აზრით, უკვე ის ფაქტი, რომ სასამართლო ამ საქმის განხილვას დასთანხმდა, „იუკოსის“ სასარგებლოდ მეტყველებს:

„სასამართლომ უკვე იმსჯელა და ეს სარჩელი წარმოებაში მიიღო. ცხადია, რომ მთავარი, რასაც ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო განიხილავს, ის ბრალდება იქნება, რომ „იუკოსის“ წინააღმდეგ გატარებული ზომები პოლიტიკურად იყო მოტივირებული, ანუ დაირღვა იურიდიული პროცედურების ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი“, - აცხადებს ტემენკო.

სხვა საკითხებთან ერთად, ევროპული სასამართლო განიხილავს „იუკოსის“ წარმომადგენელთა საჩივრებს იმ დარღვევების გამო, რომლებიც აღირიცხა კომპანიისა და ხოდორკოვსკის წინააღმდეგ გამართულ სასამართლო პროცესებზე - ისევე როგორც კომპანიის მთავარი სამრეწველო განყოფილების, „იუგანსკნეფტეგაზის“ იძულებით გაყიდვის პროცესში.

ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულება სავალდებულოა ევროსაბჭოს ყველა წევრისთვის - მათ შორის, ცხადია, რუსეთისთვისაც. შესაბამისად, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სახელმწიფოს კომპენსაციის გადახდა მოუწევს.

2007 წელს სასამართლომ რუსეთი დამნაშავედ ცნო ხოდორკოვსკის ბიზნეს-პარტნიორის, პლატონ ლებედევის, უფლებების დარღვევაში მისი დაპატიმრების დროს და ქვეყანას მცირე ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.

რუსეთის წარმომადგენლების გამოუცხადებლობის გამო მიმდინარე პროცესის დაწყება ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ორჯერ გადაიდო, რაც, ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, აჩვენებს, რომ მოსკოვში პროცესი შეშფოთებას იწვევს.

ფინანსების ექსპერტის ანდრეი სოტნიკის აზრით, თუკი სასამართლო რუსეთს დამნაშავედ ცნობს, იმ პირებს შორის, რომლებსაც ბრალად „იუკოსის“ უკანონოდ დაშლა დაუმტკიცდებათ, შესაძლოა, რუსეთის ყველაზე გავლენიანი წრეების წარმომადგენლებიც აღმოჩნდნენ:

"შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ იმ კერძო და იურიდიულ პირებს შორის, ვინც ამით იხეირა, რუსეთის სახელმწიფო და არასახელმწიფო მენეჯმენტის ყველაზე მაღალი ეშელონების წარმომადგენლებიც არიან. დარწმუნებული ვარ, რომ სტრასბურგის სასამართლოს წარუდგენენ მტკიცებულებებს იმის შესახებ, თუ ვინ რა კაპიტალი დააგროვა ან სხვა რა ხეირი ნახა "იუკოსის" განადგურებისგან. ამასთან, ვფიქრობ, ამ კომპანიებსა და კერძო პირებს შორის მხოლოდ რუსები არ იქნებიან", - ამბობს ექსპერტი.

როგორც მოელიან, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო ვერდიქტს რამდენიმე კვირაში გამოიტანს.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG