Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”პრაიმერისტები” ალასანიას თან აკრიტიკებენ, თან ეპატიჟებიან


”პრაიმერისტები”: ზურაბ ნოღაიდელი, კობა დავითაშვილი, ზვიად ძიძიგური
”პრაიმერისტები”: ზურაბ ნოღაიდელი, კობა დავითაშვილი, ზვიად ძიძიგური
მას შემდეგ, რაც კოლეგებისთვის 7 მარტამდე მიცემული ვადა ამოიწურა, პრაიმერის ინიციატორმა პარტიებმა ახალი ვადა დაასახელეს. ისინი 28 მარტამდე ეპატიჟებიან ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის გამოვლენისთვის სოციოლოგიურ გამოკვლევას უჭერს მხარს, ხოლო საკრებულოს წევრობის კანდიდატების შემთხვევაში პრაიმერის გზას ემხრობა. დაპატიჟებულთა შორისაა ირაკლი ალასანიას „ალიანსიც“, თუმცა ეს გაერთიანება უკვე დაადგა საკუთარ გზას და თავად აპირებს ყველა დაინტერესებული პარტიის მასპინძლობას, ”პრაიმერისტების” ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ნოღაიდელის, პოლიტიკური ძალის გარდა. თავად ნოღაიდელი ერთობის ნგრევაში ალასანიასა და მის ალიანსს ადანაშაულებს. მაშინ რატომღა წავიდნენ ”პრაიმერისტები” ალასანიას ალიანსის მიერ თავის დროზე შეთავაზებულ კომპრომისზე?

პრაიმერის ინიციატორი პოლიტიკური პარტიები თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის დასახელებას 9 აპრილს სპორტის სასახლეში დაგეგმილ თავყრილობაზე აპირებენ. ეს იქნება კანდიდატი, რომელსაც წინასწარ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვა გამოავლენს. ეს კი, სწორედ ის გზაა, რომელიც ეგრეთ წოდებულ ”პრაიმერისტებს” თავის დროზე ირაკლი ალასანიას „ალიანსმა“ შესთავაზა. ფაქტია, რომ პრაიმერის ჯგუფმა კომპრომისზე წასვლა მაინც გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ კარგად აცნობიერებს, თუ როგორ მკვეთრად გაიმიჯნა „ალიანსისა“ და მისი გზები. პრაიმერის ჯგუფში შემავალი „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ და მისი ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი ერთიანობის იდეას დანგრეულად მიიჩნევს და ბრალდებულიც ჰყავს:

”ერთიანი კანდიდატი აღარ არსებობს. ერთიანი კანდიდატის იდეა, ერთიანი კანდიდატის შერჩევის შესაძლებლობა დაანგრია „ალიანსმა“, სამწუხაროდ, წინა კვირაში. ამაზე უფრო მეტი კომენტარის გაკეთება მე არ მინდა...”

ნოღაიდელის ამ ბრალდებას კოლეგებიც უერთდებიან. მაგალითად, „ხალხის პარტიის“ ლიდერი კობა დავითაშვილი ამბობს, რომ გაერთიანებამ „ალიანსი საქართველოსთვის” საკუთარი შეთავაზება უკან წაიღო” და უარი თქვა ერთიანი კანდიდატის სოციოლოგიური გამოკითხვის გზით გამოვლენაზე:

”სოციოლოგიური გამოკითხვა ჩვენ შემოგვთავაზა „ალიანსმა“ და ჩვენ დავთანხმდით. მათ ულტიმატუმი წამოგვიყენეს, ფაქტიურად, და, ამის მიუხედავად, გადავლახეთ ჩვენი პატივმოყვარეობა, თუ რა დავარქვა...”

პრაიმერის ჯგუფი „ალიანსის“ გამოხმაურებას 7 მარტამდე ელოდებოდა. ეს იყო ბოლო ვადა, რომელიც ამ ჯგუფმა მერობის ერთიანი კანდიდატის შერჩევის წესზე შესათანხმებლად გამოაცხადა, თუმცა ინიციატივას არავინ გამოხმაურებია და, მით უმეტეს, არც ”ალიანსი საქართველოსთვის”.

მიუხედავად ამისა, როგორც ვთქვით, პრაიმერის ჯგუფი მაინც წავიდა კომპრომისზე და მერობის ერთიანი კანდიდატის გამოვლენის წესად სოციოლოგიური გამოკითხვა დატოვა. შეკითხვაზე, რატომ გადადგეს „პრაიმერისტებმა“, ასე ვთქვათ, დაუფასებელი კომპრომისული ნაბიჯი, ნოღაიდელი პასუხობს, რომ ”მიცემულ სიტყვას” დაცვა სჭირდება და რომ ისინი არ აპირებენ ”მიცემული პირობის ღალატს”. ამასთან, ითქვა ისიც, რომ „პრაიმერისტების“ კარი 28 მარტამდე ჯერ ისევ ღიაა და ღიაა, მათ შორის, „ალიანსის“ წარმომადგენლებისთვისაც. თეორიულად ისინი მზად არიან მხარი დაუჭირონ ირაკლი ალასანიას კანდიდატურასაც, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი მის პირველობას საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა გამოავლენს.

„ალიანსს“ 7 მარტამდე კარგა ხნით ადრე ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ ერთიანი კანდიდატის გამოვლენაზე აღარ ფიქრობს და მას უკვე ჰყავს თავისი უალტერნატივო კანდიდატი, ირაკლი ალასანიას სახით. შესაბამისად, ალიანსი იქით ეპატიჟება ყველა პოლიტიკურ ძალას, ვინც ალასანიას მხარდაჭერისთვის არის მზად.

თუკი ”სიტყვის გატეხის” თემას დავუბრუნდებით, უნდა ვთქვათ, რომ არც ალასანიას და არც მის „ალიანსს“ არასოდეს უცდია კონკრეტულად ზურაბ ნოღაიდელის ”სიტყვის ძალის” შეფასება, რადგანაც სწორედ ნოღაიდელს და მის პრორუსულ ორიენტაციას მიიჩნევდა ერთობის ხელისშემშლელ ერთ-ერთ უმთავრეს ფაქტორად. „ალიანსის“ ერთ-ერთი თანათავმჯდომარე, სოზარ სუბარი, ამბობს, რომ მატარებელმა 24 თებერვალს ჩაიარა, ჭადრაკის სასახლეში შემდგარ თავყრილობაზე, როდესაც ნოღაიდელმა დააფიქსირა, რომ ის თავის თავს არა რიგით, არამედ ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ განიხილავს. თუმცა იმავე ჭადრაკის სასახლეში გამოიკვეთა ისიც, რომ ”პრაიმერისტები”, სოციოლოგიური გამოკითხვის სასარგებლოდ, პრაიმერის იდეის დათმობასაც შესაძლებლად მიიჩნევდნენ. ეს სწორედ ის შეხვედრაა, სადაც სცენაზე, სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად, გვერდიგვერდ იდგნენ ირაკლი ალასანია და ზურაბ ნოღაიდელი და ირგვლივ ისმოდა იმედები დიდი ოპოზიციური გაერთიანების შექმნასთან დაკავშირებით. ამ შეხვედრის შემდეგ ალასანია, ოპონენტების გარდა, საკუთარმა თანაგუნდელებმაც კი მწარედ გააკრიტიკეს და ნაბიჯი შეცდომად ჩაუთვალეს. ალასანია კი ირწმუნებოდა, რომ თბილისის მერობისთვის ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის გამოვლენის მიზნით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი გამართლებული იყო და რომ ეს ახალ იმპულსებს შესძენდა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას, მით უმეტეს, რომ გაერთიანებისკენ მისი მოწოდების ადრესატი არასოდეს ყოფილა ზურაბ ნოღაიდელი, რადგანაც მის პოლიტიკურ ძალას მერობის კანდიდატი დასახელებული არ ჰყავდა. ალასანიას განმარტებით, მისი მოწოდებები მიმართული იყო დედაქალაქის მერობის 2 კანდიდატისკენ. ესენი არიან - კონსერვატორების ლიდერი ზვიად ძიძიგური და „ხალხის პარტიის“ ლიდერი კობა დავითაშვილი.

მაშინ რატომ თქვა უარი „ალიანსმა“ თავისსავე შეთავაზებულ სოციოლოგიურ გამოკითხვაზე?

ალიანსის ერთ-ერთი თანათავმჯდომარე, სოზარ სუბარი, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა გაახმაურა სოციოლოგიური გამოკითხვის იდეა, ამბობს, რომ ამ იდეის განსახორციელებლად მთავარი პირობები არ შესრულდა:

”როცა სოციოლოგიური გამოკითხვის იდეა წამოვაყენე, მკაფიოდ ვთქვი, რომ ჩავატაროთ სოციოლოგიური გამოკითხვა, ოღონდ ამაში არა მარტო ნოღაიდელმა არ უნდა მიიღოს მონაწილეობა, არამედ იმ პარტიებმა, რომლებიც დღეს მჭიდროდ თანამშრომლობენ ნოღაიდელთან, უნდა გაემიჯნონ მას და უნდა გააკეთონ არჩევანი - ან ითანამშრომლონ ნოღაიდელთან, ან მიიღონ მონაწილეობა მერობის ერთიანი კანდიდატის გამოვლენის პროცესში... მათ გააკეთეს არჩევანი და თქვეს, რომ არ გაემიჯნებიან ნოღაიდელს... ”

ასეა თუ ისე, პრაიმერის ინიციატორი პარტიები ჯერჯერობით ალიანსის ”თამაშგარე მდგომარეობაში” აღმოჩნდნენ და საკუთარ გზას დაადგნენ. ამ ეტაპზე უკვე აღარ არის გამორიცხული, რომ საკუთარი თბილისის მერობის კანდიდატი ზურაბ ნოღაიდელის პოლიტიკურმა ძალამაც დაასახელოს. იქნება ეს ლევან გაჩეჩილაძე თუ არა, ამ ეტაპზე უცნობია. პრაიმერის ორგანიზატორი პარტიები გაჩეჩილაძის საქართველოში დაბრუნებას და მასთან საუბრის გაგრძელებას ელოდებიან.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG