Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხმა და შიშინი


ტელეკომპანია „იმედის“ მოდელირებულმა კოშმარმა და შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა საქართველოს უსაფრთხოების ძალიან მგრძნობიარე სფეროები გააშიშვლა და დაგვანახა, რომ საქმე გაცილებით უფრო რთულადაა, ვიდრე გვეგონა.

- დავიწყოთ ხელისუფლების რეზისტენტულობით. ხელისუფლების კონსტიტუციური ვალდებულებაა, ყოველმხრივ აღკვეთოს საშიში პანიკის გავრცელება, თუნდაც ამისთვის დასჭირდეს ზოგიერთი დემოკრატიული ნორმის დროებით შეზღუდვა - მაგალითად, საგანგებო მდგომარეობის შემოღება ანდა ინფორმაციის ნაწილობრივი შეზღუდვა. საქართველოს ხელისუფლებამ კი, როგორც მრავალი ექსპერტი და მედიამკვლევარი მიიჩნევს, დაარღვია დემოკრატიის მოთხოვნა, ჩაერია სარედაქციო პოლიტიკაში, რათა გამოეწვია პანიკა მოსახლეობაში.

- ასეთი პანიკისთვის მტრული ქვეყანა ხარჯავს ძალიან დიდ ფულს, საქართველოს კონტროლირებადმა მედიასაშუალებამ და, თავს უფლებას მივცემ ვთქვა, თავად პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ეს გააკეთეს უანგაროდ. თუმცა, ხელისუფლების ინტერნეტ-მრევლი სოციალურ ქსელში ამას უწოდებს არა პანიკას, არამედ პრევენციას.

მაგრამ მოდი, შევხედოთ მოდელირებულ კოშმარს, როგორც პრევენციას. რისი პრევენცია ან თავიდან არიდება შეუძლია მას? საქართველომ რუსეთის მორიგ ანექსიას რომ გაუძლოს, ამას სჭირდება მოსახლეობისა და ხელისუფლების კონსოლიდაცია, მმართველობითი სტრუქტურების მდგრადობა, არმიისა და უსაფრთხოების ძალების მუდმივი მზადყოფნის დემონსტრირება, პოლიტიკურ ძალებთან მუდმივი დიალოგი, დემოკრატიული რეფორმების გაღრმავება, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და საიდუმლოების რეჟიმის მაქსიმალური დაცვა.

- ამ მოდელირებული სიუჟეტის შინაარსმა კი - და, რაც მთავარია, შემდგომმა კამათმა „იმედის“ დარბაზში მსხდომი პატივცემული ექსპერტებისა - აჩვენა სრულიად საპირისპირო სურათი:

- ხელისუფლება პანიკაშია და დემორალიზებულია რუსეთის მოსალოდნელი აგრესიის წინაშე; განურჩევლად ლამის მთელ ოპოზიციას მიიჩნევს რუსეთის დამქაშებად; ხელისუფლებას არ სჯერა საკუთარი არმიისა, რომლის რამდენიმე ქვედანაყოფი, ზემოხსნებული მოდელერებული სცენარით, გადადის რუსეთის მხარეზე; არაფრად ადარდებს უცხოური ინვესტორების ინტერსები, რადგან, როგორც ბიზნესმენები ამბობენ, ფულს უყვარს სიმშვიდე. არ არის სიმშვიდე, არ არის ინვესტიციები და რამდენიც არ უნდა გადასცეს CNN-მა საქართველოზე რეკლამა, არც იქნება, თუკი ყოველ ორ თვეში ერთხელ პანიკურ განწყობებს დავთესავთ.

- დაბოლოს, საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად მოწყვლადია ინფორმაციის საიდულოების რეჟიმის განხორციელების თვალსაზისით. აღმოჩნდა, რომ რუსეთის სპეცსამსახურები უსმენენ არა მათ თვალთახედვის არეში მოქცეულ ტელევიზიის ხელმძღვანელობას, არამედ თავად საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საუბრებსაც. მხედველობაში გვაქვს რუსულ სოცოლოგიურ ქსელ „სოროკაში“ ერთი დღის ინტერვალით გამოქვეყნებული არველაძე-წამალაშვილის და სააკაშვილი-რურუას სატელეფონო საუბრის ჩანაწერი. მაგრამ აქ ყველაზე პარადოქსული ჩვენი ინფანტილიზმია, უფრო სერიოზული მსჯელობაა მეორეხარიხოვანზე, სატელეფონო ხმების და შიშინის ფაბრიკაციაზე და მონტაჟზე და არა იმ გამაოგნებელ სიტუაციაზე, რომ თურმე რუსეთი ისმენს საქართველოდან განხორციელებული უცხოური ზარების ლამის 96 პროცენტს, პრეზიდენტის სასახლიდან არის განხორციელებული ის, თუ ზუგდიდის ქაღალდ-კომბინატიდან.

ძვირფასო მეგობრებო, თუკი ეს მართლა ასეა და ჩვენი საინფორმაციო სივრცე ასეთი დაუცველია, შეიძლება ვიკითხო, მაშინ რომელი პოლიციისა და უსაფრთხოების ძალების რეფორმირებაზე ვლაპარაკოდით ამდენი ხნის განმავლობაში?
რომელი „ვეფხვის ნახტომით“ ვემუქრებით რუსეთს, რომელმაც იცის, თუ რას ლაპარაკობს და გეგმავს ხელისუფლება?

და თუკი ეს ასეა და ჩვენ თავმოყვარე ხალხი ვართ, რატომ არ დგება შინაგან საქმეთა მინისტრ ივანე მერაბიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც ფულს გამჭვირვალე პოლიციის შენობებში ხარჯავს და არა იმაზე, რომ მოხდეს უცხოეთის ზარების დივერსიფიცირება?

ან იქნებ რუსეთზე გამავალი ზარები ბლეფია, მორიგი მოდელირებული დეზინფორმაციაა მოსახლეობის დასაშინებლად და,შესაბამისად, ამ საიტებში ინფორმაცია საქართველოს შესაბამისი სტრუქტურებიდან ჟონავს?
მით უარესი საქართველოსთვის.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG