Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონის მოსკოვური ვიზიტის სტარტი


ჰილარი კლინტონი, ამერიკის სახელმწიფო მდივანი (მარცხნივ) და დმიტრი მედვედევი, რუსეთის პრეზიდენტი
ჰილარი კლინტონი, ამერიკის სახელმწიფო მდივანი (მარცხნივ) და დმიტრი მედვედევი, რუსეთის პრეზიდენტი
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი მოსკოვში იმყოფება, სადაც იგი ისრაელიდან ჩავიდა. რუსეთში ჰილარი კლინტონი ორი დღის განმავლობაში „ახლო აღმოსავლეთის“ კვარტეტშიც მიიღებს მონაწილეობას. თუმცა ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის მთავარი ამოცანა რუსეთის ხელისუფლებასთან სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ ახალი ხელშეკრულების („სტარტის“) დეტალების შეთანხმებაა. ჰილარი კლინტონი ასევე შეეცდება მოიპოვოს რუსეთის მხარდაჭერა ირანის წინააღმდეგ სანქციების საკითხში.

18 მარტის დილით ჰილარი კლინტონი მოსკოვში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ დმიტრი მედვედევსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან გამართა შეხვედრებს. დღის წესრიგის მთავარი საკითხებია ბირთვული იარაღის შესახებ ხელშეკრულება და ირანი. არ არსებობს ინფორმაცია იმის თაობაზე, შეხვდება თუ არა კლინტონი რუსეთის ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ ფიგურას, პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს.

რუსეთში იმყოფება ასევე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ბან კი მუნი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ახლო აღმოსავლეთის კვარტეტის შეხვედრაში, რომელიც ევროკავშირის, რუსეთის, გაერთიანებული ერებისა და შეერთებული შტატების მონაწილეობით გაიმართება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ კვარტეტი ყველაფერს გააკეთებს, რათა ისრაელსა და პალესტინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყოს.

„კვარტეტის მონაწილეები შემართულნი ვართ საიმისოდ, რომ მივიღოთ დოკუმენტი, ძალიან კონკრეტული და არაორაზროვანი პოზიციებით... დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს მსოფლიო საზოგადოების მიერ მიღებულ ყველა წინა ვალდებულებას ისრაელსა და პალესტინელებს შორის პირდაპირი მოლაპარაკების პირობებსა და პარამეტრებთან დაკავშირებით. კვარტეტის მონაწილეები აღსავსე ვართ შემართებით, რათა მივაღწიოთ იმას, რომ ეს პრინციპები არა მხოლოდ გაგებული იქნეს, არამედ ცხოვრებაში გატარდეს და განხორციელდეს.“

თუმცა ამჯერად კლინტონის მთავარი ამოცანა არ არის მონაწილეობა მიიღოს ახლო აღმოსავლეთის მოწესრიგების საკითხის განხილვაში. ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად რჩება რუსეთთან სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების, „სტარტის“, განახლება, რომელსაც ვადა გასული წლის დეკემბერში გაუვიდა.

13 მარტს, პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და მის რუს კოლეგა დმიტრი მედვედევს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ, თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, ლიდერები დარწმუნებულნი არიან, რომ ხელშეკრულებას ხელი მალე მოეწერებაო.

იგივე გაიმეორა მოსკოვში მყოფმა ჰილარი კლინტონმა კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან, შეხვედრის შემდეგ:

„როგორც ჩვენი შუამავლების სიტყვებიდან და ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებების ბოლო რაუნდიდან ჩანს, ჩვენ ვაღწევთ არსებით პროგრესს ახალი „სტარტის“ ხელმოსაწერად და გვჯერა, რომ მალე მივალთ საბოლოო შეთანხმებამდე.“

ამასთან, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ ახალ ხელშეკრულებას ხელს ორი ქვეყნის პრეზიდენტები - ბარაკ ობამა და დმიტრი მედვედევი - მოაწერენ. თუმცა კლინტონმა თავი შეიკავა დაესახელებინა ხელმოწერის თარიღი, რადგან საბოლოო შეთანხმებას ჯერ კიდევ აბრკოლებს აზრთა სხვადასხვაობა.

რუსეთმა წამოაყენა პირობა, რომ ახალ ხელშეკრულებაში ჩაიწეროს უფლება, გავიდეს ხელშეკრულებიდან, თუკი შეერთებული შტატები დაარღვევს პირობას. კრემლისათვის განხეთქილების ვაშლად იქცა ვაშინგტონის გეგმა განალაგოს ანტისარაკეტო სისტემების ცალკეული სეგმენტები რუმინეთში.

ჟურნალმა „ტაიმმა“ ისიც კი დაწერა, ხომ არ საჭიროებს რუსეთ-შეერთებული შტატების ურთიერთობა ხელახალ გადატვირთვას კიდევ ერთხელო. თუმცა ჰილარი კლინტონმა მოსკოვში გაიმეორა, რომ ურთიერთობების გადატვირთვას უკვე მოჰყვა შედეგად თანამშრომლობა ბევრი მიმართულებით:

„ჩვენ გვჯერა, რომ ურთიერთობების ხელახლა დატვირთვამ მიგვიყვანა უფრო ფართო თანამშრომლობამდე, კოორდინაციამდე და კონსტრუქციულ კონსულტაციებამდე მრავალ საკითხზე, რაც მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის, ისე გლობალური საკითხების მოსაწესრიგებლად, რომელთა წინაშეც ჩვენ ვდგავართ.“

როცა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე საუბრობენ, ანალიტიკოსები ოპტიმისტურად უფრო არიან განწყობილნი, ვიდერ პესიმისტურად - განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთმა საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება მისცა შეერთებულ შტატებს ავღანეთში არსებული თავისი ქვედანაყოფების მოსამარაგებლად. და, რაც ყველაზე მთავარია, რუსეთმა გამოთქვა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სანქციათა პაკეტს ირანის წინააღმდეგ.
თუმცა, რამდენად ოპტიმისტურადაა საქმე რუსეთ-ამერიკას შორის, ამას აჩვენებს ჰილარი კლინტონის ვიზიტი, რომელიც, როგორც ვთქვით, 18 მარტს დაიწყო მოსკოვში.

მანამდე კი, ალბათ, საყურადღებოა სიტყვები, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა: „შეერთებული შტატები აღარ არის ჩვენთვის მტერი, მაგრამ იგი ჯერ კიდევ არ არის მეგობარიო.“ ლავროვის ეს სიტყვები მოჰყავს სააგენტო „ინტერფაქსს“.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG