Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ”სახალხო-მართლმადიდებლური მოძრაობა” ფუძნდება


მალხაზ გულაშვილი, ახალი საზოგადოებრივი ორგანიზაციის ”სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა” დამფუძნებელი, მედია ჰოლდინგ ”ჯორჯიან ტაიმსის” მფლობელი
მალხაზ გულაშვილი, ახალი საზოგადოებრივი ორგანიზაციის ”სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა” დამფუძნებელი, მედია ჰოლდინგ ”ჯორჯიან ტაიმსის” მფლობელი
თბილისში დაფუძნდა ახალი საზოგადოებრივი ორგანიზაცია - ”სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა”, რომელსაც სათავეში ჩაუდგა მედია ჰოლდინგ ”ჯორჯიან ტაიმსის” მფლობელი მალხაზ გულაშვილი. სხვანაირად მოძრაობის წევრები საკუთარ თავს ”ხალხოსნებს” უწოდებენ და მართლმადიდებლური ღირებულებების გადასარჩენად ბრძოლას იწყებენ.

”სახალხო-მართლმადიდებლური მოძრაობის” დეკლარაციაში წერია, რომ საქართველოს მომავალი საფრთხეშია და რომ ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად მოძრაობას შემდეგი მიზნები აქვს განსახორციელებელი: ერში მართლმადიდებლურ-ეროვნული სულისკვეთების განმტკიცება; ”კონკორდატის” რეალური ამოქმედება; კონსტიტუციური მონარქიის ხელშეწყობა; ეკლესიისა და მრევლის, სასულიერო და საერო პიროვნებების უფლებათა დარღვევის ფაქტების საინფორმაციო ბანკის შექმნა და რეაგირება.

”ჩვენი მიზანია დავიცვათ მართლმადიდებელი მრევლის უფლებები, იმიტომ რომ პირდაპირი შეტევა ხორციელდება მართლმადიდებლურ ეკლესიასა და ავტორიტეტებზე. დავიცავთ ამ რელიგიას, რომელთანაც ასოცირებულია ქართველობა და რომელსაც ებრძვიან ფსევდოლიბერალები”, - ამბობს მოძრაობის ხელმძღვანელი მალხაზ გულაშვილი.

რელიგიური საკითხების გარდა, მოძრაობის დამფუძნებლებისათვის აქტუალურია სოციალური პრობლემებიც.

გულაშვილის გუნდში სხვადასხვა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი წარსულის მქონე ადამიანები მოხვდნენ - მაგალითად, მწერალი ელიზბარ ჯაველიძე; ყოფილი სახალხო დამცველი და ”სოციალისტური პარტიის ყოფილი წევრი” ნანა დევდარიანი; პოლიტიკოსი, სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე; ჟურნალისტი ირმა ინაშვილი. მათ მხარდამჭერებს შორის არის მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი. ელიზბარ ჯაველიძისათვის ამ მოძრაობაში ჩაბმის მოტივაცია, მისი თქმით, ქართული ფასეულობების აღდგენისათვის ბრძოლაა: ”ცოტა ხანში ქართველი ქართველობას და ეროვნულობას დაკარგავს, ზნეობას, ტრადიციებს და დარჩება გამოშიგნული რობოტი, რომელსაც არც სამშობლო ეყვარება, არც ოჯახი. აი, ეს ტენდენცია მაწუხებს. ჩვენ კარდაკარ ვივლით, რომ ეს ტენდენცია შევცვალოთ.”

მოძრაობის და მისი წევრების აზრით, დღეს ქვეყანაში ფსევდოლიბერალიზმი სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების გარეშე დაამკვიდრეს. ერთ-ერთი სამიზნე სწორედ ეს ფსევდოლიბერალები არიან. ნანა დევდარიანის აზრით კი, ერი, რომელიც არ დაიწყებს იმის გარკვევას, თუ რა ფასეულობებზე უნდა იდგეს სახელმწიფო, დასაღუპად განწირულია.

ამ მოძრაობაში, მალხაზ გულაშვილის თქმით, ერთ თვეში 5000 ადამიანი გაწევრიანდა. ორგანიზაცია არის თვითდაფინანსებაზე და საწევრო გადასახადი ერთ ადამიანზე ორი ლარია. „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა“ პოლიტიკაში ერთ გუნდად მოსვლას არ გეგმავს, თუმცა, როგორც მისი ერთ-ერთი წევრი, ნანა დევდარიანი, აცხადებს, ისინი თანამშრომლობას გეგმავენ ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან, ვისთანაც საერთო ენას გამონახავენ ცალკეულ საკითხებზე.

„სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ მომავლის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი ექსპერტი რელიგიის საკითხებში ბექა მინდიაშვილი. მისთვის მიუღებელია როგორც მოძრაობის ღირებულებები, ასევე მათი საქმიანობის ხასიათი: ”ჩემი აზრით, აბსოლუტურად უიდეალო და ღირებულებებს მოკლებული ადამიანები არიან, რომლებსაც სხვა სფერო სამოღვაწეოდ აღარ დარჩათ, გარდა ამ პოპულიზმისა, მართლმადიდებლობისა და ნაციონალიზმის სახელით. მათი მიზნები უფრო ფუნდამენტალისტურ მიზნებს წააგავს, რაც გულისხმობს რელიგიის საფუძველზე კონსტრუირებულ იდეოლოგიას, რომელსაც იყენებს პოლიტიკა თავის ინსტრუმენტად და რასაც რელიგიასთან არანაირი კავშირი არა აქვს. თუმცა ამ ფუნდამენტალიზმში, მართლმადიდებლური მომენტის გარდა, მონაწილეობს ასევე რუსული კომპონენტი, რადგან ეს ადამიანები გამოირჩევიან პრორუსულობით, და კიდევ მონაწილეობს ისეთი სეგმენტი, როგორიცაა პოსტსაბჭოთა ინტელიგენცია, და ამ ნაზავმა, მე ძალიან მეეჭვება, რომ რაიმეს მიაღწიოს საქართველოში.”

”სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის”, როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაციის, პრეზენტაცია ერთ თვეშია დაგეგმილი. მოძრაობის წევრები ელიან, რომ მათი რიგები ამ დროის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზრდება.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG