Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 26 მარტი 2010


”რეზონანსში” წაიკითხავთ ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის საბჭოს 25 მარტის სხდომის შესახებ. მასზე 13 მარტს ”იმედის” ეთერში გასული ”სპეციალური რეპორტაჟის” წამყვანის, ქარტიის წევრ ნათია კობერიძის მიერ ეთიკის დარღვევის საკითხი უნდა განეხილათ. გაზეთი სრულად აქვეყნებს ქარტიისა და ნათია კობერიძის კითხვა-პასუხს. სხდომაზე კობერიძის მიუსვლელობის გამო მისმა მოწილეებმა მას წერილობით გაუგზავნეს შეკითხვები და ამავე სახით მიიღეს პასუხებიც. მეხუთე შეკითხვაზე: ”ხართ თუ არა გადაცემა ”სპეციალური რეპორტაჟის” თანაავტორი”, - კობერიძე პასუხობს: ”დიახ, მე გახლავართ სპეციალური რეპორტაჟის თანაავტორი”. მოგვიანებით კი, მეთერთმეტე შეკითხვაზე: ”მიგაჩნიათ თუ არა, რომ სხვა ქვეყნების დიპლომატებისა და ოფიციალური პირების გამოსახულებაზე იმ ტექსტის დადება, რომელიც მათ არ უთქვამთ, იყო პროფესიული სტანდარტის დარღვევა”, კობერიძის პასუხია: ”ქრონიკის” ნაწილზე პასუხს არ ვაგებ. ზოგადად, აქაც ტიტრის პრობლემას ვხედავ. თუ საზოგადოებას ეცოდინებოდა, რომ ეს დიპლომატებმა კი არ თქვეს, არამედ ჟურნალისტებმა დაუშვეს, სადავოც არაფერი იქნებოდა, მათ შორის - სტანდარტიც.”

გუანტანამოს ციხის სამი ყოფილი პატიმრის საქართველოში ჩამოყვანის ამბავი დღევანდელ პრესაშიც განიხილება. ”ალიანსი საქართველოსთვის” წარმომადგენელი, მემარჯვენე მამუკა კაციტაძე საქართველოს მსგავს საერთაშორისო პროექტებში - მათ შორის, ავღანეთის ოპერაციაში - მონაწილეობას დადებითად უყურებს, თუმცა ”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში ის აგრეთვე აღნიშნავს: ”უბედურება ის არის, რომ ჩვენ სხვა მიმართულებით ვერ ვდგამთ ამ ნაბიჯებს. მაგალითად, ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებით ვერ ვდგამთ ამ ნაბიჯებს. რაღაც მასკარადებს ვაწყობთ, შემდეგ ვიმსახურებთ მთელი მსოფლიოს მხრიდან კრიტიკას და ახლა გუანტანამოს სამი პატიმრით გვსურს ეს კრიტიკა მოვხსნათ.”

ამავე თემაზე ”ახალ თაობას” პოლიტოლოგი კახა კაციტაძეც უზიარებს თავის მოსაზრებას. მისი აზრით, ნიშანდობლივია, რომ გუანტანამოს პატიმრებთან დაკავშირებით დასავლეთი რეალურად ქართულ სპეცსამსახურებს უფრო ენდობა, ვიდრე ქვეყნის უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას.

”საქართველოს რესპუბლიკა” ხუთშაბათს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსთან ”ეროვნული საბჭოს” მიერ გამართულ აქციაზე წერს. ავტორი ტექსტს ასე ასრულებს: ”აი, ასე... ჩვენი პატიმრებისთვის ვერ მიგვიხედავს და მოგვივლია და გუანტანამოელი ტერორისტები გვაკლდა, რომლებიც, თურმე, შინაური ცხოველებივით უწყინარნი ყოფილან. ქართული ციხეები კი არ ცარიელდება, გაცილებით მრავალფეროვანი, ეგზოტიკური პატიმრებით დატვირთული და ”მიმზიდველი” ხდება. განა ხედავთ პროტესტის მიზეზს?”

”ვერსიას” საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე მოსაზრებებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ბობოხიძე უზიარებს, საქართველოში რუსეთის ინტერესებზე ლაპარაკობს და ნოღაიდელზე ამბობს: ”მას ყინულმჭრელის ფუნქციას ვაკისრებ. ის არაფერს კარგავს. სხვა პოლიტიკოსები, რომელთაც გარკვეული რეიტინგი აქვთ, ღია ქმედებებს ერიდებოდნენ, რადგან რუსეთთან კოლაბორაციონისტული ურთიერთობების გამო შეიძლება ის მცირე რეიტინგიც დაჰკარგვოდათ. ნოღაიდელს კი დასაკარგი არაფერი ჰქონდა და ამიტომ ამ ურთიერთობების ლეგალიზება მოახდინა.”

”პასპორტები პასპორტიზაციისთვის” - ეს ”24 საათის” პუბლიკაციის სათაურია. ”ორიოდე კვირის წინათ საქართველოში გაეროს ყოფილი წარმომადგენლის დიტერ ბოდენის პირით აფხაზეთიდან შემოთვლილი წინადადება ქართულმა მხარემ კატეგორიულად უარყო - აფხაზეთი თბილისისგან უცხოეთის პასპორტებისთვის საერთაშორისო ასპარეზზე დაშვების ნებართვას ითხოვდა. დღევანდელ აფხაზურ პასპორტებს მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე აქვთ იურიდიული ძალა”, - წერს ”24 საათი”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG