Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარტიებისა და პოლიტიკოსების არაღიარებული რეიტინგები


აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ლოგო
აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ლოგო
მარტის პირველ ნახევარში, აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ორგანიზებით, სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა საქართველოს მასშტაბით. კვლევის მიზანი, პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების რეიტინგების გარკვევის გარდა, საგარეო ურთიერთობების, ეკონომიკური ცვლილებების, ასევე მედიის ნდობის მიმართ საქართველოს მოსახლეობის განწყობის შესწავლა იყო. მიუხედავად ამისა, წინასაარჩევნო პერიოდში ყველაზე დიდი გამოხმაურება პოლიტიკოსებისა და პარტიების რეიტინგმა გამოიწვია.

ტრადიციისამებრ, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა სოციოლოგიური კვლევის პოლიტიკური ნაწილის შედეგები იმ პარტიებსა და პოლიტიკოსებს გააცნო, რომლებსაც ეს რეიტინგი უშუალოდ შეეხება. ინსტიტუტის საქართველოს განყოფილების წარმომადგენლის მაკა შენგელიას განცხადებით, კვლევის შედეგებს ოფიციალურად რამდენიმე კვირის შემდეგ გამოაქვეყნებენ. მანამდე კი არც ადასტურებენ და არც უარყოფენ საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული მონაცემების სიზუსტეს:

”პარტიებს რაც შეეხება, ჩვენ გვაქვს ასეთი პოლიტიკა, პარტიებს ცალ-ცალკე ვაწვდით თავიანთ მონაცემებს. მათ ერთმანეთის შედეგები არ იციან.”

მიუხედავად ამისა, საინფორმაციო საშუალებებში ძირითადი პარტიებისა და პოლიტიკოსების რეიტინგები შეჯამებული სახით გავრცელდა. საქართველოს მასშტაბით გამოკითხული 1800 მოქალაქის აზრის გამოკვლევის შედეგად, გაირკვა, რომ უახლოეს არჩევნებში მათი 36 პროცენტი ხმას ნაციონალურ მოძრაობას მისცემდა.

10 პროცენტი ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას ენდობა, ხოლო მესამე შედეგი, 8 პროცენტი, წილად ხვდა ლეიბორისტულ პარტიას. ლეიბორისტების ერთ-ერთი ლიდერი, ნესტან კირთაძე, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის შედეგებს ეჭვქვეშ აყენებს:

”გაყალბებული და ფალსიფიცირებულია ყველა შედეგი, რომელსაც, სამწუხაროდ, ეს ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტი აქვეყნებს. ლეიბორისტული პარტიის 8 პროცენტი არ შეესაბამება სინამდვილეს. არაარჩევნების დროს მისი მუდმივი პროცენტი გახლავთ 15-17 პროცენტი, არჩევნების დროს კი 25-27 პროცენტიდან მიდის მაღლა.”

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის შედეგებს ეჭვქვეშ არ აყენებს რეიტინგის მიხედვით მეორე ადგილზე გასული ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, თუმცა კი მისი ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ახვლედიანი, აცხადებს, რომ თბილისის მერობის კანდიდატთა რეიტინგში მათ წარმომადგენელს, გიორგი ჭანტურიას, უფრო მაღალი შედეგი აქვს:

”გია ჭანტურიას რეიტინგი - ეს არის 15 პროცენტი, რაც მზარდია, იქიდან გამომდინარე, რომ ეს კვლევა ჩატარდა მაშინ, როდესაც ამომრჩეველი გია ჭანტურიას პროგრამას არ იცნობდა. შესაბამისად, ამ პროგრამის გაცნობის შემდეგ ეს მაჩვენებელი გაიზრდება.”

თბილისის მერობის კანდიდატთა რეიტინგში პირველ პოზიციაზეა ამჟამინდელი მერი გიგი უგულავა - 46 პროცენტით. როგორც თავად უგულავა, ასევე მმართველი პოლიტიკური ძალის, ნაციონალური მოძრაობის, წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ მათთვის მთავარი საქმის კეთებაა და არა რეიტინგების მონაცემები. ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ზურაბ მელიქიშვილის კომენტარი:

”ბუნებრივია და სახეზეა არსებითი განვითარება, მაგრამ გასაკეთებელი ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს. აი, ამისკენ ვართ ჩვენ მოწოდებულები.“

დედაქალაქის მერობის კიდევ ერთი ოპოზიციონერი კანდიდატი ირაკლი ალასანია კი აღნიშნავს, რომ რეიტინგის შედეგებზე მეტად დიდ ყურადღებას ამომრჩევლის განწყობას ანიჭებს, რომელსაც ის მათთან შეხვედრებზე ამჩნევს. ალასანიას ალიანსი პარტიათა რეიტინგში მეოთხე პოზიციაზეა.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის შედეგებს გაყალბებულს და არარეალურს უწოდებს ოპოზიციური გაერთიანება ”ეროვნული საბჭოს” ერთ-ერთი ლიდერი, კახა კუკავა. კვლევის შედეგებს და მის მეთოდოლოგიას აკრიტიკებს სოციოლოგი რამაზ საყვარელიძეც:

”ამ შემთხვევაში იმდენად გაუგებარია რას ისახავდა მიზნად ეს კითხვა და იმდენად დაუდევარი შეცდომაა შიგნით ჩადებული, რომ კითხვის ნიშნები ზოგადად ამ გამოკვლევის თაობაზე კიდევ უფრო მრავლდება.”

მისგან განსხვავებით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის შედეგებს ეჭვქვეშ არ აყენებს სოციოლოგი ემზარ ჯგერენაია. მისი აზრით, პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების რეიტინგები დღეს არსებულ წინასაარჩევნო ვითარებას მეტ-ნაკლებად ობიექტურად ასახავს.
XS
SM
MD
LG