Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შეიძლება შეცვალოს შუა აზიაში ბან კი მუნის სტუმრობამ უფლებების დაცვის კუთხით?


გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი მუნი
გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი მუნი
დღეს დაიწყო ცენტრალური აზიის ქვეყნებში გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი მუნის ტურნე - ამ რეგიონში მისი პირველი ვიზიტი, რომლის დღის წესრიგის მთავარ თემებადაც წყლის რესურსების განაწილებასა და რეგიონულ თანამშრომლობას ასახელებენ. თუმცა, უფლებადამცველები იმედოვნებენ, რომ ბან კი მუნი უყურადღებოდ არ დატოვებს არც ადამიანის უფლებების საკითხს.

ცენტრალურ აზიაში ბან კი მუნის გამგზავრებამდე, მას ავტორიტეტიანმა ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩმა“ მოუწოდა, რეგიონის ლიდერებთან საუბრების დროს წამოჭრას ყველაზე მწვავე პრობლემები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.

ჩვენი რადიოს თურქმენულ სამსახურთან საუბარში „ჰიუმან რაითს უოჩის“ წარმომადგენელმა, რეიჩელ დენბერმა განაცხადა: „ვფიქრობ, რომ თუ გაეროს გენერალური მდივანი - მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ორგანიზაციის ლიდერი - ადამიანის უფლებების საკითხებს წამოჭრის, ეს ხაზს გაუსვამდა ამ საკითხების მნიშვნელობას. ჩემი აზრით, შუა აზიის ლიდერებს ძალიან გაუჭირდებოდათ, გაამართლონ ადამიანის უფლებების გამო შეშფოთების უყურადღებოდ დატოვება, როცა ეს შეშფოთება გამოთქმული აქვს ისეთ მნიშვნელოვან ადამიანს, როგორიც გაეროს გენერალური მდივანია“.

რეიჩელ დენბერი იმედოვნებს, რომ გაეროს გენერალური მდივანი ტურნეს პირველივე ვიზიტის დროს, აშხაბადში, ისარგებლებს შემთხვევით და თურქმენეთის პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუხამედოვს დაელაპარაკება უფლებადამცველებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე: „იმედი გვაქვს, რომ გენერალური მდივანი წამოჭრის საკითხებს, როგორიცაა თურქმენეთში საერთაშორისო მონიტორინგის დაშვება, თურქმენეთის მთავრობის მიერ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საჭიროება, საჭიროება იმისა, რომ თურქმენეთის მთავრობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით, გამჭვირვალედ ჩაატაროს, ჯერ კიდევ პრეზიდენტ ნიაზოვის პერიოდიდან მოყოლებული, პოლიტიკურ პატიმართა საქმეების გადასინჯვა“.

აშხაბადიდან ბან კი მუნი 3 აპრილს ყირგიზეთში ჩავა, შემდეგ კი უზბეკეთში - ქვეყანაში, რომელიც ბოლოხანს იქნა გაკრიტიკებული გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ იმის გამო, რომ ჯერაც სათანადოდ არ არის გამოძიებული ქალაქ ანდიჟანში დემონსტრაციის სისხლში ჩახშობა, იმ ტრაგიკული ამბებიდან ხუთი წლის შემდეგ...

ამას გარდა, როგორც „ჰიუმან რაითს უოჩის“ წარმომადგენელი ამბობს, უზბეკეთში კვლავაც გრძელდება სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიები და უფლებადამცველი იმედოვნებს, რომ ბან კი მუნი წამოჭრის ამ საკითხს პრეზიდენტ ისლამ ქარიმოვთან მოლაპარაკებისას.

ყველა ასე იმედიანად არ არის განწყობილი. მიმომხილველების ნაწილი შიშობს, რომ ბან კი მუნის ვიზიტი ცენტრალური აზიის ლიდერების მხარდაჭერას უფრო ემსახურება, ვიდრე ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ პროგრესს. ამ ვარაუდის საფუძვლად ასახელებენ გაეროს გენერალური მდივნის შარშანდელ ვიზიტს ბირმაში, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რეპრესიული რეჟიმი მართავს. ბან კი მუნის ვიზიტს დიდ იმედებს უკავშირებდნენ- როგორც გაირკვა, ამაოდ. მის სტუმრობას რაიმე გარღვევა არ მოჰყოლია.

უზბეკეთის შემდეგ გაეროს გენერალური მდივანი ტაჯიკეთს ეწვევა. ამ ორ ქვეყანას შორის მწვავე დაპირისპირებას იწვევს ტაჯიკეთში მშენებარე როგუნის ჰიდროელექტროსადგური, რომელსაც ტაშკენტი აკრიტიკებს წყლის რესურსების უსამართლოდ განაწილების ბრალდებით. საერთოდ, წყლის რესურსები, საზღვრების, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის საკითხებთან ერთად შუა აზიის რესპუბლიკებს შორის დაძაბულობას იწვევს.

აპირებს თუ არა ბან კი მუნი შუამავლობას ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის დაძაბულობის განსამუხტად? ამ შეკითხვით ჟურნალისტებმა მიმართეს ბან კი მუნის პრეს-მდივანს, მარტინ ნესირკის. მან პასუხად განაცხადა, რომ წინასწარ არ იცის, კონკრეტულად რას შეეხება საუბრები, რეგიონული თანამშრომლობა, რომელიც მანამდე ახსენა, „საკითხების ფართო სპექტრს მოიცავს, მათ შორის წყლის რესურსებსა და იმას, თუ როგორ შეუძლიათ ქვეყნებს ერთმანეთთან თანამშრომლობა“.

ცენტრალურ აზიაში ბან კი მუნის ტურნე 7 აპრილს ყაზახეთში დარსულდება.
XS
SM
MD
LG