Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვახტანგ ხუციძე - ექიმი


7 თებერვალი, კვირა
არც ეს ღამე იყო გამონაკლისი: სიზმარში ისევ ოპერაციები გავაკეთე. ეტყობა, ისე მექავება ხელები, რომ რასაც დღისით ვერ ვასწრებ, ღამე სიზმარში ვინაზღაურებ. თუმცა, ამ კვირაში ოთხი ოპერაცია მაქვს დაგეგმილი. ცუდი არ არის, მაგრამ ზღვაში წვეთია იმ დროსთან შედარებით, როცა კვირაში 20-25 ოპერაციას ვაკეთებდი.
რას იზამ! დრონი მეფობენო, ნათქვამია.
დილა უჩვეულოდ ჩუმი და თოვლიანი გათენდა. ზამთარს წყნეთში სხვა ხიბლი აქვს. თუმცა დისკომფორტიც ახლავს. შაბათ-კვირა, ჩვეულებრივ, ჩემს მეგობარ მაქსთან ურთიერთობით იწყება. მაქსი ჩვენი მეზობლის ნაგაზია, თითქმის სულ მარტოა. ჰოდა, ერთმანეთთან ურთიერთობა ძალიან გვსიამოვნებს. გადმოდებს ხოლმე ჩვენს ღობეზე თავს და მელაპარაკება. დღეს კი მუხლამდე თოვლის გამო მაქსი და მე ჩვენ-ჩვენ „ვოლიერებში“ დავჩით.
თავისუფლების დღიურები - ვახტანგ ხუციძე
please wait

No media source currently available

0:00 0:07:03 0:00

ვეღარც ჩემი მეგობრები ამოვიდნენ სტუმრად - ლევან ჭაჭიაშვილი და ბაადურ რაჭველიშვილი. ლევანი თავის თეთრ „ჟიგულის“ ვერ ღალატობს. „ჟიგული“ კი ლევანს სულ უფრო ხშირად ღალატობს, განსაკუთრებით - თოვლიან ამინდში.
დღე ბუხართან ჯდომაში და კითხვაში გავიდა. საღამოს ის-ის იყო, ტელევიზორის პულტი დავისაკუთრე და ცხოველებზე გადაცემას მივაგენი, რომ მაიკომ დარეკა - რუსეთზე გადართეთო. გადაცემაში „Танцы со звездами“ სოფო შევარდნაძე ცეკვავდა სამეჯლისო ცეკვებს. ისე მოხიბლა ჟიურის წევრები, რომ ხან სოფიკო ჭიაურელს შეადარეს, ხანაც - სოფი ლორენს. ისიც უთხრეს, შენ თუ ასე იცეკვე, რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეისები აღდგება და ყოველდღიურიც გახდებაო. საოცრად ნიჭიერი და მომხიბვლელი გოგოა! ისე, ცხვირის წვერს ოდნავ შევეხებოდი...

8 თებერვალი, ორშაბათი
დღეს ორშაბათია. მძიმე დღეაო, ამბობენ. მე ასე არასოდეს მიფიქრია. არც მგზავრობას მოვრიდებივარ და არც საქმის კეთებას. სამსახურში ამ დღეს მიღების დღე გვქონდა ხოლმე.
ერთ ასეთ ორშაბათს ჩემთან ზესტაფონელი ბიჭი მოვიდა. ამ კაცს ყველაზე გრძელი ცხვირი ჰქონდა ჩემს პრაქტიკაში - ლამის ქვედა ტუჩის ბოლომდე ჩამოსული! ქართველი სირანო დე ბერჟერაკი იყო.
ამ ცხვირის ფოტოებზე გაგიჟდა იაპონელი პლასტიკური ქირურგი ფუმიო - ასეთი ცხვირი თუ არსებობდა ბუნებაში, ვერ წარმოვიდგენდიო! მოკლედ, ოპერაცია გავუკეთე და შედეგიც კარგი გამოვიდა.
და ერთ დღესაც, 20 წლის შემდეგ, იმავე სახით და იმავე ცხვირით გამომეცხადა ახალგაზრდა - შვილი ყოფილა. რა თქმა უნდა, მასაც გავუკეთე ოპერაცია და ისიც მამასავით ბედნიერი წავიდა.
დღეს საღამოს ახალი გადაცემა აჩვენეს „რუსთავი 2“-ზე - „ნიჭიერი“. ასეთი უნიჭობა ჯერ არ მინახავს! სცენაზე 40 ხინკლის ჭამის პრეზენტაცია სადაური ნიჭია?! სირცხვილი კი ნამდვილად არის.
გემოვნება დღითიდღე დეგრადირებს.
იუმორიც...

9 თებერვალი, სამშაბათი
დღეს ჩვეულებრივი დღე იყო. ერთი ოპერაცია, ერთი გადახვევა, ერთიც - ჩვენი საავადმყოფოს ირგვლივ გაშლილ ბაზრობაზე გამართული მუშტი-კრივის შედეგად გატეხილი ცხვირის ჩასწორება.
ეჰ, რა წყნარი და კარგი ტერიტორია ჰქონდა ჩვენს საავადმყოფოს! ხალხიც ადვილად და სიამოვნებით მოდიოდა ხოლმე. ზოგი - რამდენჯერმეც.
ერთი უკრაინელი პაციენტი მყავდა - ულამაზესი ქალი, გვარად შტოკალო. დედა ცნობილი მათემატიკოსი ჰყავდა, ბაბუა - აკადემიკოსი. ცხვირიც ლამაზი ჰქონდა, ტანიც და ფეხიც. მაგრამ თავისებური ქალი იყო, განებივრებული. თავისი გაიტანა და ცხვირი დამაპატარავებინა. კმაყოფილი წავიდა, მაგრამ 6 თვეში დაბრუნდა - ახლა კეხი გამიკეთეო. ამაზეც დამითანხმა. ერთი წელი გავიდა და ისევ ჩამოფრინდა - ახლა ისეთი ცხვირი მინდა, რომ მტაცებელ ფრინველს დავემსგავსო, დიქტორობას ვაპირებ და მაყურებელი უნდა მოვნუსხოო. პატარა ცხვირისგან მიმინოს ნისკარტი როგორ გამომივიდა, თვითონაც არ ვიცი, მაგრამ ამის მერე აღარ ჩამოსულა - ეტყობა, კმაყოფილია.
ბაზრობის გამო, ახლა ისე გართულდა კლინიკამდე მისვლა, რომ დაგვიანების გარეშე გამოცხადება ნამდვილი გმირობის ტოლფასია - ექიმებისთვისაც და პაციენტებისთვისაც.
პროთეზისტმაც დააგვიანა. ბოლო წლებია, სულ იმაზე ვფიქრობ, ხვრინვას როგორ ვუშველო. ქირურგიამ არ გაამართლა და თითქოს მივაგენი კიდეც გამოსავალს პროთეზის სახით, რომელსაც ჩაიდგამ კაცი პირის ღრუში ძილის წინ და აღარც სხვას შეაწუხებ და თვითონაც უკეთესად დაიძინებ. თუმცა სამუშაო ჯერ ბევრია, რომ ფორმაც დაიხვეწოს და მასალაც ისეთი შეირჩეს, რომ დისკომფორტი არ შეუქმნას ადამიანს.

10 თებერვალი, ოთხშაბათი
დილა გემრიელი საუზმით დაიწყო. სამსახურისკენ მივდივარ. ნისლია... და საშინელი საცობი გმირთა მოედანზე. ისევ ყველაფერი გადათხრილია. ნეტავ, ამჯერად რა კეთდება?

11 თებერვალი, ხუთშაბათი
დილით, 10 საათზე, მაიკომ გამომიარა და სამსახურში ერთად წავედით. წვიმიანი და ტალახიანი ამინდი იყო. კლინიკის შესასვლელთან სასიამოვნოდ გაკვირვებულები დავრჩით. ჭიშკრის კარებზე გაფუჭებული ზამბარა ვიღაცას გულმოდგინედ დაუმაგრებია. გავიხედ-გამოვიხედეთ და გაღიმებული სახის მიხედვით მივხვდით, ვინ იყო „ავტორი“- ბაზრობის ერთი თანამშრომელი. ასეთებიც ხდება...
დღეს ორი ოპერაცია მქონდა. პირველი სასაცილო იმერელ ბიჭს გავუკეთე - სოფელ საზანოდან. ერთდროულად სამი ოპერაცია გავუკეთე - ცხვირის, ტუჩის და ძგიდის. ოპერაციის მერე ჩემი სახლის ტელეფონი მივეცი - თუ რამე დაგჭირდა დამირეკე-მეთქი. მე თქვენი შვილიშვილის ტელეფონიც მინდაო - დიდი მაიმუნი ბიჭია!
მეორე ოპერაციამაც კარგად ჩაიარა. სამსახურიდან 5 საათზე გამოვედით. აფთიაქში გავიარეთ და მაიკოს დედამთილის, ლეილას დასახმარებლად წავედით. წელის ტკივილმა შეაწუხა ძალიან. ბლოკადაც გავუკეთეთ და კარგადაც დავზილეთ: ნეტა მამაჩემის წამალი მომცა ახლა!
მამა კარგი ფარმაცევტი იყო, სასწაული რეცეპტები იცოდა! წელის დასაზელი საშუალებაც ჰქონდა ისეთი, რომ სულ ნაპერწკლებს გაყრევინებდა თვალებიდან, მაგრამ უებარი.
ახლა რომ ვიხსენებ, თავის საიდუმლოებებს ყველა სიამოვნებით მიზიარებდა, ალბათ იმიტომ, კონკურენტი არ ვიყავი: ტოკიოში ექიმი ფუმიო, პარიზში ექიმი ვიდალი, მექსიკაში - ალეხანდრო დე რიკა.
ალეხანდრო გენიალური ქირურგი იყო. ბევრი რამ მაჩვენა და მასწავლა 1965 წელს, ჩვენი იქ მოგზაურობის დროს. რესტორანშიც დაგვპატიჟა ნუნუ და მე. მივირთმევდით შემწვარ მანგოს და ვუსმენდით არაჩვეულებრივ ტრიოს - „ლოს მეხიკოს“. მომეჩვენა, რომ ძალიან მეცნობოდნენ ეს მუსიკოსები. როგორც გაირკვა, მართლაც თბილისიდან მეცნობოდნენ. თურმე სპორტის სასახლეში ჰქონოდათ კონცერტი. ჩვენს საპატივცემულოდ სამ ხმაში შეასრულეს „თბილისო“.
დაუვიწყარი საღამო იყო!
კიდევ ის გამახსენდა, კუბაში რომ ვიყავით. საოცარი ქვეყანაა - ყველა ცეკვავს, ქალი თუ კაცი. ქუჩაში მიდიან და ცეკვავენ. არ შეიძლება, არ აგიყოლიოს ამ განწყობამ. მოკლედ ერთ ვახშამზე ისე მოვილხინეთ, რომ მეც მაგიდაზე ავედი და ვიცეკვე.
წყნეთში მოსაღამოვდა, ბუხარში მწვადი შევწვით.
კიდეც დაღამდა. გრძელი დღე იყო...

12 თებერვალი, პარასკევი
თოვს. ნუნუს მანქანა ფრთხილად მიიკვლევს გზას თბილისისკენ. კიდევ უფრო ფრთხილად მოიკვლევს - უკან. საღამოს კარგად მოყინა. მით უფრო სასიამოვნოა ბუხართან ჯდომა და ელენეს წერილების კითხვა. ელენე ჩემი შვილიშვილია. გლობალურ კომუნიკაციებს სწავლობს პარიზში - ამერიკულ უნივერსიტეტში.
ნუნუს თხოვნით, ჩვენთან რუსულად ურთიერთობს. ინგლისურმა, გერმანულმა და ფრანგულმა რუსული ისე შეავიწროვა, რომ ვსხედვართ და გულიანად ვხარხარებთ ელენეს სტილისტურად უნაკლო, მაგრამ გრამატიკული შეცდომებით სავსე წერილებზე.
მერე ნუნუ ქსეროქსზე იღებს ელენეს წერილებს, ასწორებს შეცდომებს და უკან უგზავნის.
მომენატრა...

13 თებერვალი, შაბათი
ისევ სიზმრები. ისევ თოვლი.
ბუხარი და ტელევიზორი.
საწოლის თავზე ელენეს ნაჩუქარი „სიზმრების დამჭერი“ ჰკიდია. ეგებ ამაღამ „დაიჭიროს“ ოპერაციებით სავსე სიზმრები.
ხვალ დილით ბიჭები ამოვლენ ხაშზე. მწვადსაც შევწვავთ, ღვინოსაც გეახლებით, ცოტას ვიკამათებთ და ისევ სიამოვნებით მოვისმენთ უკვე კარგად ნაცნობ და ბევრჯერ მოსმენილ ამბებს.
XS
SM
MD
LG