Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ტიტების მთავრობის" დასასრული


ყირგიზეთის ოპოზიციის ლიდერი, ტემირ სარიევი აცხადებს, რომ მთავრობა გადადგა და პრეზიდენტი ყურმანბეკ ბაკიევი დედაქალაქიდან გაიქცა. სარიევის თქმით, შექმნილი ახალი მთავრობა, რომელსაც ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი როზა ოტუნბაევა ჩაუდგა სათავეში.

ყირგიზეთის ოპოზიციის თანახმად, ბიშკეკში მომხდარ ანტისამთავრობო გამოსვლებში დაღუპულია ასამდე ადამიანი. ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადასტურა რომ დაიღუპა 40 ადამიანი და 400-მდე დაიჭრა.

ჩვენი რადიოს კორესპონდენტი ბიშკეკიდან იუწყება, რომ დემონტრანტებმა ხელში ჩაიგდეს მთავრობისა და პარლამენტის შენობები. მათ დაიკავეს ასევე პროკურატურის შენობა, დაწვეს დოკუმენტები და შენობას ცეცხლი წაუკიდეს.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ისა ომურკულოვმა ჩვენი რადიოს ყირგიზულ რედაქციას უთხრა, რომ გათავისუფლებული არიან ოპოზიციონერები, რომლებიც სამშაბათიდან მოკიდებული იყვნენ საპატიმროში. მათ შორის არიან სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ალმაზ ატამბაევი და პარტია ატა-მეკენის ლიდერი ომურბეკ ტეკებაევი.

მანამდე ბაკიევმა ბიშკეკსა და კიდევ სამ ქალაქში საგანგებო ვითარება გამოაცხადა მას მერე, რაც ანტისამთავრობო გამოსვლები ძალადობაში გადაიზარდა.

როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი იტობინება, ჩრდილო-დასავლეთ ყირგიზეთის ქალაქ თალასში, ხალხმა ადგილობრივი პოლიციის შენობის წინ სცემა შინაგან საქმეთა მინისტრი მოლდომუსა კონგანტიევი და გუბერნატორი ბეიშენ ბოლოტბეკოვი. დემონსტრანტებმა ეს შენობაც დაიკავეს.

კონგანტიევი თალასში ჩავიდა მას მერე, რაც წუხელ საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებმა იქ ადგილობრვი ხელისუფლების შენობა ჩაიგდეს ხელში. ხელისუფლების ცნობით, ამ აქციის დროს 80-მდე პოლიციელი დაშავდა.
დღევანდელი საპროტესტო გამოსვლები, რომელიც ოპოზიციის მიერ იყო მომზადებული, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა. როგორც იტყობინებიან, ჩრდილო-აღმოსავლეთის ქალაქ ნარინში ათასამდე ადამიანმა ჩაიგდო ხელში ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობა.

კიდევ ერთი დემონსტრაცია გაიმართა ქალაქ ტოკმოკში, ბიშკეკის მახლობლად, სადაც ხალხმა ასევე ხელში ჩაიგდო ადმინისტრაციული შენობა. იგივე მოხდა სამხრეთში მდებარე ქალაქ ოშში.

საპროტესტო გამოსვლებს წინ უსწრებდა დაძაბულობა პრეზიდენტ ბაკიევსა და ოპოზიციას შორის, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. ოპონენტები ბაკიევს ბრალად სდებენ დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვასა და კორუფციის ხელშეწყობაში.

საპროტესტო გამოსვლები ყირგიზეთში
please wait

No media source currently available

0:00 0:02:32 0:00
ბაკიევი ხელისუფლებაში მოვიდა 2005 წლის მარტის ე.წ. „ტიტების რევოლუციის“ შემდეგ. კრიტიკოსთა თანახმად, მან ძალაუფლების საკუთარ ხელში კონსოლიდაცია მოახდინა და მეგობრებსა და ნათესავებს მაღალი საჯარო თანამდებობების დაკავებაში დაეხმარა.

ყაზახეთმა და უზბეკეთმა ყირგიზეთთან საერთო საზღვრებზე უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს.
XS
SM
MD
LG