Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალი კატეგორიულად თხოვს თბილისს მოსკოვის პროექტს დაუჭიროს მხარი


ცხინვალი
ცხინვალი
კავკასიის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი ჟენევის დისკუსიის მე-10 რაუნდი ცხინვალში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა შეაფასა. სპეციალურ ბრიფინგზე მან დისკუსიის დეტალებზე ისაუბრა. ჩოჩიევის თქმით, ჟენევის დისკუსიის ფორმატი ჩიხშია შესული და ოსური მხარე მე-10 რაუნდის ჩაშლასაც ფიქრობდა, მაგრამ რუსული მხარის თხოვნით მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდა, სადაც კატეგორიულად მოითხოვა, რომ ქართულ მხარეს ძალის გამოუყენებლობის თაობაზე რუსეთის მიერ მომზადებული ალტერნატიული პროექტისთვის დაეჭირა მხარი.

ამ პროექტის მიხედვით, ქართულმა, ოსურმა და აფხაზურმა მხარეებმა ცალმხრივად უნდა აიღონ პასუხისმგებლობა ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რასაც არც ქართული, არც ევროპული და არც ამერიკული მხარე არ დათანხმდა, რადგან პროექტში არაფერია ნათქვამი თავად რუსული მხარის პასუხისმგებლობაზე. როგორც ჩოჩიევი აცხადებს, მას უთხრეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პასუხისმგებლობა გარკვევით არის გაწერილი მედვედევ-სარკოზის შეთანხმებით. მიუხედავად ამისა, ჩოჩიევი რუსული პროექტის მხარდაჭერას მოითხოვს და დისკუსიის ფორმატის დატოვებით იმუქრება.

როგორც ცნობილია, მარტის ბოლოს, ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდის მიმდინარეობისას, ქართულმა მხარემ ოსი ეროვნების ექვსი დაკავებული მოქალაქე გაათავისუფლა. ჩოჩიევის აზრით, ქართველმა სამართალდამცავებმა ეს საერთაშორისო ზეწოლის შედეგად გააკეთეს, რათა დისკუსიის ფორმატს დადებითი იმიჯი შექმნოდა. მისი თქმით, ამის მიუხედავად, ოსური მხარე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას იმ დრომდე არ მიიღებს, ვიდრე დაკარგული ოსი მოქალაქეების ადგილსამყოფელი არ დადგინდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი ჩოჩიევის განცხადებებზე პასუხისას მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. მისი აზრით, ოსური მხარე მუდმივად ახალი მიზეზების ძიებაშია, რათა ერგნეთისა და დვანის შეხვედრებში მონაწილეობას არ დათანხმდეს.

ოსური მხარე აგვისტოს ომის და შემდგომ პერიოდში დაკარგულ შვიდ მოქალაქეს ეძებს. ქართველ სამართალდამცავებთან ერთად მათ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამარბერგის მიერ საქართველოში მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტებიც ეძებენ. ამ დროისთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ დაკარგულთა ახლობლებმა და ნათესავებმა როგორც ექსპერტებს, ისე ქართველ გამომძიებლებს ჩვენებები მისცეს.
XS
SM
MD
LG