Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაიმერი და სტამბის უშედეგო შტურმი


6 აპრილიდან 8 აპრილის ჩათვლით, ოპოზიციის ნაწილმა თბილისის მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატების გამოსავლენად სოციოლოგიური გამოკითხვის მეთოდით პრაიმერი ჩაატარა. ხმის მიცემის მონოტონურ პროცესს სიმძაფრე შემატა 8 აპრილს დიღომში სტამბა „თბილისელებთან“ მომხდარმა ინციდენტმა, რომლის დროსაც ერთმანეთს „ეროვნული საბჭოს“ ლიდერები და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. წინასწარი ინფორმაციით, დაპატიმრებულია ოპოზიციის ექვსი აქტივისტი, მათ შორის - „ხალხის პარტიის“ პოლიტიკური მდივანი ალექსანდრე შალამბერიძე.

საპატრულო პოლიცია და ოპოზიციის აქტივისტები ერთმანეთს ბელიაშვილის ქუჩაზე, სტამბა „თბილისელებთან“, დაუპირისპირდნენ. ზურაბ ნოღაიდელი, ზვიად ძიძიგური და კობა დავითაშვილი, მათი მტკიცებით, სტამბაში საკუთარი სააგიტაციო მასალის წასაღებად მივიდნენ.

„გავიგეთ, რომ ის სტამბა, რომელიც დალუქული იყო საგადასახადო სამსახურის მიერ, გაიხსნა და დღეს გვქონდა შესაძლებლობა შევსულიყავით და გამოგვეტანა ჩვენი კუთვნილი დაბეჭდილი მასალა, რომელშიც, სხვათა შორის, ფული გადახდილი გვაქვს. სანამ მივიდოდით ადგილამდე, გახსნილი სტამბა ვიღაცამ ხელახლა დალუქა და პოლიციისთვის უცნობი ამ პირების დალუქულ სტამბას დარაჯობდა საპატრულო პოლიცია“, განაცხადა კობა დავითაშვილმა.

წინააღმდეგობის გაწევის დროს საპატრულო პოლიციამ ოპოზიციის ექვსი აქტივისტი დააკავა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ორი მათგანი, გიორგი სიხარულიძე და ირაკლი იმნაძე, „ეროვნული საბჭოს“ ორგანიზებით ჩატარებულ წინასწარ არჩევნებში საკრებულოს წევრობის კანდიდატებად იყვნენ დასახელებული. პრაიმერი, ანუ წინასწარი არჩევნები, 6 აპრილს დაიწყო და სამი დღე გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში „ეროვნული საბჭოსა“ და პარტნიორი პოლიტიკური ორგანიზაციების აქტივისტებმა შემთხვევითი წესით შერჩეულ 15 ათასამდე ამომრჩეველს მიაკითხეს და საგანგებოდ დამზადებული ბიულეტენები შეავსებინეს.

კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, კახა კუკავას, განმარტებით, წინასწარი არჩევნების მიხედვით, რომლის საბოლოო შედეგები 9 აპრილს გახდება ცნობილი, თბილისელები გადაწყვეტენ „ხალხის პარტიის“ თავკაცი კობა დავითაშვილი იბრძოლებს დედაქალაქის მერობისთვის თუ - კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური.

„ეროვნულ საბჭოში“ ირწმუნებიან, რომ პრაიმერი წარმატებით ჩატარდა, რის დასტურადაც წინასწარი არჩევნების მთავარ კომისიაში უბნებიდან შესულ ათასობით ბიულეტენზე მიუთითებენ. თავმჯდომარის მოადგილის ლადო ბოჟაძის თქმით, „ეროვნული საბჭო“ თბილისში მიღებული გამოცდილების რეგიონებში გადატანასაც აპირებს:

„საჭიროების შემთხვევაში რეგიონებში პრაიმერები 20 აპრილამდე დასრულდება. 21 აპრილს ყველა კანდიდატი შეთანხმებული და გამოცხადებული გვეყოლება, რათა მათი წარდგენა მოხდეს საოლქო კომისიაში.“

თუმცა მანამდე - უფრო ზუსტად კი, 9 აპრილს - „ეროვნული საბჭო“ თბილისში ჩატარებული პრაიმერის შედეგებს გამოაცხადებს. ხვალვე „ეროვნული საბჭოს“ ლიდერები, 8 აპრილს დაკავებული თანამებრძოლების გათავისუფლების მოთხოვნით, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო მსვლელობის მოწყობასაც აპირებენ. ზურაბ ნოღაიდელი კი იმასაც ამბობს, რომ არ შეეგუება ხელისუფლების მხრიდან სტამბების კონტროლს, რაც ოპოზიციას სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების შესაძლებლობას უსპობს:

„ის, რომ სტამბები დაკეტილია, ან ჩვენთვის ორჯერ ძვირი ჯდება სააგიტაციო მასალის დაბეჭდვა, ჩვენთან არ გავა. აქ ლაპარაკია იმაზე, შეგვაშინებენ თუ არა საარჩევნო კამპანიის დროს. ჩვენ ვერ შეგვაშინებენ! სამშაბათსაც იქნება აქცია. თუ საჭირო გახდა, კიდევ იქნება აქციები. ეს ხელისუფლება დაინგრევა და დაიშლება. მერაბიშვილი და სააკაშვილი პასუხს აგებენ მთელი სიმკაცრით. და ყველა იყავით ფრთხილად!“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG