Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამამ და მედვედევმა „სტარტი“ განაახლეს


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ განახლებულ ორმხრივ შეთანხმებას. პრაღაში ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, ორივე ქვეყანა იღებს ვალდებულებას, რომ ერთი მესამედით შეამციროს მათ ხელთ არსებული ბირთვული მარაგი.

პრაღაში ხელმოწერილი განიარაღების განახლებული ხელშეკრულების თანახმად, შეერთებული შტატები და რუსეთი შვიდი წლის განმავლობაში 1.550 ერთეულამდე შეამცირებენ თავიანთ ხელთ არსებული შეტევითი ბირთვული ქობინების მარაგს, მაშინ როცა დღეისათვის არსებული ლიმიტი 2200 ერთეულს შეადგენს.

შეთანხმების თანახმად, 700 ერთეულამდე შემცირებას ექვემდებარება ასევე სტრატეგიული ბირთვული რაკეტები და მათი გადამტანი საშუალებები. შეთანხმების შესრულება კი წელიწადში 17-ჯერ დაექვემდებარება ინსპექტირებას ორივე მხრიდან.

ობამას განცხადებით, სახელმწიფოები, რომლებიც მსოფლიოში არსებული ბირთვული შეიარაღების 90 პროცენტს ფლობენ, იღებენ ვალდებულებას იყვნენ პასუხისმგებლები, როგორც გლობალური ლიდერები:

„დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია ბირთვული უსაფრთხოების და გაუვრცელებლობისა, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობათა თვალსაზრისით. ამით სრულდება ჩვენ შორის არსებული უთანხმოება, რაც თან ახლდა სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ახალ ხელშეკრულებას. დოკუმენტი ითვალისწინებს ჩვენს ხელთ არსებული ბირთვული ქობინების მნიშვნელოვან შემცირებას. იგი თითქმის ორჯერ ამცირებს ჩვენს ხელთ არსებულ გადამტან საშუალებებს. დოკუმენტი ითვალისწინებს ასევე ვერიფიკაციის სრულყოფილ რეჟიმს, რაც შემდგომში ნდობის შექმნაში დაგვეხმარება.“

პრაღის ისტორიულ რატუშაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმაც ხაზი გაუსვა სტრატეგიული განიარაღების ხელშეკრულების განახლებას, რასაც ისტორიული მოვლენა უწოდა. თუმცა რუსი ჟურნალისტის შეკითხვაზე გაიმეორა, რომ რუსეთი გამოვა ხელშეკრულებიდან, თუ შეერთებული შტატები შეეცდება გაზარდოს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემები, რომელიც იქნება საფრთხის შემცველი რუსეთის ეროვნული ინტერესებისათვის:

„ ჩვენ მიგვაჩნია და ამის შესახებ იციან ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა, - ეს იყო ღია პოზიცია, - რომ შეთანხმება სიცოცხლისუნარიანი და ქმედითი იქნება მხოლოდ იმ პირობებში, თუკი არ იარსებებს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების ხარისხობრივი და არსებითი რაოდენობრივი ზრდა, რასაც, საბოლოო ჯამში, შეუძლია გამოიწვიოს საფრთხის შექმნა რუსეთის სტრატეგიული ძალებისათვის. ამაშია ჩვენი მხარის განცხადების შინაარსი, რომელიც კეთდება ხელშეკრულების ხელმოწერისათვის და რომელიც, რა თქმა უნდა, გამოქვეყნდება.“

მაგრამ ერთობლივი პრესკონფერენციის შემდეგ გაკეთებულ სპეციალურ მიმართვაში, რომელიც თეთრი სახლის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ მსგავსი „პირობა“ არის ცალმხრივი და იგი არანაირი სახით არ არის შესული ხელშეკრულების ტექსტში. პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ობამამ თავი აარიდა პირდაპირ პასუხს უთანხმოებაზე ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ როგორც კი სტრატეგიული განიარაღების შეთანხმება ამოქმედდება, იგი აპირებს პრეზიდენტ მედვედევთან ერთად სერიოზული მოლაპარაკებები გამართოს ანტისარაკეტო თავდაცვის საკითხებზე. ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ რუსეთთან გრძელდება მოლაპარაკებები მკაცრი სანქციების მისაღწევად ირანის წინააღმდეგ, რომელიც არ ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს და აგრძელებს ბირთვული იარაღის შექმნის სამუშაოებს. მედვედევი, როგორც ჩანს, ეთანხმება ამერიკელ კოლეგას:

„სამწუხაროდ, თეირანი არ რეაგირებს მთელ რიგ იმ კონსტრუქციულ და კომპრომისულ მოლაპარაკებებზე, რომელსაც მას სთავაზობენ. და მე ამაზე ვერ დავხუჭავ თვალს. ამიტომ მე არ გამოვრიცხავ, რომ გაეროს უშიშროების საბჭო იძულებული გახდეს განიხილოს ეს საკითხი.“

თუმცა მედვედევმა დასძინა, რომ სანქციების გზით ნაკლებად არის შესაძლებელი შედეგების მიღწევა და იმასაც ხაზი გაუსვა, რომ "სანქციები ირანელ ხალხს არ უნდა შემოუბრუნდეს ჰუმანიტარულ კატასტროფად".
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG