Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


გასული კვირის დასავლეთის პრესის მთავარი თემები ბარაკ ობამას ბირთვული დიპლომატიაა, ასევე, ყირგიზეთში პოლიტიკური არეულობა და, ამასთან ერთად, ვატიკანი.

პოლიტიკურ თემებზე, ცხადია, ბევრი იწერებოდა ამ კვირაში უცხოეთის პრესაში. მთავარი თემა იყო აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას, ახალი ბირთვული სტრატეგია. „ნიუ-იორკ ტაიმსის“ აზრით, ობამამ მჭევრმეტყველურად ილაპარაკა იმაზე, თუ როგორ ესახება ბირთვული იარაღისგან თავისუფალი მსოფლიო. ეს მაღალი მიზანია, რომელიც ობამას პრეზიდენტობის პერიოდში და შემდეგაც, წლების განმავლობაში, ვერ იქნება მიღწეული. მაგრამ ძალიან სახიფათო დროს ის დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯს, რათა მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახადოს და გაზარდოს ნდობა აშშ-ის მცდელობის მიმართ, შეზღუდოს ირანისა თუ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული სწრაფვები, წერს „ნიუ-იორკ ტაიმსი“. მოგვიანებით, 8 აპრილს, როცა უკვე აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვული შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა გადაწყვეტილი იყო, ესპანეთის „ელ პაისი“ წერდა: ირანისა და ჩრდილოეთ კორეის რეჟიმებზე ზემოქმედება იოლი არ იქნება, მაგრამ ასეთი შეთანხმებების გარეშე გარანტირებულია წარუმატებლობა და ბირთვული გამალებული შეირაღებისთვის ყველა კარი გაიღება, რასაც გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვება. ახლა მას უნდა მიბაძონ სხვებმაც, ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა ინდოეთი, პაკისტანი, ისრაელი, რომლებმაც უარი თქვეს ხელი მოეწერათ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებისთვის, - უზიარებს მკითხველს თავის აზრს მადრიდში გამომავალი „ელ პაისი“. „ვაშინგტონ პოსტი“ კი აშშ-ის დედაქალაქიდან იუწყება, რომ პრაღაში გაფორმებული ხელშეკრულება კონტრპროდუქტიული იქნება. პირველი მსოფლო ომის შემდეგ უფრო მცირე ქვეყნებმა უარი თქვეს ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის შეძენაზე. ეს გააკეთეს იმიტომ, რომ ისინი ენდობოდნენ აშშ-ის დაშინების პოლიტიკის სიძლიერეს, საიმედოობას. ახლა, როცა ხედავენ, რომ აშშ უკან იხევს, თავიანთ პოზიციას გადახედავენ და ზოგიერთი მათგანი შეიარაღდება. „ვაშინგტონ პოსტის“ აზრით, უფრო მეტი წაქეზება ზედმეტი შეიარაღებისთვისშეუძლებელია, ვიდრე აშშ-ის ბირთვული დამცველი ფარის ჩაკეცვაა.

ყირგიზეთში განვითარებული მოვლენების შესახებ ბრიტანეთის „გარდიანი“ აქვეყნებს წერილს, სათაური-შეკითხვით, „ყირგიზეთი: რუსული რევოლუცია?“ სტატიაში თავიდანვე ლაპარაკია პრემიერ-მინისტრ პუტინზე, რომელმაც, გაზეთის თანახმად, ახალ ხელისუფლებად გამოცხადებული გუნდის აღიარება დაიწყო. ამავე დროს, წერს გაზეთი, პუტინმა სრულიად უარყო ყოველგვარი როლი პრეზიდენტ ბაკიევის ჩამოგდების საქმეში. მაგრამ, „გარდიანის“ აზრით, ამ ამბავში რუსეთის გავლენა რომც დადასტურდეს, შოკი დიდი არ იქნება, რადგან ასეთი ქმედება შუა აზიის ქვეყნებში ნორმად იქცა პუტინის ეპოქაში. ამის მთავარი მამოძრავებელი ძალა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ენერგორესურსებისა და სატრანზიტო მარშრუტების კონტროლის გამო პაექრობაა ჩინეთსა და აშშ-თან, დასავლეთთან. „უოლ სტრიტ ჯორნალიდან“ ერთი მონაკვეთი მინდა გაგაცნოთ: „აშშ ცდილობდა ბაკიევთან მეგობრული ურთიერთობა შეენარჩუნებინა იმის გამო, რომ ყირგიზეთში მისი სამხედრო ბაზაა, და არ განუცხადებია, რომ ბაკიევის მთავრობა დაეცა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლები, იუწყება „უოლ სტრიტ ჯორნალი“, შეხვდნენ ბაკიევის საგარეო საქმეთა მინისტრს ვაშინგტონში ხუთშაბათს. ბაკიევის ვაჟს და მის აშკარა მემკვიდრეს, მაქსიმს, გაზეთის თანახმად, ასევე უნდა მიეღო მონაწილეობა შეხვედრაში, მაგრამ არ მისულა. გაზეთი ვარაუდობს, რომ ბიშკეკში ხელისუფლების შეცვლა შეიძლება მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობაში ახალი გამღიზიანებელი გახდეს, რადგან ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას რუსეთი, ტრადიციულად, თავისი გავლენის სფეროს ნაწილად მიიჩნევს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG