Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევის „ორპოლუსიანი“ მოხსენება ბრუკინგსის ინსტიტუტში


რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი წინასწარმეტყველებს, რომ ყირგიზეთი, შესაძლოა, სამოქალაქო ომში ჩაეფლოს, თუკი სწრაფად არ გადაიჭრება განდევნილი პრეზიდენტის ყურმანბეკ ბაკიევისა და თვითგამოცხადებული ხელისუფლების დაპირისპირება. ვაშინგტონში ბირთვული უსაფრთხოების სამიტის პარალელურად გამართულ საჯარო მოხსენებაში მედვედევმა ხაზი გაუსვა რუსეთ-ამერიკას შორის ხელმოწერილი „სტარტის“ განახლებული ხელშეკრულების მნიშვნელობას და რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება.

მედვედევმა კომენტარები ბრუკინგსის უნივერსიტეტში გააკეთა 13 აპრილს, მას შემდეგ, რაც ბირთვული უსაფრთხოების სამიტი დაიხურა. რუსეთის პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ არსებობს საფრთხე იმისა, რომ ყირგიზეთი ორ ნაწილად - სამხრეთად და ჩრდილოეთად - გაიხლიჩოს.

„მთავარი ახლა არის ის, რომ არ დავუშვათ სამოქალაქო ომი. მეჩვენება, რომ ყირგიზეთი ახლა იმყოფება სამოქალაქო ომის ზღვარზე და ყირგიზეთში ამჟამად არსებულმა ყველა ძალამ უნდა გაიცნობიეროს პასუხისმგებლობა ყირგიზი ხალხისა და ერის, ყირგიზეთის ბედისა და ყირგიზეთის სახელმწიფოს მიმართ.“

გასულ კვირაში, სისხლიანი ანტისამთავრობო გამოსვლების შემდეგ, რომლის დროსაც 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა დატოვეს ბიშკეკი. 13 აპრილს ბაკიევმა განაცხადა, რომ გადადგება, თუკი მისთვის და მისი ოჯახის წევრებისათვის უსაფრთხოება გარანტირებული იქნება. ოპოზიციის ლიდერებმა მას ხელშეუხებლობის იმუნიტეტი ჩამოართვეს და ერთი დღე მისცეს ჩასაბარებლად. ამასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტი მედვედევი აცხადებს, რომ „ზოგიერთმა ყირგიზმა პოლიტიკოსმა პასუხისმგებლური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საკუთარ ბედზე.“ ყირგიზეთი არ უნდა გადაიქცეს „არშემდგარ სახელმწიფოდ“ და პოლიტიკური დაპირისპირება მშვიდობიანად უნდა გადაწყდეს, - აღნიშნა მედვედევმა ვაშინგტონის ბრუკინგსის ინსტიტუტში გამოსვლისას.

„ჩვენ კარგად გვესმის, თუ რას ნიშნავს სამოქალაქო ომი დღევანდელ პირობებში. ღმერთმა არ ქნას და, თუკი ის დაიწყო, ამ ნიშას მოაწყდებიან ყველანაირი ჯურის ექსტრემისტები და ტერორისტები. სწორედ მსგავსი კონფლიქტები ქმნიან ყველაზე ნოყიერ ნიადაგს რადიკალებისათვის. მაშინ ჩვენ ყირგიზეთის ნაცვლად შეიძლება მივიღოთ ავღანეთი, რომელიც ცოტა ხსნის წინ იყო.“

ყოვლისმომცველ კომენტარებში, რუსეთის ლიდერმა დაიცვა ამერიკასა და რუსეთს შორის ხელმოწერილი სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების ხელშეკრულება და გამოთქვა იმედი, რომ შეერთებული შტატების კონგრესი და რუსეთის სახელმწიფო სათათბირო არ გააჭიანურებენ დოკუმენტის რატიფიკაციას. რუსეთის ლიდერის თქმით, ახალი თანამშრომლობით „შეერთებული შტატებისა და რუსეთის ლიდერებმა შეძლეს ატმოსფეროს შეცვლა ორი ქვეყნის ურთიერთობაში“. მედვედევმა ასევე მოუწოდა შეერთებულ შტატებს, ხელი შეუწყოს რუსეთის ძალისხმევას, გახდეს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი. რუსეთმა ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 1993 წელს დაიწყო, მაგრამ საკითხი, სავაჭრო პროცედურებისა და ტარიფების გამო, გაიყინა. თუმცა მოსკოვი ფიქრობს, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის შესვლას ვაშინგტონი ბლოკავს. „რუსეთი ვმო-ში უნდა გაწევრიანდეს ყოველგვარი ახალი მოთხოვნებისა და დამცირების გარეშე“, - განაცხადა დმიტრი მედვედევმა.

რაც შეეხება ირანის მიმართ სანქციების შესაძლო გამკაცრებას, რუსეთის ლიდერმა ბრუკინგსის ინსტიტუტში გაიმეორა, რომ მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა სანქციები მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გამოიყენონ, თუკი დადგინდება, რომ ირანის ბირთვული პროგრამა არამშვიდობიანი ხასიათისაა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG