Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტერატურის თეორია ქართულად


90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში ახალი ცნებები გაჩნდა და ქართველმა მწერლებმა და ლიტერატურათმცოდნეებმა ახალ სააზროვნო ნაკადებში დაინახეს საკუთარი თავი. ბევრი ხუმრობდა კიდეც მათზე, ვინც ზედმეტად ხშირად ახსენებდა ხოლმე პოსტმოდერნს, დისკურსს, პოსტსტრუქტურალიზმს, დეკონსტრუქციას, დერიდასა თუ ფუკოს.

მაშინ, როდესაც ასპარეზზე გამოსული თუ შორიდან ჩამობრუნებული გამობრძმედილი ქართველი პოლიტიკოსები ზედიზედ გვხვევდნენ სამოქალაქო ომის ქარცეცხლში, ლიტერატურათმცოდნეების ახალი თაობა ძველ და ახალ ლიტერატურის თეორიის ცნებებს ითავისებდნენ. საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული 90-იანების დასაწყისში პირველად დაიწყო თანამედროვე დასავლური ლიტერატურათმცოდნეობითი გამოცდილების გაზიარება. არადა, მაშინ თანამედროვედ აღიქმებოდა მთელი II მსოფლიო ომისშემდგომი პერიოდი.

ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი ირმა რატიანი, ვის უმთავრეს საქმიანობადაც უკანასკნელი წლების მანძილზე ქართული ლიტერატურის თეორიის მსოფლიო კონტექსტთან მიახლოება იქცა, სწორედ ამ პერიოდს იხსენებს, როგორც იდეოლოგიური კლიშეებიდან თავის დაღწევის მცდელობას:

“ლიტერატურის თეორია, როგორც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სფერო ჰუმანიტარული აზროვნებისა, იყო საკმაოდ იდეოლოგიზებული საბჭოთა პერიოდში. ეს იდეოლოგიური მანქანა მოქმედებდა გამიზნულად და შესაბამისად, სახელმძღვანელოები, რომლებიც ამ მიმართულებით იბეჭდებოდა, იყო მუდმივად გამსჭვალული იმ იდეოლოგიური კლიშეებით, რომელიც ძალიან არასწორ ზეგავლენას ახდენდა იმ ადამიანებზე, რომლებიც კითხულობდნენ ამ წიგნებს”.

რა თქმა უნდა, საბჭოთა პერიოდში საკმაოდ საინტერესო მცდელობები ჰქონდა რამდენიმე ქართველ ლიტერატურათმცოდნეს, თუმცა ლიტერატურის თეორიის, როგორც ასეთის, არსებობა წარმოუდგენელი იყო მაშინდელ საქართველოში.

სამწუხაროდ, ის რაც 60-იან წლებში ხდებოდა საფრანგეთში, აშშ-ში, გერმანიაში, იტალიაში, ხოლო საბჭოთა კავშირში ტარტუსა და მოსკოვში, ჩვენს ქვეყანაში არანაირად არ აისახებოდა, სამაგიეროდ იყვნენ ადამიანები, რომლებიც თავს აღწევდნენ ხოლმე იდეოლოგიურ ზეწოლებს:

“მე ვერ ვიტყვი, რომ ეს პროცესი ყველაზე ვრცელდებოდა. იყო იმ პერიოდში ხალხი, ვინც ახერხებდა ლავირებას, მაგრამ ძალიან მცირე იყო მათი რიცხვი და შესაბამისად, ისინი საერთო ფონზე ჩანდნენ როგორც არასასურველი გამონაკლისები ხელისუფლებისათვის. ცხადია ვალდებული ვარ დავასახელო ეს ხალხი: გერონტი ქიქოძე, აკაკი გაწერელია, გრიგოლ კიკნაძე, გურამ ასათიანი, აკაკი ბაქრაძე... ეს ის ხალხია, რომლებიც ქმნიდნენ განსხვავებულ სურათს.”

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გარკვეულწილად შეიცვალა სურათი 90-იანებიდან მოყოლებული და ირმა რატიანის აზრით, ქართველი ლიტერატურათმცოდნეების მცდელობები საკმაოდ წარმატებულიც აღმოჩნდა:

“90-იანი წლების მიწურულიდან, მაშინ, როდესაც საქართველო, ისევე როგორც სხვა საბჭოთა ქვეყნები, იწყებს დამოუკიდებელ ცხოვრებას, ბუნებრივია ერთ-ერთი პირველი ნიშანი ამ დამოუკიდებლობისა, უნდა ყოფილიყო მცდელობა გამოსვლისა იმ ზომბირებული მდგომარეობიდან, რომელსაც ერქვა საბჭოთა იდეოლოგიური მანქანა. და ლიტერატურის თეორიის სფეროზეც ეს საკმაოდ საინტერესოდ აისახა, დაიწყო დაძლევა იმ გამოცდილებისა, რომელიც ევროპაში ამ დროისთვის ძალიან მაღალი იყო, და ქართული ლიტერატურათმცოდნეობის მცდელობა, რომ დაწეოდა ამ პროცესებს, აეთვისებინა და გაეანალიზებინა, მე ვფიქრობ, საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა”.

განსაკუთრებით წარმატებული ახალი საუკუნე გამოდგა, ამ დროს გამოიცა რამდენიმე ძალიან საინტერესო კრებული, ალმანახი თუ წიგნი. “ლიტერატურის ინსტიტუტის” წვლილი ამ მხრივ უმნიშვნელოვანესი იყო, როგორც ხარისხით, ასევე პერიოდულობითა თუ თანმიმდევრულობით. პირველ რიგში ესაა “სჯანი”, აღდგენილი ჟურნალი “კრიტიკა”, კრებული “ლიტერატურის თეორია”, რომელიც ბოლო 4 წლის მანძილზე ორჯერ გამოიცა, დაიწყო ახალი სერიის გამოცემა: “ლიტერატურათმცოდნეობითი რვეულები”, რომლის ფარგლებშიც უკვე დაიბეჭდა “ჟანრის თეორია”, “მეტაფორა”, “ლირიკული ჟანრები”, სულ მალე კი გამოქვეყნდება წიგნებად “კომპოზიცია” და “თხრობის თეორია”, გამოვიდა “ლიტერატურის თეორიის ანთოლოგიის” პირველი ტომი, რომელსაც სულ მალე მეორე და მესამეც უნდა მოჰყვეს.

ამ პირველი წარმატებების მიუხედავად, ჯერ კიდევ სერიოზულ პრობლემად რჩება ამ თეორიების მორგება ქართულ ლიტერატურაზე და სხვადასხვა მეთოდოლოგიურ ჭრილში ქართული ტექსტების ანალიზი:

“ძალიან მნიშვნელოვანია საერთოდ ერთი რამ. ლიტერატურის თეორია არ შეიძლება იყოს გააზრებული როგორც რაღაც აბსტრაქტული სფერო, ვინაიდან თეორია ყოველთვის იქმნება იმისათვის, რომ გაამართლოს პრაქტიკა, ან პირიქით, ამიტომ, როცა ჩვენ გვაქვს თეორიული წიგნები, სრულიად ცხადია, რომ შემდეგი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას, ეს არის ამ მეთოდოლოგიების ჭრილში ქართული ტექსტების ანალიზი. განა არ გვაინტერესებს არაქართული ტექსტების ანალიზი, რასაკვირველია, სხვანაირად წარმოუდგენელიც კია კომპარატივისტიკა, შედარებით ლიტერატურათმცოდნეობა, მაგრამ ქართული ლიტერატურა იმდენად არის მოკლებული ამ პრივილეგიას, რომ იყოს განხილული თანამედროვე მეთოდოლოგიების ჭრილში, რომ სურვილი ამის, პირადად ჩემი და ჩემი კოლეგებისაც, ძალიან დიდია”.

თეორიით ახალგაზრდებიც ინტერესდებიან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტშიც და ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტშიც უკვე კითხულობენ ლიტერატურულ ნაწარმოებებს გარკვეულ თეორიულ ჭრილში:

“ინტერესი სტუდენტების, ახალგაზრდების, ლიტერატურის თეორიისა და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობისადმი არის ძალიან მაღალი. ამას ადასტურებს პირველ რიგში საკმაოდ პოპულარული სამაგისტრო პროგრამა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს. ესაა სადოქტორო პროგრამა, სადაც საკმაოდაა ნიჭიერი დოქტორანტები და შეიქმნა ასევე სპეციალური წრე, სტუდენტური ლიტერატურის თეორიის, სადაც იზრდებიან ახალგაზრდები და ეს იმის მანიშნებელია, რომ დარგი საინტერესო პერსპექტივებს დასახავს მომავალშიც”.

მომავალი დღეს ძალზე მნიშვნელოვანია ლიტერატურის თეორიისთვის, რადგან იგი სწორედ ახლა იდგამს ფეხს და ქართული ენათმეცნიერებისგან თუ არქეოლოგიისგან განსხვავებით, სადაც უდიდესი ტრადიციები არსებობდა, ლიტერატურის თეორეტიკოსებს ყველაფერი წინა გვაქვს. ლიტერატურათმცოდნეობაში, ლექსმცოდნეობაში, ისტორიულ პოეტიკაში თუ კრიტიკაში წლების მანძილზე შედარებით ბევრი რამ გაკეთდა საქართველოში და ამ გამოცდილებით, ვფიქრობ აუცილებლად უნდა ისარგებლონ თეორეტიკოსებმაც. მხოლოდ ასეა შესაძლებელი წარსულის ტვირთის დაძლევა თუ ამ წარსულის ხელახალი წაკითხვა. შემდეგ უკვე მომავალსაც მივხედავთ.
XS
SM
MD
LG