Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ვერ იყოფენ მედია და ხელისუფლება?


15-16 აპრილს თბილისმა, ევროსაბჭოს ორგანიზებით, ორდღიან კონფერენციას უმასპინძლა. სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ შეკრებილი სახელმწიფო მოხელეები, მედიის სფეროს სპეციალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები მსჯელობდნენ ჟურნალისტთა უსაფრთხოებისა და გამოხატვის თავისუფლების მხრივ არსებული პრობლემების შესახებ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, მოლდავეთსა და უკრაინაში.

თბილისში გამართული კონფერენციის მიზანი იყო თავისუფალი გამოხატვის ხელშეწყობის მექანიზმების უზრუნველყოფა სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და უკრაინაში. გაირკვა, რომ ამ ქვეყნებში მომუშავე ჟურნალისტები წინააღმდეგობას აწყდებიან ინფორმაციის როგორც მოპოვების, ასევე გავრცელების პროცესში, თუმცა, როგორც ივან კოეჯიკოვი, ევროპის საბჭოს ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ამბობს, სახარბიელო მდგომარეობა არც ეუთოს წევრ სხვა ქვეყნებშია:

„ჩვენი წევრი სახელმწიფოები აწყდებიან ისეთ პრობლემებს, რომლებიც მედიისა და ხელისუფლების ურთიერთობითაა გამოწვეული. მართალია, პრობლემები ყველგანაა, მაგრამ განსხვავდება მათი ხარისხი. კონფერენციამ, რომელშიც ხუთი ქვეყნის ხელისუფლების, მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, აჩვენა, რომ ამ ქვეყნებშიც მთავარი გამოწვევა მედიისა და ხელისუფლების ურთიერთობაა. მედია ჩივის მთავრობის ჩარევის გამო, ხელისუფლება კი, არცთუ იშვიათად, მედიას არაკონსტრუქციულ კრიტიკაში ადანაშაულებს.“

თუმცა კონფერენციაზე ისიც ითქვა, რომ ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია პრობლემების ხარისხი და ეს განსხვავება ლოკალური მასშტაბითაც თვალშისაცემია. თბილისის ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ოლეგ პანფილოვი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე საუბრისას ყურადღებას ამახვილებს განსხვავებულ პოლიტიკურ ატმოსფეროზე, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს მედიის თავისუფლებაზე ამ ქვეყნებში:

„თუ შევადარებთ ერთმანეთს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას, რასაკვირველია, უკეთესი მდგომარეობაა საქართველოში, სადაც პოსტსაბჭოთა სივრცეში საუკეთესო კანონები მოქმედებს. აქ მართლაა პლურალიზმი და ისეთი პოლიტიკური ატმოსფერო, რომელიც ხელს უწყობს სიტყვის თავისუფლების ხარისხის ამაღლებას. ყველაზე უარესი მდგომარეობა აზერბაიჯანშია, რადგანაც ამ ქვეყანაში ავტორიტარიზმის ნიშნები ხელს უშლის მედიის განვითარებას. სადღაც შუაშია სომხეთი. იქ კარგიც ხდება და ცუდიც. ცუდი ისაა, რომ კვლავ დევნიან ჟურნალისტებსა და გაზეთებს; კვლავ დახურულია ორი ტელეარხი, რომლებმაც მაუწყებლობა რამდენიმე წლის წინ შეწყვიტეს“, უთხრა რადიო თავისუფლებას ოლეგ პანფილოვმა.

ჟურნალისტთა უსაფრთხოებისა და გამოხატვის თავისუფლების კონფერენცია
მის მსგავსად, კონფერენციის მსვლელობისას სხვა მომხსენებლებმაც შენიშნეს, რომ საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხი შედარებით მაღალია. რა არის ამის მიზეზი? კონფერენციის ერთ-ერთმა მონაწილემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა გიორგი კანდელაკმა, რადიო თავისუფლების ამ შეკითხვას ასე უპასუხა:

„ამოსავალი საზომი მედიის თავისუფლებისა არის განსხვავებული იდეების დაშვებადობა და ხელმისაწვდომობა იდეების ბაზარზე. ყველა კვლევა გვაჩვენებს, რომ საქართველოში არის სრული პლურალიზმი იდეებისა. არ არსებობს დაშვების პრობლემა არც ერთ მედიასაშუალებაში.“

გიორგი კანდელაკს ასევე არგუმენტად მოაქვს ის ფაქტი, რომ 2004 წლის, ანუ გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში პროგრესული ცვლილებების შეტანის, შემდეგ საქართველოში არც ერთ სახელმწიფო მოხელეს ცილისწამების გამო ჟურნალისტისთვის არ უჩივლია. მეზობელ ქვეყნებში ამ მხრივაც განსხვავებული ვითარებაა. კონფერენციის აზერბაიჯანელმა მონაწილემ ისიც თქვა, რომ მის ქვეყანაში მედიის დამოუკიდებლობის საკითხიც აქტუალურია:

„დამოუკიდებელი საინფორმაციო საშუალებები ცოტაა. მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელია რამდენიმე გაზეთი. უბედურება ისაა, რომ საინფორმაციო საშუალებები ეკონომიკურადაც დამოკიდებელები არიან და საკუთარი თავის რჩენა არ შეუძლიათ. თუკი ამას ვერ მივხედავათ, პრობლემები კიდევ დიდხანს იქნება.“

ორდღიან კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა ეუთოს ახალი წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხში, დუნია მიატოვიჩი, რომლის თქმითაც, აუცილებელია გაგრძელდეს და სისტემატური ხასიათი მიეცეს დიალოგს მედიის თავისუფლების საკითხზე ჟურნალისტებსა და სახელმწიფო მოხელეებს შორის. მიატოვიჩმა სხვა სამომავლო გეგმებზეც ილაპარაკა:

„ვიქნები პროფესიულად პრინციპული და ღია ჩემს ახალ თანამდებობაზე. თუ საჭირო გახდა, არ მომერიდება დავუკაკუნო მთავრობებს კარებზე და შევახსენო ის ვალდებულებები, რომელიც მათ ეუთოსთან მიერთების დროს აიღეს.“

კონფერენციის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ ეუთოს წევრ ზოგიერთ ქვეყანაში პრობლემაა ჟურნალისტების ფიზიკური უსაფრთხოებაც. კონფერენციის ორგანიზატორებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს სახელმწიფო მოხელეებს, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში ჟურნალისტები არ უნდა ქრებოდნენ, მათ არ უნდა იჭერდნენ, არ უნდა კლავდნენ და სიკვდილითაც არ უნდა ემუქრებოდნენ და რომ ყოველივე ამაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG