Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის რუსული ვოიაჟის მეორე ტალღა


ქართული ოპოზიციის ვიზიტები რუსეთში გრძელდება. ზურაბ ნოღაიდელის და ნინო ბურჯანაძის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ასევე ქართულ დიასპორასთან შეხვედრებს ახლა უკვე „ეროვნული საბჭოს“ ლიდერები კობა დავითაშვილი და კახა კუკავა მართავენ. თბილისში ამ ვოიაჟებს კვლავ შეცდომად მიიჩნევენ, თავად რუსეთში წასული ოპოზიცია კი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში მიღწეულ პროგრესზე ლაპარაკობს.

მოსკოვში დაგეგმილი ქართული ოპოზიციის წარმომადგენლების ვიზიტის ხარჯებს, როგორც „ხალხის პარტიის“ ლიდერი კობა დავითაშვილი და კონსერვატორი კახა კუკავა აცხადებენ, ქართული დიასპორა ფარავს. დამფინანსებლებს შორისაა რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი და 2009 წელს ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესის დამაარსებელი ალექსადნრე ებრალიძეც, რომელიც სწორედ ამ დღეებში მართავს პეტერბურგში კონგრესს. კონგრესს ეროვნული საბჭოს ლიდერებიც დაესწრებიან, თუმცა მანამდე ოპოზიციის ლიდერებს რუსეთის სათათბიროში აქვთ შეხვედრები.

ეროვნული საბჭოს წევრის, ამჯერად თბილისში დარჩენილი ზვიად ძიძიგურის ინფორმაციით, დავითაშვილი და კუკავა დუმის ფრაქციებისა და კომიტეტების ხელმძღვანელებს, რუსული ოპოზიციის წარმომადგენლებს, ქართული დიასპორის წევრებს შეხვდებიან და რამდენიმე თოქ-შოუშიც მიიღებენ მონაწილეობას, მივლენ ალექსანდრე ებრალიძის მიერ ორგანიზებულ კონგრესზეც და სიტყვითაც გამოვლენ:

”ამ ვიზიტს არა აქვს პრეტენზია, რომ მაინცდამაინც რუსეთის პრეზიდენტთან უნდა იყოს შეხვედრა, აქცენტი რუსეთის საზოგადოებაზე გავაკეთეთ და ქართული დიასპორის წევრებზე, რადგან კარგი იქნებოდა, თუ რუსეთში ჩამოყალიბდება ისეთივე ქართული ლობი, როგორიც, მაგალითად, სომხებს ჰყავთ.”

რუსეთში ქართული ლობის არსებობის აუცილებლობაზე საუბრობდა ჟურნალისტებთან გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე კობა დავითაშვილიც:

ეროვნული საბჭოს ლიდერები: ზვიად ძიძიგური, კობა დავითაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი
”დიასპორა უნდა ემსახურებიოდეს ქვეყნის გამთლიანების საქმეს და თავისი რესურსები - მათ შორის, ფინანსურიც - უნდა მიმართოს რუსეთში ლობისტური ორგანიზაციების დაფინანსებაზე, რომლებიც რუსულ დუმაში, საზოგადოებაში ხელს შეუწყობენ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას საქართველოს გამთლიანების იდეის სასარგებლოდ.”

კონსერვატორების ლიდერს, ზვიად ძიძიგურს, ჩვენ ვკითხეთ, რამდენად არის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მოგვარება ოპოზიციის საქმე. მან გვიპასუხა, რომ ეს ხელისუფლების კომპეტენციაა, თუმცა იქვე შენიშნა, რომ ოპოზიციას შეუძლია საზოგადოებრივი აზრის ფორმირება როგორც საქართველოში, ისე რუსეთში. ძიძიგური გარკვეულ პროგრესზეც ლაპარაკობს:

”რუსეთ-საქართველოს ტაბუდადებულ თემაზე ტაბუ ახსნილია, საუბარი დაწყებულია. თოქ-შოუებში, მედიაში ექსპერტები გაბედულად ლაპარაკობენ და ჩვენმა გააქტიურებამ ეს თემა გახსნა”...

საქართველოს ხელისუფლებაში ოპოზიციის რუსულ ვოიაჟებს კვლავ ღალატს უწოდებენ. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე გიორგი გამსახურდია „ეროვნულ საბჭოს“ ”შულავერის კომიტეტს” ადარებს და ამბობს, რომ მისი წევრები ცდილობენ რუსული აგრესია წარმოაჩინონ არა, ზოგადად, ქართულ პრობლემად, არამედ რუსეთისა და საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების დაპირისპირებად:

”ეს არის მცდელობა მოხდეს საქართველოდან გაქცეული ადამიანების კონსოლიდაცია, ძირითადად, შევარდნაძის რეჟიმის ნაწილაკებისა, რომლებსაც სურთ დააბრუნონ საქართველოში კლეპტოკრატიული მმართველობა, და სწორედ ეს ნოსტალგია ამოძრავებს მათ გადადგან ყველანაირი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი.”

გამსახურდია ასევე ამბობს, რომ ქართული დიასპორის რეალურ განწყობაზე მეტყველებს ის წერილები, რომლებიც მინისტრის აპარატში შევიდა და შემდგომ გაზეთ „24 საათის“ ვებგვერდზეც დაიდო, - წერილები, რომლებშიც დიასპორის წევრები პეტებურგში დაგეგმილ კონგრესს პროტესტს უცხადებენ. მათი აზრით, თუ სადმე შეიძლება ჩატარდეს ასეთი კონგრესი, მხოლოდ საქართველოში, ოღონდ არა ოკუპანტი ქვეყნის ავტორიტეტულ ქალაქში.

როგორ აღიქმება ოპოზიციის ნაბიჯები ექსპერტთა წრეში? პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე, მაგალითად, ოპოზიციის ამ ბოლო დროს გახშირებულ ვიზიტებს რუსეთში არასოლიდურს უწოდებს და შეცდომად მიიჩნევს:

”კლასიკური გაგებით, ოპოზიციის საქმე არ არის უცხო სახელმწიფოებთან ურთიერთობები, მით უმეტეს, ისეთ პრობლემურ ქვეყანასთან, როგორიც საქართველოსთვის არის რუსეთი. ოპოზიციის პოლიტიკური ბრძოლის ველი ქვეყნის შიგნით მისი ამომრჩეველია. როცა ის გარეთ გარბის, ერთი მხრივ, აღიარებს თავის უძლურებას და, გარდა ამისა, რა აზრი აქვს ასეთ შეხვედრებს, ოპოზიცია ხომ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.”

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ რა შეთამხმებაც უნდა უნდა მოხდეს დღეს ქართული ოპოზიციისა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, ეს ყველაფერი სალონურ საუბრად დარჩება.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG