Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამოუკიდებელი ექსპერტები ამომრჩევლებს ხვდებიან


დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრებმა რეგიონებში გასვლა გორიდან დაიწყეს. სოსო ცისკარიშვილი, ირაკლი სესიაშვილი, გია ხუხაშვილი და ლაშა ტუღუში გორის საზოგადოების პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და სტუდენტებს შეხვდნენ. საუბრის მთავარი თემა მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები იყო.

არჩევნების მიმართ საზოგადოების განწყობაზე მასპინძლებმა ისაუბრეს. არაინფორმირებულობა და განცდა იმისა, რომ არჩევნებით არაფერი შეიცვლება, მოსახლეობაში ნიჰილიზმს ამკვიდრებს. გორელების თქმით, პოლიტიკურმა ლიდერებმა აქცენტი თბილისზე აიღეს, რეგიონებში მაცხოვრებლებმა კი დღემდე ვერ გაიგეს - რას და ვის ირჩევენ.

გორელმა არინა თავაქარაშვილმა მცდელობის მიუხედავად, არჩევნებში მონაწილე პარტიების კანდიდატთა სიების მოპოვება ჯერ ვერ შეძლო.

ლაშა ტუღუშის თქმით, ის, რომ საზოგადოება ნაკლებად ინფორმირებულია, ამაში როგორც მედია, ისე არასამთავრობო სექტორია დამნაშავე. გარდა ამისა, სახელმწიფოში რეალური თვითმმართველობის არ არსებობა, როცა ცენტრსა და რეგიონებს შორის უფლებამოსილება და კომპეტენცია გამიჯნული არ არის, საზოგადოებაში ნიჰილისტურ განწყობას აღრმავებს.

სამოქალაქო საზოგადოების არააქტიურობა ქვეყანაში ერთმმართველობის გაძლიერებას უწყობს ხელს. სოსო ცისკარიშვილის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში მოახლოებული არჩევნების მიმართ ოპტიმიზმის საფუძველი ნაკლებია, ამომრჩეველი საარჩევნო უბნებზე მაინც უნდა გამოცხადდეს. მისი თქმით, აუცილებელია მოსახლეობაში მოქალაქეობის განცდა გაჩნდეს.

შეხვედრაზე საზოგადოების მხრიდან ოპოზიციური პარტიების კრიტიკაც ისმოდა, რადგან მათ შეწყვიტეს დიალოგი საზოგადოებასთან - არჩევნების მოგებას ოფისებიდან გაუსვლელად აპირებენ. ალიანსი საქართველოსთვის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერმა დავით რაზმაძემ საზოგადოების პრეტენზიები გაიზიარა.

დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრები საქართველოს სხვა რეგიონებშიც გააგრძელებენ შეხვედრებს, იმისთვის, რომ საზოგადოების გააქტიურება მოხდეს საარჩევნო პროცესთან მიმართებაში. ექსპერტების აზრით, არჩევნებზე წასვლა მაინც აუცილებელია, თუნდაც ამომრჩეველს არ ჰქონდეს სიმპათია რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ.
XS
SM
MD
LG