Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს წარმომადგენლები არჩევნებში პრობაციონერთა იძულებით მონაწილეობის ფაქტებს გადაამოწმებენ


”ალიანსი საქართველოსთვის” ბოლო საპარლამენტო არჩევნებში პრობაციონერთა იძულებით მონაწილეობის გამო, მთავარი პროკურატურისგან სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს. ალიანსის ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, აშკარაა სოდ-ის ყოფილი ხელმძღვანელის და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ამჟამინდელი უფროსის ერეკლე კოდუას და ცსკ-ის ყოფილი ხელმძღვანელის ლევან თარხნიშვილის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები. ალიანსის ინფორმაციით, ვაკის მაჟორიტარულ ოლქში ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას 1600-მდე პრობაციონერი, მსჯავრდებული და მათი ოჯახის წევრები ზეწოლით აიძულეს, მხარი ნაციონალური მოძრაობისთვის დაეჭირათ. ირაკლი ალასანიამ მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებსაც, დროულად მოახდინონ რეაგირება, რათა აღიკვეთოს პოლიციური სტრუქტურების დანაშაულებრივი ჩარევა წინასაარჩევნო პროცესში და შესაბამისად, 30 მაისის არჩევნების შედეგების გაყალბება. დღესვე, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან ოდრი გლოვერთან შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს აცნობა, რომ ეუთოს წარმომადგენლები არჩევნებში პრობაციონერთა იძულებით მონაწილეობის ფაქტებს გადაამოწმებენ.
XS
SM
MD
LG