Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ საქართველოში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს აფრთხილებს


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კვლავაც მოუწოდებს ამერიკის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ გამგზავრებისგან საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში - სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. 3 მაისს გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში სახელმწიფო დეპარტამენტი ხაზს უსვამს სეპარატისტულ რეგიონებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ სროლის, გართულებული კრიმინალური ვითარებისა და ძალადობის საფრთხეებს.

ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ამერიკის საელჩომ საქართველოში თავისი თანამშრომლებისთვის შეზღუდა გამგზავრება სამხრეთ ოსეთისკენ და აფხაზეთისკენ მიმავალ მარშრუტებზე, მათ შორის სამეგრელოს წალენჯიხის რაიონში. შეზღუდული მარშრუტების ჩამონათვალშია ასევე პანკისის ხეობის მიმართულება.

”აუფეთქებელი საბრძოლო მასალები კვლავაც ქმნიან რისკს იმ ტერიტორიებზე, სადაც 2008 წლის აგვისტოში ბრძოლა მიმდინარეობდა”, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. ამ კონტექსტში მოხსენიებულია ქალაქ გორის მიმდებარე ტერიტორია სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მიმართულებით. აქვე ”არაპროგნოზირებადად” არის შეფასებული მგზავრობის რისკი დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ ნაწილში.

აშშ-ის საელჩო საქართველოში ასევე მოუწოდებს ამერიკის მოქალაქეებს, თავი აარიდონ დემონსტრაციებს. ”დემონსტრაცია შეიძლება დაიწყოს გაფრთხილების გარეშე და იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მშვიდობიანი ხასიათისაა, შეიძლება გადაიზარდოს კონფრონტაციასა და ძალადობაში”, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის 3 მაისის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG