Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიცვლება ბრიტანეთში ორპარტიული სისტემა?


ბრიტანეთი და საპარლამენტო ცნობიერება განუყოფელია, რადგან ამ სახელმწიფოს უდიდესი ტრადიცია აქვს ამ მხრივ. დღევანდელი არჩევნები ბრიტანეთის ბოლო 80 წლის პოლიტიკაში შეიძლება ისტორიულ დღედ იქცეს, თუ საპარლამენტო უმრავლესობის მონაცვლეობა ლეიბორისტებსა და კონსერვატორებს შორის დასრულდა და მესამე ძალამ - ამჯერად ლიბერალ-დემოკრატებმა - თქვეს თავისი სიტყვა, მით უმეტეს, რომ ბოლო წუთამდე ძალიან დიდ ნაწილს ბრიტანელი ამომრჩევლებისა არ ჰქონდა გადაწყვეტილი, ვის მიემხრობოდა. ლიბერალ-დემოკრატების ახლად გამოჩენილმა ლიდერმა ნიკ კლეგმა კონსერვატორების ლიდერ დევიდ კამერონსა და ამჟამინდელ პრემიერთან, ლეიბორისტული პარტიის ლიდერ გორდონ ბრაუნთან, ბოლო ხანებში გამართული სატელევიზიო დებატების დროს ბრიტანელებზე შთაბეჭდილება მოახდინა. ეს ფორმა კანდიდატების პაექრობისა უფრო ოკეანის გადაღმა, აშშ-შია მიღებული, მაგრამ ბრიტანელებმაც მისცეს ასე თავის გამოჩენის საშუალება ქვეყნის მართვის მოსურნე პოლიტიკოსებს. ნიკ კლეგმა თავი წარმოადგინა როგორც გაწონასწორებულმა, მოაზროვნე პოლიტიკოსმა. ის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ბრაუნისა და კამერონის, მართლაც, რეალურ ალტერნატივად აღიქვეს. ბრაუნი, ბრიტანეთის საზოგადოებაში არასოდეს ყოფილა პოპულარული მას მერე, რაც ტონი ბლერისგან პრემიერის პოსტი ჩაიბარა 2007 წელს. ის ამჟამინდელი საარჩევნო კამპანიის დროს გამოჩნდა როგორც გაღიზიანებული, დაღლილი პოლიტიკოსი, რომელიც ჯიუტად ზის თავის კაბინეტში. არა მარტო ბრაუნი, მისი პარტიაც „დაღლილად“ აღიქმება ამ 13 წლიანი მმართველობის შემდეგ. კამერონს ქარიზმატულს ვერ უწოდებ. უკანასკნელი თვეების განმავლობაში ლეიბორისტებით უკმაყოფილო მასაში მან ვერ მოიპოვა, საერთოდ, კონსერვატორების შესაბამისი პოპულარობა. ხალხი კი უკმაყოფილოა ორივე მთავარი პარტიით, მათი გაუთავებელი სკანდალებით. ამას ის მოჰყვა, რომ არჩევნების წინა გამოკითხვებით, ლიბერალ-დემოკრატების პოპულარობამ იმატა -ისინი ჩამორჩებიან კონსერვატორებს, მაგრამ ლეიბორისტებს გაუსწორდნენ. ერთ-ერთი სატელევიზიო დებატებისას კლეგმა თავისი პარტია ორი „დაღლილი პარტიის ალტერნატივად“ წარმოსახა:

„ჩემი აზრით, ბევრი რამ არ არის ისე, როგორც უნდა იყოს. დღეს საღამოს თქვენ გეუბნებიან, რომ არჩევანი გაქვთ ამ ორ ძველ პარტიას შორის, რომლებიც ბოლო წლებში ქმნიდნენ ამინდს. მე აქ ვარ, რათა დაგარწმუნოთ, რომ არსებობს ალტერნატივა.“

კლეგის პოლიტიკურმა ძალამ იხეირა ასევე საფინანსო სფეროში მისი პარტიის წარმომადგენლის მეშვეობით. ვინს კეიბლიმ საზოგადოებაში აღიარება მოიპოვა ეკონომიკური კრიზისიდან გამოსავალი რეცეპტების ქონით. „გარდიანის“ პოლიტიკურმა მიმომხილველმა, მაიკლ უაითმა, როიტერთან საუბრისას ასეთი კომენტარი გააკეთა:

„კლეგს გაუმართლა იმ მხრივ, რომ მან შეძლო მხარი ესწორებინა თავისი საფინანსო წარმომადგენლის, ვინს კეიბლისთვის. კეიბლი „შელის“ მთავარი ეკონომისტი იყო. ის მართლაც არის ეკონომიკის მცოდნე, რომელსაც პატივს სცემს ბაზარი, რომელსაც ანგარიშს უწევს და მართლაც მოსწონს ამომრჩეველს.“

ჯონ ო სალივანი ამჟამად რადიო თავისუფლების მთავარი რედაქტორია. ის ადრე, მარგარეტ ტეტჩერის მმართველობის დროს, ამ „რკინის ლედიდ“ წოდებული პოლიტიკოსის საგანგებო მრჩეველი იყო. მისი შეფასებით, ამ არჩევნების განსაკუთრებულობა შემდეგშია:

„პრინციპულად განსაკუთრებულია ის ფაქტი, რომ მესამე - ლიბერალ-დემოკრატიული - ძალა, რომელსაც ცენტრისტულ თუ ცენტრისტულ-მემარცხენე პარტიად მიიჩნევენ, წარმოგვიდგა ორი მთავარი პარტიის თანასწორად. 30 წლის წინ ბრიტანეთს არ ჰქონდა ორპარტიული სისტემა, ის ორნახევარპარტიული სისტემა იყო. მაშინ ლიბერალ-დემოკრატებს შეეძლოთ პარლამენტში ჰქონოდათ 50 ადგილი, მაგრამ არ გააჩნდათ საშუალება, სერიოზული პრეტენზია განეცხადებინათ ალტერნატიულ მთავრობაზე. ახლა ლიდერების დებატებში, პირველად 30 წლის მანძილზე, გაიმარჯვა ლიბერალ-დემოკრატების ლიდერმა ნიკ კლეგმა, ხოლო მისი პარტია პოპულარობით გაუთანაბრდა სხვა ორ პარტიას და, შეიძლება, ხმების თანასწორი რაოდენობაც მოიპოვოს და, თუ ასე მოხდა, პარლამენტში ადგილების იმავე რაოდენობას დაეუფლოს.“

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კლეგი მართლაცდა იოლად შეძლებს პრემიერი გახდეს და „დაუნინგ სტრიტის ათ ნომერში“, პრემიერის საცხოვრებელში, ბინა დაიდოს. ამის მიზეზი ბრიტანეთის საარჩევნო სისტემაა. რომც მოიგოს ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ არჩევნები 30 პროცენტით, ის თემთა პალატის 650 ადგილიდან მხოლოდ 100-ს მიიღებს, რადგან, სისტემის თანახმად, უპირატესობა ორ მთავარ პარტიას ენიჭება. მაგრამ ისე რომ მოხდეს, როგორც ამას არჩევნებამდე გამოკითხვები აჩვენებს, ბრიტანელებს შერჩებათ უმოქმედო პარლამენტი, რომელშიც არავის ექნება ადგილების უმრავლესობა. ბრიტანეთის პარლამენტში, როგორც დემოკრატიული ქვეყნების უმრავლესობაში, ასე არ ხდება, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ძალა კოალიციებს ქმნიდეს. კლეგმა ამ საშიშროებისა და იმის გამო, რომ, მისი პარტიის მოსალოდნელი უმრავლესობის მიუხედავად, ავტომატურად ორ მთავარ პარტიას ენიჭება ალტერნატივის უფლება, ეს საარჩევნო სისტემა დაადანაშულა. მან იქვე გააკრიტიკა კამერონი ქედმაღლობის გამო:

„დევიდ კამერონი უკვე ფარდებს არგებს დაუნინგ სტრიტის ათ ნომერს. ის ფიქრობს, რომ თანდაყოლილი უფლება აქვს, მართოს ქვეყანა. ის ფიქრობს, რომ მისი ნებაა, დაიკავებს თუ არა ადგილს დაუნინგ სტრიტის ათ ნომერში. როგორც დღეს გაზეთებს უთხრა, არ ადარდებს, რას ფიქრობთ თქვენ, ამომრჩევლები. ის მიიჩნევს, რომ ახლა კონსერვატორების რიგია. აი, რას გეტყვით, დევიდ კამერონ: ჩვენს ქვეყანაში ძალაუფლებას მემკვიდრეობით კი არ იღებ, ის უნდა დაიმსახურო.“

როგორც ითქვა, თუკი ვერც ერთმა დიდმა პატიამ ვერ მოიგო უმრავლესობა, მათ მოუწევთ თანამშრომლობა ლიბერალ-დემოკრატებთან ან, შეიძლება, უმცირესობის მთავრობამ მართოს ქვეყანა, იმავე კლეგის პარტიის არაოფიციალური მხარდაჭერით. კლეგმა უკვე გამოაცხადა, რომ ის ითანამშრომლებს მასთან, ვინც მეტ ხმას და ადგილს მოიპოვებს. მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ ლეიბორისტებს არ შეუკავშირდება, თუკი ბრაუნი დარჩა მათ ლიდერად. ბრაუნი ამბობს, რომ ის თავისი პარტიის მარცხის შემთხვევაშიც მის სათავეში დარჩება. მაგრამ ეს ასე მარტივად არ გაუვა, რადგან მის არაერთ კოლეგა თანაპარტიელს პარლამენტში სურს, რომ ის განთავისუფლდეს საარჩევნო პასუხისმგებლობისგან. კიდევ ერთი: კლეგს შესაძლებლობა მიეცემა, მოითხოვოს ორი მთავარი პარტიისგან არსებული საარჩევნო სისტემის გაუქმება პროპორციული წარმომადგენლობის პრინციპის სასარგებლოდ. ეს არის ლიბერალ-დემოკრატების პრიორიტეტი. თუკი ამის მიღწევა მოხერხდა (ეს ბრიტანეთის საარჩევნო სისტემას გაართულებს), კლეგი თვლის, რომ, დემოკრატიის მხრივ, წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

ბრაუნმა უარი უთხრა თავის თანაპარტიელებს, იმ საარჩევნო უბნებში, სადაც ლეიბორისტებს შანსი არა აქვთ, მოქალაქეებისთვის მოეწოდებინა ხმა მიეცათ ლიბერალ-დემოკრატებისთვის, რათა კონსერვატორების უმრავლესობისთვის ხელი შეეშალა. ბრაუნმა განუცხადა მედიას, ლეიბორისტების ამომრჩეველი ხმას მისცემს ლეიბორისტებს და შევუკავშირდებით თუ არა ლიბერალებს, ამას ხუთშაბათის შემდეგ გეტყვითო.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG