Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციამ პეტერ სემნების წინასაარჩევნო გარემო გააცნო


ოპოზიციამ პიტერ სემნების წინასაარჩევნო გარემო გააცნო
ოპოზიციამ პიტერ სემნების წინასაარჩევნო გარემო გააცნო
საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შემდეგ ქართული ოპოზიციის ჯერიც დადგა. ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პეტერ სემნებიმ მათთან 14 მაისს, დილიდან, ”თბილისი მარიოტში” დაიწყო შეხვედრები. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მისი კომენტარი იყო მცირე: ევროკავშირი შეეცდება და მხარს დაუჭერს საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.

პეტერ სემნებისთან შეხვედრების შემდეგ იმედიანი ოპოზიციონერების რიცხვი სკეპტიკურად განწყობილ ოპოზიციონერებს სჭარბობდა. ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში - ოპოზიციური პარტიების პირადი პრობლემებიდან დაწყებული, ზოგადი წინასაარჩევნო პრობლემებით დამთავრებული - არაერთი საკითხის ჩანიშვნა მოუხდა. შეხვედრიდან გამოსულმა პეტერ სემნებიმ კი ოპოზიციონერების მიერ დაყენებული სხვადასხვა საკითხიდან ერთზე განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება:

პეტერ სემნები, ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა, არის საარჩევნო სიებში არსებული პრობლემები. ჩვენ ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ წინადადებებს აუცილებლად განვიხილავთ. ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს”, - აცხადებს პეტერ სემნები.

”ალიანსი საქართველოსთვის”, ”ქრისტიან-დემოკრატები”, ”მრეწველები”, ”ეროვნული საბჭო”, ”ლეიბორისტები”... - პეტერ სემნების საქართველოში წინასაარჩევნოდ არსებული სიტუაცია სწორედ ამ პარტიების წარმომადგენლებმა და მერობის კანდიდატებმა გააცნეს. მათ მიერ წამოჭრილი პრობლემები კი ასე ჟღერს: საარჩევნო სიებში აღმოჩენილი დარღვევები, პოლიციისა და ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ზეწოლის ფაქტები; თავისუფალი არჩევანის უფლების გარანტია, მოქალაქეთა ხმების კონფიდენციალურობის დაცვა და ა.შ.

საერთაშორისო ორგანიზაციები კიდევ უფრო აქტიურად უნდა ჩაებან წინასაარჩევნო პროცესში, რათა შემდგომ გაჩნდეს რეალური გარანტია იმისა, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდება, აცხადებს ”ალიანსი საქართველოსთვის” მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია:

”მთავარი და მნიშვნელოვანი, რაზეც ვილაპარაკეთ, არის ის, რომ გარანტირებული იქნება ყველა ამომრჩევლის თავისუფალი არჩევანის უფლება და მათი ხმის კონფიდენციალურობა.”

ირაკლი ალასანიასგან განსხვავებით, წინასაარჩევნო პროცესში და შემდეგ, უკვე არჩევნების პერიოდში, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის რეალურ შედეგს ვერ ხედავს ”მრეწველების” მერობის კანდიდატი გოგი თოფაძე. საერთაშორისო დამკვირვებლები 1995 წლიდან ჩამოდიან საქართველოში და, არჩევნებში დაფიქსირებული უამრავი დარღვევის მიუხედავად, აცხადებენ, რომ არჩევნები დემოკრატიულად, მხოლოდ და მხოლოდ მცირე დარღვევებით ტარდება, ამბობს თოფაძე. ასეთი სკეპტიკური განწყობის მიუხედავად, ”მრეწველებმა” პეტერ სემნების თავიანთ მიერ აღმოჩენილი დარღვევები მაინც გააცნეს და ევროკავშირსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს სამართლიანი დასკვნებისკენ მოუწოდეს.

”ვუთხარით, თუ რამდენი ”მკვდარი სული” აღმოვაჩინეთ თბილისის მხოლოდ ერთ პატარა რაიონში. თუ კიდევ დაადასტურებთ, რომ საქართველოში არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა, მაშინ თქვენი იმედიც აღარ გვექნება. ამიტომ კიდევ ერთხელ გეძლევათ შანსი, რომ ხალხს არჩევნების რეალური შედეგები შეატყობინოთ”, ამბობს თოფაძე.

საინფორმაციო სივრცეში ”ეროვნული საბჭოს” იგნორირებაზე გაამახვილა ყურადღება კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა მერობის კანდიდატმა ზვიად ძიძიგურმა.

”მე მოვახსენე ბატონ სემნების, რომ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-სა და ”იმედზე” ”ეროვნული საბჭო” აბსოლუტურად იგნორირებულია და საინფორმაციო სივრცის ძირითადი დრო გიგი უგულავასა და ნაციონალურ მოძრაობას ეთმობა.ეს არის აბსოლუტურად არათანაბარი გარემო წინასაარჩევნოდ”, - ამბობს ძიძიგური.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ”ეროვნულმა საბჭომ“ პეტერ სემნების წინაშე დააყენა, ე.წ სპეცუბნებია. კობა დავითაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ათპროცენტიანი ფორით იწყებს არჩევნებს:

”სამხედროები, პოლიციელები, ციხეები - ასეთ უბნებში აგიტაცია კანონით შეზღუდულია და პრაქტიკულად შეუძლებელიც. რაც მთავარია, მათი უმრავლესობა არ არის ადგილზე ჩაწერილი და მათ არ აქვთ უფლება ადგილობრივ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. ამის მიუხედავად, ეს ხალხი მიწერილია საარჩევნო სიებს და ამით ხელისუფლება 10 პროცენტიანი ფორით იწყებს არჩევნებს.”

აქვე გავიხსენოთ პეტერ სემნების მოსაზრება, რომელიც მან რადიო თავისუფლებას ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა: ის ფიქრობს, რომ არსებული ხარვეზების მიუხედავად, წინასაარჩევნო გარემო საქართველოში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
XS
SM
MD
LG