Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა. 14 მაისი 2010


მიმდინარე კვირის დასავლეთის პრესის მიმოხილვაში საქართველოსთან დაკავშირებულ ერთ საინტერესო სტატიაზე მოგითხრობთ, შემდეგ კი რამდენიმე წერილს მიმოვიხილავთ, რომლებიც კვირის მანძილზე დასავლეთის ჟურნალ-გაზეთების ყურადღების ცენტრში მოქცეულ საკითხებს ეხმაურება.

მიმოხილვას დავიწყებთ საქართველოსთან დაკავშირებული სტატიით, რომელიც 13 მაისს გამოქვეყნდა ჟურნალ „ნიუსვიქში“. წერილის სახელწოდებაა „რუსეთის სამაგიერო“, ხოლო ავტორები ოუენ მეთიუსი და ანა ნემცოვა არიან.

„ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში - მაგალითად, საქართველოსა და უკრაინაში - მომხდარმა დემოკრატიულმა რევოლუციებმა მოსკოვი შიშით დაზაფრა. ახლა კი კრემლი დროს უკან აბრუნებს“ - ასეთია წერილის ქვესათაური. სტატიაში აღწერილია, როგორ შეიცვალნენ უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო და ყირგიზეთის პრეზიდენტი ყურმანბეკ ბაკიევი მოსკოვთან უფრო დაახლოებული ფიგურებით.

„იმის თქმა, რომ უკრაინის თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნებში ან ყირგიზეთში აპრილში მომხდარ ქაოტურ გადატრიალებაში რუსეთი ერთადერთი არქიტექტორი და წარმმართველი ძალა იყო, გადაჭარბება იქნება, მაგრამ მან ნამდვილად შეასრულა ერთ-ერთი მთავარი როლი“, - წერენ ავტორები და განაგრძობენ: ახლა „პირველი სამიზნე საქართველო და მისი ნატოსთან ინტეგრაციის გულმხურვალე მომხრე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიაო.“

სტატიაში აღწერილია საქართველოს პოლიტიკური ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის ხშირი ვიზიტები მოსკოვში - ნათქვამია, რომ სააკაშვილის ოპონენტების გასაძლიერებლად რუსეთი ყველაფერს აკეთებს. სტატიის ბოლოს კი ავტორები წერენ, რომ რუსეთი, შესაძლოა, ახლებურად იწყებდეს მოქმედებას. „რუსეთის ახალი სტრატეგიის მთავარი მნიშვნელობა ის არის, რომ ეს, შესაძლოა, პუტინის პერიოდის შემაშინებელი ტაქტიკის დასასრულს და რეალურ დიპლომატიასთან მიახლოებული სტრატეგიის დასაწყისს მოასწავებდეს. იმის ნაცვლად, რომ ქვეყნებში სამხედრო ძალით შეიჭრას, როგორც ეს 2008 წელს საქართველოში მოხდა, ან მათ გაზის მიწოდება შეუწყვიტოს, როგორც ამას უკრაინას უკეთებდა წარსულში, კრემლი რეგიონალური ოპოზიციის ლიდერებთან იწყებს ურთიერთობის დამყარებას, თანაც არა მხოლოდ რუსეთისთვის ხელსაყრელი პირობებით, არამედ ერთობლივი ინტერესების საფუძველზე“, - ნათქვამია წერილში და იქვე მოყვანილია მოსკოვის კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსის, ალექსეი მალაშენკოს, სიტყვები: „ჩვენ კრემლს ვეუბნებით, რომ თუკი გააგრძელებს მეზობლებისადმი ისეთ მოპყრობას, თითქოს ისინი მტრები იყვნენ, მაშინ მათ გულებს ვინმე სხვა მოიგებს. ვიმედოვნებ, მოსკოვის ახალი მიდგომა განსხვავებული მოსაზრებების უფრო მეტი პატივისცემით მოსმენას ნიშნავსო“, ამბობს პოლიტოლოგი. მისი ნათქვამის პასუხად, სტატიის ბოლოს ავტორები ასკვნიან: „შეიძლება ეს რევოლუციების დაგეგმვასავით დრამატულად არ ჟღერდეს, მაგრამ, შესაძლოა, ეს პოსტსაბჭოთა სივრცის ბრძოლის ველიდან ეთგვარ ერთობად ქცევის დასაწყისს მოასწავებდესო.“

რაც შეეხება სხვა თემებს და საკითხებს - ორშაბათს, 10 მაისს, ევროპის პრესის ყურადღება ევროკავშირის მიერ ევროს გასამყარებლად მიღებული ზომებისკენ იყო მიპყრობილი. ორშაბათ დილით ევროკავშირი დათანხმდა ევროს მოქმედების ზონის ფინანსური პრობლემების მქონე ქვეყნებისთვის, დახმარების სახით, დაახლოებით 500 მილიარდი ევრო გამოყოს. კიდევ 250 მილიარდ ევროს საერთაშორისო სავალუტო ფონდი გაიღებს. ევროპელი ჟურნალისტების ნაწილი თვლის, რომ ეს ნაბიჯი ევროპის ეკონომიკას კიდევ უფრო დაასუსტებს - სხვები კი გამოთქვამენ იმედს, რომ ამით ევროს მიმართ ნდობა გაიზრდება. საბერძნეთის და ევროს დახმარების გეგმით ევროს მოქმედების ზონის ლიდერებმა ევროკავშირში დაავადება გაავრცელეს და მისი ვალუტა დაასუსტეს, - წერდა შვეიცარიაში გამომავალი „ნოიე ციურიხერ ცაიტუნგი“ 10 მაისის ნომერში.

„ევროკომისიისთვის, შესაძლოა, ფატალური შედეგებით დასრულდეს იმ ქვეყნების დახმარება, რომლებმაც პრობლემები თავად შეიქმნეს - მათთვის ისეთი ობლიგაციების გამოშვება, რომლებსაც, მეტ-ნაკლებად, კოლექტიურად გაამყარებენ ევროს მოქმედების ზონის ქვეყნები. ეს დაავადებულ ეკონომიკას საშუალებას მისცემს ჯანმრთელი სახელმწიფოების საკრედიტო ღირებულებით სარგებელი ნახოს“, - ვკითხულობთ სტატიაში. „დაავადების გავრცელებისთვის უფრო სწრაფი გზა არ არსებობს. ასე ევრო და ევროკავშირი გადამდები დაავადების მქონე ინსტიტუტებად გადაიქცევა, რაც ნელ-ნელა დაასუსტებს ევროპის განვითარებას“, - წერს „ნოიე ციურიხერ ცაიტუნგი“ 10 მაისის ნომერში.

სამშაბათს, 11 მაისს, დასავლეთის პრესის ყურადღების ცენტრში ბრიტანეთში მიმდინარე მოვლენები მოექცა. გორდონ ბრაუნის გადადგომა ლეიბორისტული პარტიის ლიდერის თანამდებობიდან ამ პარტიას ხელისუფლებაში ვერ დატოვებსო, წერდა ბრიტანეთში გამომავალი ყოველდღიური „გარდიანი“. „ის კაცი ან ქალი, რომელიც სათავეში მოვა, პარტიის მიერ გადადგმული ნაბიჯების ტვირთს თავის თავზე აიღებს, მაგრამ მომავალთან გასამკლავებლად უნარი არ ეყოფა. დიახ, ბრაუნმა ვერ შეძლო იმის განჭვრეტა, რა სოციალური შედეგები მოჰყვებოდა გადაჭარბებულ იმიგრაციას, როცა ის ბრიტანეთში სამუშაო ძალის ღირებულების კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას ცდილობდა. დიახ, მან არ მოამარაგა სამხედრო ძალები საჭირო აღჭურვილობით. დიახ, მან [მინისტრ] ედ ბოლსს საშუალება მისცა იმდენად ცენტრალიზებულად ემართა განათლების სისტემა, რომ მასწავლებლები მთავრობის მიერ მართულ მარიონეტებად გადაიქცნენ. ჩამონათვალი შეიძლება გაგრძელდეს, თუმცა ისედაც ხვდებით ყველაფერს. მაგრამ ბრაუნი მარტო არ მოქმედებდა. მას პარტიაში თანამოაზრეები ჰყავდა. ყოველი წევრი, რომელსაც ახლა მის შესაძლო შემცვლელად განიხილავენ, ამ წარუმატებელ ზომებს უჭერდა მხარს. ამომრჩეველმა ეს იცის და მომავალშიც გაიხსენებს“, - წერდა „გარდიანი“ 11 მაისს.

ბუნებრივია, ბრიტანეთი დასავლეთის პრესის ყურადღების ცენტრში 12 მაისსაც დარჩა. სწორედ ამ დღეს გაირკვა, რომ ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი კონსერვატორთა ლიდერი დევიდ კამერონი გახდა, რომელმაც ლიბერალ-დემოკრატებთან ერთად კოალიციური მთავრობა შექმნა. სანაცვლოდ, ის ლიბერალ-დემოკრატებს საარჩევნო სისტემის შედარებით პატარა პარტიების სასარგებლოდ რეფორმირებაზე რეფერენდუმის ჩატარებას დაჰპირდა. ევროპული პრესა წერდა, ბრიტანეთი ახალი ეპოქის ზღვარზეაო. ბრიტანეთის „ტაიმსში“ 12 მაისს გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ: „კამერონს აქვს პოტენციალი, ჩვეულებრივ, პარტიების ინტერესებზე დაფუძნებულ პოლიტიკაზე მაღლა დადგეს. მას შეუძლია ეროვნულ ლიდერად იქცეს, მისი პარტია კი გახდეს უფრო ფართო, უფრო გულუხვი, მოსმენის და კომპრომისებზე წასვლის უკეთესი უნარის მქონე. საკუთრივ იმ ფაქტმა, რომ კოალიციურ პარტნიორთან უწევთ მუშაობა, შესაძლოა, კონსერვატორებს უფრო მეტი ზომიერებისკენ და ნაკლები სიმკაცრისკენ უბიძგოს“, - წერდა „ტაიმსი“ და დასძენდა: „კონსერვატორებს შეეძლებათ რთული გადაწყვეტილებების პოლიტიკური საფასური სხვა პოლიტიკურ ძალასთან გაიყონ.“
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG