Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის სამხრეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა


ყირგიზეთის დროებითმა მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქ ჯალალ-აბადში - მას შემდეგ, რაც იქ პოლიციასა და დაპირისპირებულ ეთნიკურ ჯგუფებს შორის შეტაკებებში 2 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაიჭრა. დროებითი მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საგანგებო მდგომარეობა ძალაში დღეიდან შედის და 1 ივნისამდე დარჩება. დროებითი მთავრობის ხელმძღვანელის, როზა ოტუნბაევას მიერ ხელმოწერილი ბრძანებით, ადგილობრივი დროით საღამოს 8-დან დილის 6-მდე კომენდანტის საათი იმოქმედებს. დღეს უფრო ადრე შეტაკება მოხდა ჯალალ-აბადის უნივერსიტეტში, რომელიც უზბეკური უმცირესობის ცენტრად ითვლება. საპროტესტო აქციის ყირგიზმა მონაწილეებმა უნივერსიტეტში შეჭრა სცადეს. იყო სროლა - თუმცა გაურკვეველია ვინ გახსნა ცეცხლი. ქალაქი ფერგანის ველზე მდებარეობს - შუა აზიის ყველაზე მღელვარე და ეთნიკურად დაყოფილ რეგიონში. პარალელურად, დროებითმა მთავრობამ გაავრცელა ბრძანება, რომლის ძალითაც ოტუნბაევა სახელმწიფოს მეთაური გახდა 2011 წლის 31 დეკემბრამდე. კონსტიტუციის შეცვლის თაობაზე რეფერენდუმი 27 ივნისს არის დანიშნული.
XS
SM
MD
LG