Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინტონი მოუწოდებს ჩრდილოეთ კორეას შეწყვიტოს პროვოკაციები


შეერთებულმა შტატებმა დღეს გააფრთხილა ჩრდილოეთ კორეა შეწყვიტოს პროვოკაციები და მუქარა სამხრეთ კორეის წინააღმდეგ. პარალელურად, სეულში მყოფი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას გამოეხმაუროს სამხრეთ კორეის სამხედრო გემის ჩაძირვის ფაქტს. აღნიშნული განცხადება ჰილარი კლინტონმა გააკეთა სეულში, სადაც სამხრეთ კორეისათვის სოლიდარობის გამოსახატავად ჩავიდა.

კლინტონი სეულში ჩაფრინდა ჩინეთიდან, სადაც იგი ცდილობდა დაერწმუნებინა პეკინი, უფრო მკაცრი კურსი გაატაროს თავისი ახლო მოკავშირის, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ. ამისდა მიუხედავად, პეკინი რბილი კომენტარებით შემოიფარგლება და აცხადებს, რომ მას არ აქვს სრული ინფორმაცია ხომალდის ინციდენტთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ კონფრონტაციას დიალოგი სჯობია. კლინტონმა აღნიშნა, რომ არსებობს ძალიან ბევრი მტკიცებულება, რომ სამხრეთ კორეის საზღვაო ძალების კორვეტი 26 მარტს სწორედ ჩრდილოეთ კორეის წყალქვეშა ნავიდან გაშვებულმა ტორპედომ ჩაძირა. სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა სეულში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ურყევად უჭერს მხარს სამხრეთ კორეას დაძაბულ ვითარებაში, რაც ჩრდილოეთ კორეის მიერ სამხედრო გემის ჩაძირვის შემდეგ შეიქმნა:

„ათწლეულებია, რაც ჩვენი ორი ხალხის ბედი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. 60 წელიწადია ჩვენ ფრთხილად ვდარაჯობთ მშვიდობას და სტაბილურობას კორეის ნახევარკუნძულზე და მთელ რეგიონში და შეერთებული შტატებისათვის სამხრეთ კორეის უსაფრთხოება და სუვერენიტეტი წმიდათაწმიდა მოვალეობა და ურყევი ვალდებულებაა.“

სამხრეთ კორეის კუთვნილი სამხედრო გემის ჩაძირვის შედეგად, 46 ადამიანი დაიღუპა, რასაც ჰილარი კლინტონმა „დაუშვებელი პროვოკაცია“ უწოდა. ჩრდილოეთ კორეა უარყოფს სამხედრო გემის ჩაძირვას და აცხადებს, რომ პროტესტის ნიშნად წყვეტს ყოველგვარ ურთიერთობას სამხრეთთან. ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ტელევიზიის დიქტორმა განაცხადა:

„კორეის მშვიდობიანი გაერთიანების კომიტეტი ამიერიდან მთლიანად შეჩერებულად და ძალადაკარულად მიიჩნევს ორ კორეას შორის არსებულ ურთიერთობებს და ძალადაკარგულად მიიჩნევს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის.“

იმავდროულად, ფხენიანმა მიიღო მკვეთრი განცხადება, რომელიც სამხრეთ კორეის პრეზიდენტსა და მთავრობას „კონფრონტაციის მანიაკებს,“ ფარისევლებს და ომის გამჩაღებლებს უწოდებს. ბრიტანეთში მოღვაწე კორეის ექსპერტი აედინ ფოსტე კარტერი ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება გამორიცხულია და საერთაშორისო საზოგადოებას მხოლოდ შეზღუდული ზემოქმედების მოხდენა შეუძლია:

„ძირითადი არჩევანი კვლავ ერთფეროვანია - გავიდეს ჩრდილოეთ კორეის საკითხი გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოში, რასაც, როგორც განაცხადა, სამხრეთ კორეა აპირებს კიდეც. იქნება კიდევ ერთი რეზოლუცია, რასაც ჩინეთი, ჩემი აზრით, არც შეეწინააღმდეგება, მაგრამ არც მხარს დაუჭერს. თუმცა, 2006 წლის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სამი ასეთი რეზოლუცია და თავმჯდომარის განცხადება უკვე იქნა მიღებული.“

ფოსტერ კარტერის თქმით, კიდევ ერთი რამ, რის გაკეთებაც შეერთებულ შტატებს შეუძლია, ეს არის ჩრდილოეთ კორეის კვლავ შეტანა იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც ტერორისტებს აფინანსებენ. ჩრდილოეთ კორეა ასეთი ქვეყნების სიიდან ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის დროს ამოიღეს.

აღსანიშნავია, რომ, სამხრეთ კორეასთან ყოველგვარი ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ განცხადების მიუხედავად, ჩრდილოეთ კორეა არ ჩქარობს დახუროს კაისონგის ინდუსტრიული პარკი, სადაც სამხრეთ კორეის მცირე საწარმოებში 40 ათასი ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეა დასაქმებული. თუმცა ფხენიანი იმუქრება, რომ გადაკეტავს კაისონგთან დამაკავშირებელ გზებს, თუკი სამხრეთ კორეა განაახლებს პროპაგანდისტულ მაუწყებლობას საზღვარზე დამონტაჟებული მეგაფონების საშუალებით.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG