Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მექსიკის ყურეში დაღვრილი ნავთობის შესაჩერებლად მუშაობა გრძელდება


მექსიკის ყურეში გრძელდება ნავთობის დაღვრის შესაჩერებელი სამუშაოები
მექსიკის ყურეში გრძელდება ნავთობის დაღვრის შესაჩერებელი სამუშაოები
მექსიკის ყურეში გრძელდება ნავთობის დაღვრის შესაჩერებელი სამუშაოები. ამერიკელი მეცნიერების განცხადებით, შეერთებული შტატების ისტორიაში ეს ნავთობის დაღვრის ყველაზე მასშტაბური შემთხვევაა. ენერგეტიკული კომპანია „ბრიტიშ პეტროლეუმი“ ამბობს, რომ მუშაობა კარგად მიმდინარეობს, თუმცა იმის გასარკვევად, მოხერხდა თუ არა დაღვრის შეჩერება, კიდევ ერთი ან ორი დღეა საჭირო.

კომპანია „ბრიტიშ პეტროლეუმი“ აგრძელებს მექსიკის ყურეში ნავთობის დაღვრის შესაჩერებელ სამუშაოს. საქმე ეხება შეერთებული შტატების ისტორიაში ნავთობის დაღვრის ყველაზე მასშტაბურ შემთხვევას.

პარასკევს ენერგეტიკული ფირმა ისევ შეუდგა გამსკდარ ჭაბურღილში სქელი სითხის ჩატუმბვას. ამასთან, კომპანია ამბობს, რომ სხვა მეთოდსაც იყენებს - ჭაბურღილში სხვადასხვა მასალა, მაგალითად რეზინი და გოლფის ბურთები, დიდი სიმძლავრით შეაქვს.

იმის შესახებ, თუ რამდენად წარმატებულია ოპერაცია, განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება.

დაღვრის შეჩერების ოპერაციის ზედამხედველი ადმირალი თედ ალენი აცხადებს, რომ ნავთობისა და გაზის გამოდინება შეჩერებულია, თუმცა უცნობია მოხერხდება თუ არა ამ ვითარების შენარჩუნება.

„ბრიტიშ პეტროლეუმის“ მთავარი აღმასრულებელი ფიგურის ტონი ჰეივორდის თქმით კი, მართალია, ოპერაცია „საკმაოდ კარგად, გეგმის თანახმად“ მიმდინარეობს, მისი საბოლოო წარმატებულობის დასადგენად შეიძლება კიდევ ორი დღე იყოს საჭირო.

სქელი სითხის გახეთქილ ჭაბურღილში ჩატუმბვის მეთოდი აქამდე არასოდეს გამოუცდიათ 1,500 მეტრის სიღრმეზე, სადაც ეს ჭაბურღილი მდებარეობს.

თუ პროცედურა გაამართლებს, ჭაბურღილის დახურვის მიზნით იქ ბოლოს ცემენტს ჩატუმბავენ.

პარალელურად, გაირკვა, რომ ჭაბურღილიდან აქამდე ნავარაუდევზე ბევრად მეტი ნავთობი ამოიფრქვა.

აშშ-ის მთავრობისთვის მომუშავე მეცნიერების მიერ გავრცელებული ახალი მონაცემების თანახმად, გამსკდარი ჭაბურღილიდან დღეში 12,000-დან 19,000-მდე ბარელი ნავთობი იღვრება, ანუ დღეში 1,9 მილიონიდან 3,8 მილიონამდე ლიტრი ნავთობი - გაცილებით მეტი დღეში 5000 ბარელზე, რასაც დასაწყისში ვარაუდობდნენ.

დაღვრილმა ნავთობმა უკვე დააბინძურა ლუიზიანის შტატის სანაპირო ზოლის დაახლოებით 160 კილომეტრი, რაც დიდ საფრთხეს უქმნის შტატების გარემოს და თევზსაჭერ ინდუსტრიას.

ამასთან, „ბრიტიშ პეტროლეუმი“ და ამერიკელი ოფიციალური პირები გამოძიებას აწარმოებენ იმის დასადგენად, თუ რამ გამოიწვია გამწმენდ სამუშაოებში მონაწილე ჯგუფის 7 წევრის ავად გახდომა.

კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ქვეყნის მთავრობამ სათანადო სისწრაფით ვერ უპასუხა შექმნილ კრიზისს, მაგრამ პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, ეს კრიტიკა უსაფუძვლოა.
ობამამ განაცხადა, რომ ამ „შემაძრწუნებელ კატასტროფაზე“ პასუხს „ბრიტიშ პეტროლეუმს“ მოსთხოვს. მისი თქმით, სრულიად ლეგიტიმურია იმ შეკითხვის დასმა, თუ რამდენად სწორი მონაცემები გაავრცელა კომპანიამ ზარალის მასშტაბის შესახებ.

თეთრ სახლში გამოსვლისას პრეზიდენტმა რამდენიმე ზომაზე ისაუბრა - მათ შორის, ბურღვის ნებართვების გაცემაზე დაწესებული მორატორიუმის ვადის გაგრძელების შესახებ:

„არსებულ მორატორიუმს გავაგრძელებთ და კიდევ ექვსი თვით შევაჩერებთ ნებართვების გაცემას წყლის სიღრმეში ახალ ჭაბურღილებზე მუშაობის დასაწყებად.“

ამასთან, ობამამ შეაჩერა ბურღვა მექსიკის ყურის 33 საკვლევ ობიექტზე და გააუქმა ალასკისა და ვირჯინიის სანაპიროს მიმდებარე ოფშორული ადგილების იჯარა.

პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა ნავთობის კომპანიებსა და მარეგულირებელ ორგანოებს შორის დამყარებული ახლო კონტაქტები:

„ნავთობის დაღვრის ამ შემთხვევამ ნათლად აჩვენა, რომ კიდევ მეტი რეფორმის გატარებაა საჭირო. უკვე წლებია, ნავთობის კომპანიებსა და მათ მარეგულირებელ სააგენტოს შორის სკანდალურად ახლო ურთიერთობა დამყარდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ერთმანეთისგან გავაცალკევოთ ხალხი, ვინც ნავთობის მოპოვებაზე ნებართვას გასცემს და ხალხი, ვინც ამ პროცესში უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ობამამ.

მის გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე თანამდებობიდან გადადგა ელიზაბეტ ბირნბაუმი - მინერალების მენეჯმენტის სამსახურის უფროსი. ნავთობის ინდუსტრიას სწორედ ეს სამთავრობო უწყება მართავს.

ობამას გამოსვლამდე გავრცელებული მონაცემებით, შეერთებული შტატების მოქალაქეების 60 პროცენტი უკმაყოფილოა ნავთობის დაღვრაზე მთავრობის რეაგირებით.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG