Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

არჩევნები და დარღვევები ზუგდიდში


ადგილობრივი თითმმართველობის არჩევნებში ზუგდიდის 67 საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მონაწილეობა მიიღო 48 521-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 37,21 %-ია. წინასწარი მონაცემებით, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ამომრჩეველთა ხმების 65,75% მიიღო, მეორე ადგილზე ”ალიანსი საქართველოსთვის” 10,41%-ით გავიდა, ხოლო ”ეროვნულმა საბჭომ” 6,48% მიიღო.

საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ფიფიას ცნობით, 31 მაჟორიტარული ოლქიდან 28-ში მმართველი პარტია ლიდერობს.

საოლქო კომისიის ამ შედეგებს უნდობლობას უცხადებენ ”ეროვნულ საბჭოში“. მოძრაობა ”სამართლიანი საქართველოსთვის” პრესსპიკერი მარინა დამენია, რომელმაც ოფიციალურ კომენტარზე საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე უარი განაცხადა, ამბობს, რომ ზუგდიდში და მის სოფლებში არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, რაც ამომრჩევლების პასიურობით გამოიხატა. ამიტომ ”ეროვნულ საბჭოში” ამბობენ, რომ არჩევნები ჩატარებულად არ უნდა გამოცხადებულიყო.

”ალიანსი საქართველოსთვის” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ალასანიამ რადიო თავისუფლებას სატელეფონო საუბარში უთხრა, რომ კენჭისყრის შედეგად ”ალიანსის” მეორე ადგილზე გასვლა არის წარმატება, რაც მომავალ არჩევნებზე გამარჯვების წინაპირობა იქნება.

ამასთან, გიორგი ალასანიამ რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ ”ალიანსმა საქართველოსთვის” მოამზადა ერთი საჩივარი, რომელიც განმუხურის 38-ე უბანზე მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. ამ უბანზე უმისამართო დევნილები ღებულობდნენ მონაწილეობას. ”როგორც ჩემთვის არის ცნობილი, განმუხურის საარჩევნო უბანზე გატეხეს ყუთი და ამ დროს ჩაყარეს ბიულეტენები, რომ „ეროვნული საბჭოს“ მაჟორიტარობის კანდიდატს მიეღო ხმების უმრავლესობა”, - აცხადებს გიორგი ალასანია.

საოლქო კომისიის ცნობით, უწყებაში სულ 26 საჩივარი შევიდა. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ფიფია აცხადებს, რომ განმუხურის ინციდენტზე მომზადებული საჩივარი განხილვის სტადიაშია და მას პასუხი დღეს გაეცემა. ”რაც შეეხება იმ 26 საჩივარს, საოლქომ იმსჯელა ამაზე და რადგანაც ყველა იყო პროცედურულ დარღვევებზე, საჭიროდ არ ჩავთვალეთ განგვეხილა, რადგან ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის”, - გვიხსნის გიორგი ფიფია.

არჩევნების შედეგები უკვე შეაჯამა ლიტვის დასავლეთ ევროპის კვლევების ცენტრმა, რომელიც მის მიმდინარეობას ზუგდიდში 20 კაციანი ჯგუფით აკვირდებოდა. ცენტრის შეფასებით, არჩევნები იყო გამჭვირვალე და დემოკრატიული. უცხოური ორგანიზაციისგან განსხვავებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბოლომდე თავისუფალს და გამჭვირვალეს ვერ უწოდებენ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა დასკვნაში ოკუპირებულ აფხაზეთთან მოსაზღვრე სოფლებში არსებულ საარჩევნო უბნებს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ცნობისათვის: ზუგდიდის მუნიციპალიტეტს 41 კაციანი საკრებულო ეყოლება, რომლის უმრავლესობაც, წინასწარი მონაცემებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იქნება.
XS
SM
MD
LG