Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მარსი 500“


მარსზე კოსმონავტების გაგზავნამდე შესაძლოა, კიდევ ათწლეულები იყოს დარჩენილი, მაგრამ რუსი, ფრანგი, იტალიელი და ჩინელი მკვლევრების ჯგუფი წინასწარვე ცდილობს დაადგინოს, რა პირობებში ყოფნა მოუწევთ ადამიანებს „წითელ პლანეტაზე“ - მარსს, როგორც ცნობილია, ასეც უწოდებენ ღამის ცაზე მისი შეფერილობის გამო. საქმე ეხება მარსის „მოდელირებულ მისიას“ სახელწოდებით „მარსი 500“ – წელიწადნახევრიან ექსპერიმენტს, რომელიც ხუთშაბათს დაიწყო მოსკოვში. ექვსი მამაკაცი, მათ შორის სამი რუსი და თითო-თითო ფრანგი, იტალიელი და ჩინელი 520 დღით არის იზოლირებული ხელოვნურ კოსმოსში. რაკეტის, ისევე როგორც მარსის ზედაპირის მოდელები რუსეთის სამედიცინო-ბიოლოგიურ პრობლემათა ინსტიტუტის უფანჯრო სათავსოში აიგო.

ექვსკაციან ეკიპაჟს რამდენიმე დავალება აქვს მიღებული, მათ შორის შემოწმება იმისა, თუ რამდენად რეალისტურია შესაძლო მისიის განრიგი: 250 დღე მარსამდე გზისთვის, 30 დღე პლანეტის ზედაპირზე და 240 დღე შინ, დედამიწაზე დასაბრუნებლად.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ექსპერიმენტით, რომელსაც რუსეთი, ჩინეთი და ევროპის კოსმოსური სააგენტო აფინანსებენ, ხარისხიანი მონაცემები მოგროვდება შესაძლო, ნამდვილ მისიასთან დაკავშირებული ტექნიკური და ფსიქოლოგიური პრობლემების შესახებაც.

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის კოსმოსური კვლევის ინსტიტუტის დირექტორი ლევ ზელიონი როგორც განმარტავს, „არის ფსიქოლოგიური პრობლემები, არის დედამიწასთან კონტაქტის არ-ქონის პრობლემები, არსებობს ფსიქოლოგიური შეუთავსებლობის პრობლემები, არის კლაუსტროფობიის პრობლემა, არის სიცოცხლის ასე ვთქვათ, ჩაკეტილი ციკლის პრობლემა“.

კოსმოსური ხომალდის მოდელი ერთმანეთთან დაკავშირებული ფოლადის კონტეინერებისაგან შედგება, საერთო მოცულობით 550 კუბური მეტრი. და კარი ექსპერიმენტის დასრულებამდე არ გაიღება - თუ რასაკვირველია, მანამდე რამე განსაკუთრებული არ მოხდა... „მისი შეწყვეტა შესაძლებელია ჯანმრთელობის ისეთი მაჩვენებლების შემთხვევაში, რომლებიც მიგვანიშნებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აღარ შეგვიძლია ექსპერიმენტის გაგრძელება, რადგან ეს ჯანმრთელობას ემუქრება. ეს შეიძლება იყოს სამედიცინო, ან ტექნიკური პრობლემები. მაშინ ექსპერიმენტს შევწყვეტთ. სხვა შემთხვევაში - თუნდაც ეკიპაჟის ერთ-ერთმა წევრმა რომ მოისურვოს - ეს არ მიგვიყვანს ექსპერიმენტის შეწყვეტამდე“, ამბობს მარსის მოდელირებული მისიის ტექნიკური დირექტორი, ევგენი დიომინი, რომელსაც ტელეფონით დაუკავშირდა ჩვენი რადიოს რუსული სამსახური.

ვირტუალური მოგზაურობის მონაწილეებს გარე სამყაროსთან კომუნიკაციის ერთადერთ გზად ელექტრონული ფოსტა რჩებათ, ამასთან მოუწევთ, საკვების შეზღუდულ რაციონს დაკმაყოფილდნენ - იმას, რაც მისიის დასაწყისში ჰქონდათ. საკვებისა და წყლის მარაგის განახლება შეუძლებელია, „ყველაფერი მარაგზეა - რასაც შეჭამენ, აღარ ექნებათ“, განმარტავს ევგენი დიომინი. მისივე თქმით, მოწყობილია სათბურები - „ორანჟერეის“ ტიპის სისტემა, „რომელშიც გარკვეული რაოდენობით მწვანილეული უნდა მოვიდეს - ის კვების რაციონს დაემატება. მაგრამ ეს მოწყობილობა ექსპერიმენტის ბოლო ეტაპზე - მის დასრულებამდე დაახლოებით 100 დღით ადრე ამოქმედდება. ყველა სხვა ტიპის ორანჟერეებიც რაღაცას აწარმოებს, მაგრამ მათს მუშაობას უფრო, წმინდა ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს. ეს არის ყვავილები, კენკრა - ლამაზია, უყურებ, მოუვლი. მაგრამ რეგულარულად კვება - ეს გამორიცხულია“.

პროექტი რუსეთის წარმომადგენლების სუხრობ კამოლოვის, ალექსანდერ სმოლეევსკის და ალექსეი სიტევის (ეს უკანასკნელი კაპიტანია), ჩინელი ვან იუს, ფრანგი რომენ შარლის და იტალიელი დიეგო ურბინას მონაწილეობით, მარსის პირველი სრული ხანგრძლივობის მოდელირებული მისიაა. შარშან მოსკოვში წარმატებით განხორციელდა ასეთივე პროექტი, ოღონდ მან სულ 105 დღე გასტანა.

რაც შეეხება ნამდვილი, არამოდელირებული მისიის - კოსმონავტების ნამდვილ მარსზე გაგზავნის პერსპექტივას, მისგან, ევროპის კოსმოსური სააგენტოს და შეერთებული შტატების „NASA“-ს გეგმით, კიდევ დაახლოებით სამი ათწლეულით ვართ დაშორებული. დროსთან ერთად მანძილიც შთამბეჭდავია: ის 55-დან 400 მილიონ კილომეტრამდე მერყეობს იმისდა მიხედვით, თუ ორბიტების რომელ მონაკვეთებზე იმყოფებიან დედამიწა და მისი ერთ-ერთი მეზობელი, მარსი - რიგით მეოთხე პლანეტა მზის სისტემაში.
XS
SM
MD
LG