Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნების შეფასება ლარის ვარდნის ფონზე


გასული კვირის ბოლოს, 30 მაისს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ასე რომ, ბუნებრივია, ორშაბათი არჩევნების შედეგების განხილვით დაიწყო. ერთ-ერთი პირველი შეფასება ჩვენს ეთერში კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა გოგი ხუციშვილმა გააკეთა. მან არჩევნების წინა ვითარებაც განიხილა და კენჭისყრის პროცესიც.

ორშაბათსვე შეაფასეს არჩევნები ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. მათი პირველადი შეფასება ასეთი იყო: არჩევნები შედგა, ეს იყო წინგადადგმული ნაბიჯი არჩევნების სამართლიანად ჩატარების გზაზე, მაგრამ მას დარღვევების გარეშე არ ჩაუვლია და ბოლომდე თავისუფალი და გამჭვირვალე არ ყოფილა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა თამარ ხიდაშელმა ილაპარაკა იმაზე, რაც, მისი აზრით, ყველაზე დიდი პრობლემა იყო არჩევნების დღეს. ”ყველაზე მნიშვნელოვან დარღვევად ჩვენ მიგვაჩნია ის, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ლეგიტიმური ჰგონია. ვგულისხმობ იმას, რომ მათი აქტივისტები აღრიცხავდნენ უბნებზე გამოცხადებული ამომრჩევლების რაოდენობას თავიანთ საარჩევნო სიებში. ვფიქრობ, ამომრჩევლის მიერ ნების გამოვლენის თავისუფლება იზღუდებოდა”, - თქვა მან.

მსგავსი იყო ევროპელი დამკვირვებლების პოზიციაც. ეუთოს სადამკვირვებლო გრძელვადიანი მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ოდრი გლოვერმა თქვა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ არჩევნები ორგანიზებული იყო გამჭვირვალედ, ყოვლისმომცველად და პროფესიულად, თუმცა არჩევნების დღეს ზოგიერთ რეგიონში მთელი რიგი დარღვევები მაინც დაფიქსირდა. ამავე აზრის იყო ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლებების კონგრესის დელეგაციის ხელმძღვანელიც: მან მიღწეული პროგრესი აღნიშნა, მაგრამ დარღვევებზეც ილაპარაკა, რომლებიც, მისი თქმით, ძირითადად, ხმის დათვლის პროცესს შეეხებოდა.

არჩევნების შემდეგ ოპოზიციაში გადაჯგუფება დაიწყო. ”ალიანსი საქართველოსათვის” რამდენიმე წევრმა დატოვა, მათ შორის, სოზარ სუბარმა და კოკა გუნცაძემ. სუბარმა თქვა, რომ „ალიანსი“ სწორედ იმ პოლიტიკის გამო დატოვა, რომელმაც, მისი აზრით, გაერთიანებას პირველი ადგილის მოპოვებაში შეუშალა ხელი.

ამ გადაჯგუფების პარალელურად, ქართულმა მედიამ აქტიური მსჯელობა დაიწყო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გადანაწილდება ძალები ოპოზიციაში. ყველაზე მეტს წერდნენ და ლაპარაკობდნენ იმის შესახებ, რომ ოპოზიციაში ჩამოყალიბდება ორი ბანაკი - უფრო რადიკალური ჯგუფის ლიდერი იქნება ნინო ბურჯანაძე, უფრო ზომიერისა კი - ირაკლი ალასანია.

ეს, რაც შეეხებოდა პოლიტიკას. თუმცა, კვირის მიმდინარეობასთან ერთად, წინა პლანზე უფრო ეკონომიკა გამოვიდა. მთელი კვირის განმავლობაში ეცემოდა საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი. პარასკევს მან ოთხი წლის წინანდელ ნიშნულს მიაღწია და ლარის ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებაში 1 ლარი და 84 თეთრი გახდა. ლარის კურსი დაეცა ევროსთან მიმართებაშიც. არადა, ბოლო ერთი თვის მანძილზე, ევროს გაუფასურების ფონზე, ლარის კურსი მასთან მყარდებოდა. ლარის ვარდნის მიზეზებზე რადიო თავისუფლებას ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ახლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნოდარ ხადური ესაუბრა. მან თქვა, რომ საქართველოში უცხოური ვალუტის მოცულობა შემცირდა, რამაც დოლარსა და ევროზე მოთხოვნის ზრდა გამოიწვია და, შესაბამისად, გააძვირა.

ლარის კურსი შაბათ-კვირასაც აგრძელებდა რყევას. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ დროს ბაზარი ეროვნული ბანკის ჩარევის გარეშე ადგენს ეროვნული ვალუტის კურსს.

მთელი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა მუშაობა ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტზე, რომელიც საბაჟო კოდექსსაც ითავსებს. მან უკვე მიიღო მეტ-ნაკლებად დასრულებული სახე და ელიან, რომ პარლამენტი რამდენიმე კვირაში დაიწყებს განხილვას. მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ჯერ ისევ მეტად მწირი ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში მაინც გამოყო რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი. მან თქვა, რომ ახალ კოდექსში შემოდის ცნება - ”მიკრობიზნესი”, ანუ, დაბალი ბრუნვის მქონე მეწარმე, რომელსაც აქვს 30 ათას ლარამდე წლიური ბრუნვა და არ ჰყავს დაქირავებული მუშახელი. ამ კატეგორიის ბიზნესმენებს გადასახადი საერთოდ მოეხსნებათ. ასევე ზღვარი, რომლის მაღლაც კომპანიები დღგ-თი არ დაიბეგრებიან, აიწევს 200 ათას ლარამდე.

გრძელდება მუშაობა კონსტიტუციის პროექტზეც. 4-5 ივნისს ვენეციის კომისიამ დაიწყო საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ საბაზისო პროექტის განხილვა. ვენეციის კომისია ცალკეული ექსპერტების მოსაზრებებს მომავალი ორი კვირის განმავლობაში შეაჯერებს და დასკვნას საქართველოს სახელმწიფო კომისიის წევრებს ივნისის შუა რიცხვებში წარუდგენს.

დღეს დილით კი საქართველოს დელეგაცია ჟენევაში გაემგზავრა, სადაც 8 ივნისს მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი გაიმართება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი ბოკერიამ ჟურნალისტებს გამგზავრებამდე განუცხადა, რომ მხარეები უსაფრთხოების ახალ მექანიზმზე იმსჯელებენ.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG