Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიდევ ერთი დაკავება ჟენევის დისკუსიის ფონზე


რუსეთის სამხედრო ბაზა ცხინვალში
რუსეთის სამხედრო ბაზა ცხინვალში
ეგრეთ წოდებულმა რუსმა მესაზღვრეებმა ზნაურის რაიონის სოფელ ქალეთთან ქარელის რაიონის სოფელ ჭვრინისის მცხოვრები, 39 წლის ტარიელ ჯეირანაშვილი დააკავეს, რომელსაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში სდებენ ბრალს.

ოსური საინფორმაციო საშუალებები, დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით, ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ჯეირანაშვილს პირადობის დამადასტურებელი საბუთები არ გააჩნდა, მისი საქმე კი ახლო მომვალში სასამართლოს გადაეცემა.

ცხინვალის სასამართლომ 3 ივნისს დაკავებული სოფელ კირბალის მცხოვრებ ნუგზარ თაყაძის საქმეზეც იმსჯელა. მასაც საზღვრის უკანონოდ გადალახვას ედავებოდნენ. თაყაძის მიმართ სასამართლომ დე ფაქტო რესპუბლიკიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო და იგი ქართველ სამართალდამცავებს გადასცეს. როგორც ქართულ საინფორმაციო სააგენტოებს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსმა ვლადიმერ ჯუღელმა განუცხადა, იგი ჯეირანაშვილის გათავისუფლების საკითხზე რუსი მესაზღვრეების წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს, ჯეირანაშვილისა, რომელიც დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე იქ გადასული საქონლის გამოსაყვანად შევიდა.

სავარაუდოდ, ორ–სამ დღეში ცხინვალის სასამართლო, წინა შემთხვევის მსგავსად, მისი გაძევების გადაწყვეტილებასაც მიიღებს. ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამარბერგის მიერ მხარეებთან მიღწეული მემორანდუმის მიხედვით, ეგრეთ წოდებული საზღვრის შემთხვევით დამრღვევები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. ამ შეთანხმებას ოსური მხარე ნაწილობრივ ასრულებს. არის შემთხვევები, როცა სწრაფად ათავისუფლებენ დაკავებულებს, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეები თვეობით ელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას.

შიდა ქართლის სამხარეო რწმუნებულის მოადგილის გიორგი ავალიანის თქმით, ეგრეთ წოდებული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების უფლებები გამუდმებით ირღვევა. მისი აზრით, საერთაშორისო ორგანიზაციები სწორედ ინციდენტების პრევენციისა და უსაფრთხოების დასაცავად უნდა გააქტიურდნენ.

დღეს ჟენევის დისკუსიის მე–11 რაუნდი მიმდინარეობს. იქ გამგზავრებამდე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ქართული მხარე, საერთაშორისო მოლაპარაკების ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი ოკუპანტების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის აღკვეთას განსაკუთრებული სიმკაცრით მოითხოვს. მისი თქმით, ჟენევაში ცხინვალის ციხეში დაკავებულთა გათავისუფლების საკითხიც დადგება.

„ყველაზე მწვავე საკითხი არის ჩვენი მოქალაქეების უკანონოდ დაკავება საოკუპაციო რეჟიმის მიერ და ასევე ის, რომ, მიუხედავად ჩვენი კეთილი ნებისა, გრძელდება მუდმივი ტერორი საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც კონფლიქტის ზონებში ცხოვრობენ და მიმდებარედ გადაადგილდებიან“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ ქართულ საინფორმაციო სააგენტოებთან საუბარში.

ოსური დელეგაცია ქართული მხარის მიერ მედვედევ-სარკოზის შეთანხმების დაცვის, ასევე ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმების საკითხის დაყენებას გეგმავს. ოსური მხარე ასევე წამოსწევს ჰუმანიტარული ხასიათის და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებს.

ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების საკითხის დაყენებას აპირებს რუსული მხარეც, თუმცა ქართული მხარე ბოლო შეხვედრების განმავლობაში მუდმივად ამტკიცებს, რომ მედვედევ-სარკოზის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უკვე შესრულებულია და დამატებითი დოკუმენტის მიღება საჭირო აღარ არის.
XS
SM
MD
LG