Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რისთვის სჭირდება რუსეთს ”მისტრალი”


ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრემიერ-მინისტრი
ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრემიერ-მინისტრი
რუსეთის პრემიერ-მინისტრის 2-დღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პარიზთან განსახილველ ერთ-ერთ მთავარ საკითხად სამხედრო ვერტმფრენმზიდ ”მისტრალთან”დაკავშირებული გარიგება სახელდება. ეს არის თბილისის მიერ არაერთგზის მწვავედ გაპროტესტებული საკითხი, რომელიც ასევე განიხილებოდა საქართველოს პრეზიდენტის სტუმრობისას თავის ფრანგ კოლეგასთან პარიზში. ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ეწევა რუსეთსა და საფრანგეთს შორის პრინციპულად შეთანხმებულ გარიგებას, თუმცა კრემლს საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში ”მისტრალი” სულაც არ სჭირდება.

როდესაც 8 ივნისს მიხეილ სააკაშვილმა პარიზში კიდევ ერთხელ დასვა ”მისტრალის” საკითხი, საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მან ფრანგი კოლეგისგან კიდევ ერთხელ მოისმინა, რომ რუსეთი საფრანგეთის სტრატეგიული პარტნიორია - მათ შორის, სამხედრო სფეროშიც - და რომ “მისტრალის” მიყიდვის პროცესი სავსებით შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე
სარკოზისთან შეხვედრის შემდეგ კი პრეზიდენტი სააკაშვილი ამ თემაზე მოკლე საჯარო კომენტარით შემოიფარგლა და თქვა, რომ ”მისტრალის” საკითხი საფრანგეთსა და რუსეთს შორის მოლაპარაკების საგანია. ამ კონტექსტში, მოდით, გავიხსენოთ 19 თებერვალი, როდესაც მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოდიოდა ლონდონში, საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტში. მან თქვა, რომ ”სამხედრო გემის რუსეთისთვის შესაძლო მიყიდვა მოულოდნელი და ძალიან სარისკოა” და რომ პარიზი საფრთხეს უქმნის სტაბილურობას კავკასიის მთელ რეგიონში და რომ ფრანგული ტექნიკის დახმარებით რუსეთს შესაძლებლობა ექნება, რამდენიმე საათში დაიპყროს აღმოსავლეთ ევროპის ნებისმიერი ქვეყანა. ითქვა ისიც, რომ დიდია საფრთხე - შავ ზღვაში ერთმანეთს პირდაპირ დაუპირისპირდნენ ”მისტრალი” და ნატოს ძირითადი ძალები. იმ დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა საფრანგეთის პრეზიდენტს არ მიეყიდა სახიფათო საბრძოლო ტექნიკა რუსეთისთვის.

მსგავსი რამ პრეზიდენტ სააკაშვილს 8 ივნისს საჯაროდ აღარ განუცხადებია. სამაგიეროდ, მან ხაზი გაუსვა საფრანგეთის სრულ მხარდაჭერას:

”ჩვენ გვყავს ევროკავშირში მთავარი სახელმწიფო, რომელიც მთლიანად, ბოლომდე, ყოველგვარი ყოყმანის და ყოველგვარი წინაპირობებისა და დათქმების გარეშე მხარს უჭერს საქართველოს ყველა საკითხში.”

დაპირებული მხარდაჭერით, ანალიტიკოსების აზრით, პარიზი თბილისში „მისტრალთან“ დაკავშირებული პანიკის ჩაცხრომასაც შეეცადა. თუმცა ხსენებული პანიკა მაინც ვერ უშლიდა ხელს საკითხის წინ წაწევას. „მისტრალის“ გარიგება პრაქტიკულად შეთანხმებულია, თუმცა ჯერჯერობით ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის რამდენ ხომალდს მიჰყიდის პარიზი კრემლს და რამდენის აშენების უფლებას მისცემს. საუბარია სულ 4 ხომალდზე და, როგორც მოსკოვში აცხადებენ, ხელშეკრულება წლის ბოლომდე უნდა გაფორმდეს.

პრემიერ-მინისტრი პუტინი „მისტრალის“ გარიგებას ხელსაყრელ გარიგებად მიიჩნევს, უპირველეს ყოვლის,ა ფრანგი მწარმოებლებისთვის, რადგანაც თითო ასეთი ვერტმფრენმზიდის ფასი, მისი ინფორმაციით, დაახლოებით 300 მილიონ ევროს შეადგენს. ”ჩვენთვის ეს გარიგება საინტერესო მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუკი ის განხორციელდება ჩვენთვის ტექნოლოგიების გადმოცემის პარალელურად. იმისთვის, რომ ჩვენმა გემთმშენებლობამ - სამხედრომაც და სამოქალაქომაც - მიიღოს განვითარების ახალი ტექნოლოგიური ბიძგები”, - უთხრა პუტინმა ფრანგ ჟურნალისტებს პარიზში გამგზავრების წინ.

სამხედრო ვერტმფრენმზიდი "მისტრალი"
სააგენტო ”ფრანს პრესისთვის” და ტელეარხ ”ფრანს 2-სთვის” მიცემულ ინტერვიუში საუბარი „მისტრალთან“ ერთად საქართველოსაც შეეხო და ვლადიმირ პუტინმა, სამომავლო მშვიდობის სურვილების თანხლებით, პასუხში ერთგვარი მუქარა გაურია:

”თანამედროვე შეტევითი კომპლექსები საშუალებას იძლევა განხორციელდეს ნებისმიერი სამხედრო ოპერაცია რუსეთის ტერიტორიიდან საქართველოს ტერიტორიის მთელ შუაგულში. და ამისათვის სულაც არ არის საჭირო ‘მისტრალი’. ”

თუკი კონფლიქტის განახლებას გადაწყვეტს, რუსეთი საქართველოს ”მისტრალის” გარეშეც რომ მოერევა, ამას დიდი დაკვირვება არ სჭირდება სამხედრო სფეროს ექსპერტების მხრიდან. თუმცა ანალიტიკოსები ”მისტრალს”, როგორც საქართველოსა და რუსეთის სხვა მეზობლების წინააღმდეგ მიმართულ დამატებით საფრთხეს, მაინც ხშირად განიხილავენ -მით უმეტეს იმ შემთხვევაში, თუკი ამ ულტრათანამედროვე შეტევით შეიარაღებას კრემლი ადგილს უკრაინაში ყოფნაგახანგრძლივებულ შავი ზღვის ფლოტში მიუჩენს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG