Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის მოვლენები დაგეგმილი იყო?


გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის თანახმად, არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ყირგიზეთის სამხრეთში დაწყებული ძალადობა კოორდინირებული იყო და ქალაქ ოშში ნიღბიანი კაცების მიერ ერთდროულად განხორციელებული ხუთი თავდასხმით დაიწყო. ეთნიკურ ნიადაგზე მიმდინარე სისხლიან შეტაკებებს, სულ მცირე, 170 ადამიანი ემსხვერპლა. ათიათასობით ეთნიკურმა უზბეკმა ყირგიზეთი დატოვა.

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის თანახმად, მას აქვს იმის დამამტკიცებელი მასალა, რომ სამხრეთ ყირგიზეთში მიმდინარე ძალადობა განზრახ დაიწყეს.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელმა რუპერტ კოლვილმა სამშაბათს ჟენევაში უთხრა ჟურნალისტებს, რომ ძალადობა კოორდინირებული იყო და ის ქალაქ ოშში ნიღბიანი კაცების მიერ ერთდროულად განხორციელებული ხუთი თავდასხმით დაიწყო.

„მიზნობრივი და კარგად დაგეგმილი“ უწოდა ძალადობას თავად ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისარმა ნეივი პილაიმ. მან ყირგიზეთის მთავრობას მოუწოდა, აღკვეთოს ძალადობის გავრცელება.

ოფიციალური ცნობებით, სულ მცირე, 170 ადამიანი დაიღუპა და 1,700-ზე მეტი დაიჭრა ოშისა და ჯალალ-აბადის პროვინციებში პარასკევს დაწყებული, ეთნიკურ ნიადაგზე მიმდინარე, შეტაკებების შედეგად. ეთნიკური უზბეკები და ზოგიერთი საერთაშორისო ჰუმანიტარული მისიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მსხვერპლი ამაზე მეტია.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მონაცემებით, სახლი დაახლოებით 275,000-მა ადამიანმა დატოვა. ათიათასობით ეთნიკური უზბეკი - ძირითადად, ქალები, ბავშვები და მოხუცები - გადავიდა ყირგიზეთის სამხრეთიდან უზბეკეთის სასაზღვრო - ანდიჟონის - რეგიონში.

ყირგიზეთის დროებითი მთავრობის წარმომადგენლები სამშაბათს აცხადებდნენ, რომ ჯალალ-აბადსა და ოშში წუხელ ვითარება შედარებით მშვიდი იყო, მაგრამ ოშში რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება, რომ დროდადრო სროლის ხმა ისევ ისმის.

რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა რეგიონალურმა გაერთიანებამ - კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ - ყირგიზეთის მთავრობას ვერტმფრენებით და სხვა აღჭურვილობით მომარაგება შესთავაზა.

ორშაბათს, სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა, ყირგიზეთში შექმნილ ვითარებას „აუტანელი“ უწოდა:

„რასაკვირველია, ყირგიზ ხალხს უნდა დავეხმაროთ გაუმკლავდნენ ამ პრობლემებს. რეაგირების ზომები და თქვენი წინადადებები განხილულ იქნა. ახლა ჯერი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ქვეყნების მეთაურებზეა. თუ საჭირო გახდება, ამ პროცესში მეც ჩავერთვები“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, მედვედევმა

თუმცა უფრო ადრე რუსეთის პრეზიდენტმა უარით უპასუხა ყირგიზეთის დროებითი ლიდერის როზა ოტუნბაევას თხოვნას, რუსეთს ყირგიზეთისთვის სამხედრო დახმარება აღმოეჩინა.

დროებითმა მთავრობამ, რომელიც ხელისუფლებაში აპრილში - პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის ჩამოგდების შემდეგ - მოვიდა, ძალადობა სამშაბათს კიდევ ერთხელ დააბრალა ბაკიევის მომხრეებს. თავად ბაკიევი ყირგიზეთში მიმდინარე ძალადობასთან კავშირს უარყოფს. ბაკიევი ამჟამად ბელორუსიაში იმყოფება. სამშაბათს გავრცელებული ცნობების თანახმად, ყირგიზეთის ოფიციალური პირები იუწყებიან, რომ ბელორუსიამ ყირგიზეთს მისი ექსტრადიციის თაობაზე ოფიციალურად უთხრა უარი.

დროებითი მთავრობის ლიდერის მოადგილემ, ალმაზბეკ ატამბაევმა, თქვა, ძალადობა ბაკიევის ოჯახმა დააფინანსა და ისინი სხვა რეგიონებშიც ეცდებიან არეულობის პროვოცირებასო.

„ოშში მომხდარი მოვლენები იმდენად გააზრებული და იმდენად დადგმული იყო, რომ ახლა პროვოკაციებს ჩუის რეგიონშიც უნდა ველოდეთ, ბიშკეკშიც. მაგრამ ამისათვის უკვე სათანადოდ ვემზადებითო“, - თქვა მან.

არეულობა და შეტაკებები თავიდან სამხრეთის ქალაქ ოშსა და ახლომდებარე რაიონებში დაიწყო და შემდეგ მეზობელ ჯალალ-აბადის პროვინციასაც მოედო.

თავდასხმათა უმრავლესობის სამიზნე უზბეკური უმცირესობის წარმომადგენლები და მათი კერძო საკუთრება იყო, თუმცა დაღუპულებს შორის ბევრი ყირგიზიც არის.

45,000 ლტოლვილის და მათი ბავშვების მიღების შემდეგ, როგორც იუწყებიან, უზბეკეთმა საზღვარი ჩაკეტა და აცხადებს, რომ ვეღარ უმკლავდება ლტოლვილთა მოზღვავებას. ამასთან, როგორც იუწყებიან, უზბეკეთი აცხადებს, რომ შექმნილი ვითარების გამო მას საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება და თუკი დახმარებას მიიღებს, ყირგიზეთთან საზღვარს ისევ გახსნის.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტომ უკვე განაცხადა, რომ უზბეკეთს 75,000 ადამიანისთვის სამყოფ ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნის.

გაერომ უზბეკეთს და ტაჯიკეთს მოუწოდა, არ ჩაუკეტონ საზღვრები ყირგიზეთის კონფლიქტს გამოქცეულ ლტოლვილებს.
ეუთომ ყირგიზეთში ეთნიკურ უზბეკებზე თავდასხმებს ეთნიკური წმენდის მცდელობა უწოდა.

უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის კნუტ ვოლებაეკის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ როზა ოტუნბაევას დროებითი მთავრობა სიტუაციას ვეღარ აკონტროლებს.

პარალელურად, ჯალალ-აბადში ადგილობრივი მთავრობა აცხადებს, რომ ძალადობას გაქცეული ზოგიერთი ეთნიკური უზბეკი და სხვები სახლებს დაუბრუნდნენ. ჩვენი კორესპონდენტები იტყობინებიან, რომ ადგილობრივ მცხოვრებთ ჰუმანიტარულ დახმარებას ურიგებენ.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG