Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შარშანდელი 15 ივნისის ექო


საპროტესტო აქციის მონაწილეთა და პოლიციელების შეტაკება პოლიციის სამმართველოს შენობასთან, 15 ივნისი, 2009 წელი
საპროტესტო აქციის მონაწილეთა და პოლიციელების შეტაკება პოლიციის სამმართველოს შენობასთან, 15 ივნისი, 2009 წელი
15 ივნისს მშვიდობიანი საპროტესტო აქცია თბილისში, პოლიციის სამმართველოს შენობასთან, ახალგაზრდების იმავე ჯგუფმა გამართა, რომელიც ზუსტად ერთი წლის წინ გამართული აქციის დროს პოლიციამ დაარბია და რამდენიმე მათგანს ერთთვიანი პატიმრობაც მიუსაჯა. ერთი წლის თავზე აქციაზე მისული მოძრაობის ”რატომ”, თანასწორობის ინსტიტუტის, მოძრაობა ”7 ნოემბრის” წევრები აცხადებდნენ, რომ დღემდე არავინაა დასჯილი, ხოლო ის პოლიციელები, რომლებიც მათ ცემაში მონაწილეობდნენ, დღემდე თანამდებობებზე რჩებიან.

ერთი წლის წინანდელი 15 ივნისის დარბევის ამსახველი ფოტოების გარდა, ახალგაზრდულმა მოძრაობებმა ”რატომ”, ”არა”, ”7 ნოემბერი” პოლიციის სამმართველოს შენობასთან ერთ-ერთი ნაცემი ახალგაზრდის სისხლიანი პერანგიც გამოფინეს, როგორც დასტური პოლიციის ძალადობისა. ზუსტად ერთი წლის წინ, 9 აპრილის ცნობილი აქციების შემდეგ, ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა პარლამენტარების მიერ დაკეტილ პარლამენტში დილის 6 სააზე შესვლა და სესიის ჩატარება გააპროტესტა, რასაც პოლიციის მიერ აქციის დაშლა მოჰყვა. იმავე ადგილას იგივე ადამიანები, ოღონდ ერთი წლის შემდეგ, აცხადებდნენ, რომ პროტესტის მუხტი მათში მანამ არ შესუსტდება, სანამ დამნაშავეები არ დაისჯებიან.

”აუცილებლად აგებთ პასუხს და მაგ კამერას კი, რომლითაც იღებთ ფანჯრებიდან, ნივთმტკიცებად გიქცევთ. მოვა დრო და პასუხს აგებთ იმისათვის, რაც აქ შარშან მოხდა”...

ასე მიმართავდა პოლიციის თანამშრომლებს მოძრაობა „7 ნოემბრის“ წევრი დაჩი ცაგურია, რომელი 15 ივნისის გამოხატვის უფლების დაცვის დღედ გამოცხადების ინიციატივით გამოდის.

მიშა მესხი, თანასწორობის ინსტიტუტიდან, ამბობს, რომ პოლიციამ ახალგაზრდებს მშვიდობიანი აქციის ჩატარება არ აცალა:

”შარშან სასტიკად გვცემეს აქ პოლიციელებმა. გავიდა ერთი წელი და არც ერთი ადამიანი არ არის დასჯილი მათი მხრიდან. დღემდე არ დაუბრუნებიათ ჩვენი ნივთები...”

მოძრაობის ”რატომ” წევრი მერაბ ჭიქაძე, რომელსაც შარშან ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდეს, იხსენებს, რომ მათ 1200-მდე ადამიანი დაესხა თავს და გასაქცევი არ დაუტოვა. წლევანდელ აქციაზე მას და მის მეგობრებს, რომლებიც რკინის მოაჯირის მიღმა იდგნენ და პოლიციის შენობას არ მიახლოებიან, ხელში შარშანდელი დარბევის ამსახველი ფოტოებიც ეჭირათ:

”7 ნოემბერს გასაქცევი მაინც ჰქონდათ ადამიანებს. შარშან კი, 15 ივნისს, ყველა მხრიდან ალყაში ვიყავით და 1200-მდე ადამიანი გვებრძოდა.. ჩვენ გვინდა ვუთხრათ, აქ ვინც მუშაობს, დაწოლილ და მშვიდობიან გოგოებს და ბიჭებს, მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ნუ სცემენ.. ”

აქციაზე 9 აპრილის აქციების რამდენიმე მონაწილე პოლიტიკოსიც გამოჩნდა, მათ შორის - ეკა ბესელია და ბიძინა გუჯაბიძე. გუჯაბიძემ კონსერვატორების სახელით განაცხადა, რომ მსგავსი პროტესტი ქართულ საზოგადოებაში იარსებებს დიდხანს, სანამ არ გაჩნდება ერთი პრეცედენტი მაინც დამნაშავის დასჯისა.

აქცია მალე დაიშალა. პოლიცია ამჯერად ადგილზე არ გამოჩენილა.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG