ეგზიტპოლების მიხედვით, პოლონეთის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა ხმების 50 პროცენტი არჩევნების დღევანდელ, პირველივე ტურში გასამარჯვებლად. საარჩევნო უბნები, ადგილობრივი დროით, 20 საათზე (საქართველოს დროით, 22 საათზე) დაიხურა. ტელეარხ TVN 24-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებით, ხმების 45,7 პროცენტი ერგო ბრონისლავ კომოროვსკის, რომელიც მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტია „სამოქალაქო პლატფორმის“ კანდიდატია. ხოლო იაროსვლავ კაჩინსკიმ - დაღუპული პრეზიდენტის ძმამ და მემარჯვენე „კანონისა და სამართლიანობის პარტიის“ ლიდერმა - ხმების 33,2 პროცენტი მოაგროვა. არჩევნებში კიდევ 8 კანდიდატი მონაწილეობდა. თუ არავის ერგება ხმების, სულ ცოტა, 50 პროცენტი, 4 ივლისს გაიმართება არჩევნების მეორე ტური ორი ყველაზე წარმატებული კანდიდატის მონაწილეობით. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა მას შემდეგ, რაც წელს, 10 აპრილს, ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი. მასთან ერთად დაიღუპნენ მისი მეუღლე და პოლონეთის პოლიტიკური, სამხედრო და რელიგიური ელიტის 100-მდე წარმომადგენელი.
ეგზიტპოლების მიხედვით, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ვერავინ მოაგროვა ხმების 50 პროცენტი
ყველაზე პოპულარული
1