Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია დევნილთა საცხოვრებელი სახლების ხარისხს იწუნებს


ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დონორების მიერ გამოყოფილი საერთაშორისო დახმარების ხარჯვის მონიტორინგის ანგარიში წარმოადგინა. 2008 წლის ოქტომბერში ბრიუსელში გამართული დონორთა კონფერენციის შემდეგ საქართველოს 4,55 მლრდ დოლარი გამოეყო. საიას ანგარიში ამ თანხიდან დევნილების საცხოვრებელი სახლების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე დახარჯულ 74,5 მილიონ ევროს ეხება.

საიამ ანგარიში ჯერ გორში წარუდგინა საზოგადოებას და დევნილებს, შემდეგ კი თბილისში მოაწყო მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია.

რა შედეგები წარმოადგინა საიამ და რა დარღვევებზე გამახვილდა ყურადღება?

ერთ-ერთი დაზიანებული კოტეჯი
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ის ტენდერები შეისწავლა, რომელთა მიხედვითაც სამშენებლო კომპანიებს დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობა და რემონტი დაევალათ. ანგარიშის მიხედვით, 85 ტენდერიდან თითქმის ნახევარი 2 კომპანიას აქვს მოგებული. ეს კომპანიებია ”ნიუ ენერჯი” და ”ბლოკ-ჯორჯია”. ჯამში, მათ 37 მილიონი ლარი მიიღეს. საიას ხელმძღვანელი თამარ ხიდაშელი აცხადებს, რომ ეს კომპანიები სატენდეროდ მომსახურების ფასებს მიზანმიმართულად დაბლა სწევდნენ, იმისათვის რომ ტენდერში გაემარჯვათ, შემდეგ კი სამუშაოების ღირებულებას აძვირებდნენ, ხელისუფლება კი ამაზე თანხმდებოდა. მაგალითად, კომპანია „ნიუ-ჯორჯიამ“ თავდაპირველი 12 მილიონ 182 ათასი ლარის ნაცვლად ხელშეკრულების გაზრდის შემდეგ 3 მილიონი ლარით მეტი მიიღო, 4 მილიონი ლარით მეტი მიიღო შპს ”ბლოკ-ჯორჯიამ”:

”ისინი არარეალურად დაბალ ფასს სთავაზობდნენ სახელმწიფოს იმისთვის, რომ ტენდერი მოეგოთ და შემდეგ სახელმწიფოს უძვირებდნენ ამ მომსახურებას. ამით მათ კონკურენტი კეთილსინდისიერი კომპანიები ჩამოიშორეს”, - აცხადებს თამარ ხიდაშელი.

ტენდერში გამარჯვებული კომპანიების დაფინანსება მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ხდებოდა. ფონდის ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი თენგიზ ლაკირბაია ამბობს, რომ პროექტები, რომელთა მიხედვითაც სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები უნდა წარმოებულიყო, ხშირ შემთხვევაში რეალურ სურათს არ ასახავდა და მუშაობის პროცესში ფასების ზრდაც სწორედ ამან გამოიწვია. ანუ თავდაპირველი პროექტი და რეალური სამუშაო ერთმანეთისგან განსხვავდებოდა.

”თანხას შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა ზრდიდა, რადგან მოწოდებულ პროექტში არ იყო გათვალისწინებული სახლის გადახურვა, მხოლოდ მისი შეკეთება იყო, ასევე - სველ წერტილებში მეტლახის დაგება. ამის გამო გაძვირდა და არა იმიტომ, რომ ვიღაცამ დაბალი ფასით მოიგო და მერე ხელოვნურად გაიზარდა თანხა”,- ამბობს თენგიზ ლაკირბაია.

საკუთარი ორგანიზაციის ანგარიშზე დაყრდნობით, თამარ ხიდაშელი იმასაც ამბობს, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა და შესრულებული სამუშაო ერთმანეთის პროპორციული არ არის და სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულება კი სამშენებლო კომპანიებს მომგებიან პოზიციაში აყენებსო.

”სახელმწიფოს ისეთი ხელშეკრულება უნდა დაედო კომპანიებთან, რომლის მიხედვითაც მოხდებოდა ხარვეზების აღმოფხვრა. არსებობდა ერთწლიანი საგარანტიო ვადა, ამ ერთი წლის განმავლობაში სახელმწოფოს მხრიდან ხარვეზების აღმოფხვრაზე მოთხოვნა არ ყოფილა და ყველაზე მეტად ვინც დაზარალდა, ეს არის, ერთი მხრივ, სახელმწიფო, რომელმაც ამდენი ფული გაფლანგა, და დევნილები, რომელთაც ცუდ პირობებში უწევთ ცხოვრება.”

ერთ-ერთი ლტოლვილის კოტეჯის იატაკიდან ბალახი ამოვიდა.
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ვალერი კოპალეიშვილი წარმოდგენილ ანგარიშზე მაღლა იმ დონორების დასკვნას აყენებს, რომლებიც სამუშაოებს აფინანსებდნენ. აი, რას ამბობს ვალერი კოპალეიშვილი საიას მონიტორინგის შედეგების პასუხად:

”დონორი ორგანიზაციები დანახარჯის აუდიტს აკეთებდნენ და ამის შედეგად ხდებოდა თანხების ანაზღაურება. ჩემთვის საზომი სწორედ ეს არის და რადგან ანაზღაურება მოხდა, ე.ი ხარისხიანად გაკეთდა ყველაფერი, სხვა შემთხვევაში ანაზღაურება არ მოხდებოდა.”

თამარ ხიდაშელი ამბობს, რომ მშენებლობები ზოგან ისეთ ადგილას წარმოებდა, სადაც შესაფერისი გარემოპირობები არ არსებობდა. სახელმწიფო გარემოპირობების შესწავლის დასკვნას მხოლოდ მაშინ აქვეყნებდა, როცა მშენებლობა უკვე დაწყებული იყო, ანუ დასკვნა მხოლოდ ფორმალური ხასიათის იყო.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ დევნილებისთვის განკუთვნილი თითო კოტეჯის მშენებლობაში 28 ათასი ლარი გადაიხადა, სკრის დასახლებაში მცხოვრები დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილი ზაურ ზუბაშვილი მძიმე საცხოვრებელ პირობებს უჩივის:

”გარეთ როცა ცხელა, რაღაცნაირი აორთქლება იწყება ოთახში და ტენიანობა იმატებს, ჭერზე მხოლოდ თხელი ქაღალდი და ბამბაა აკრული, რის გამოც სითბო არ ნარჩუნდება. ჩვენ, დევნილებს, კიდე დატანჯვა გვინდოდა? ეს არის ციხე, შემოუღობავი ციხე,საიდანაც ვერსად ვერ წახვალ ადამიანი.”

სხვა დევნილები ამბობენ, რომ იატაკის ფიცრებს შორის არსებული ღრიჭოებიდან ბალახი ამოდის, სახლის კედლები კი ნესტიანია და სისველის გამო ფანჯრების დეფორმაცია მოხდა.
  • 16x9 Image

    გოგა აფციაური

    გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG