Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

რუსთავს ახალი საკრებულო და ძველი მერი ჰყავს


17 ივნისს რუსთავის მერიის სხდომათა დარბაზში რუსთავის ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა ჩატარდა. სხდომა რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ იოსებ შველიძემ გახსნა, რომელმაც დარბაზში მსხდომთ საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი გააცნო. ამ ოქმის მიხედვით, რუსთავის 25-წევრიან საკრებულოში ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 21 დეპუტატი ჰყავს. აქედან 11 პარტიული სიით გავიდა, 10 კი მაჟორიტარი დეპუტატია. 4 ადგილი ოპოზიციას ერგო: ორი მანდატი - ,,ქრისტიან-დემოკრატებს”, თითო-თითო კი - ,,ალიანსი საქარველოსთვის” და ,,ეროვნულ საბჭოს”.

საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის შემდეგ სხდომას ახლად არჩეული წევრებიდან უხუცესი, ზაალ სანაია გაუძღვა. დღის წესრიგში მხოლოდ ორი საკითხი იდგა - საკრებულოს თავმჯდომარის და ქალაქის მერის არჩევა.

სანაიამ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, როგორც მოსალოდნელი იყო, საკრებულოს წინა მოწვევის თავმჯდომარის, კახა გურგენიძის, კანდიდატურა დაასახელა.

გურგენიძე ღია კენჭისყრით აირჩიეს. მას ხმა მისცა 23-მა დეპუტატმა, მათ შორის, ივანე შათირიშვილმა, „ეროვნული საბჭოდან“, და ფიქრია ავალიანმა, „ქრისტიან დემოკრატებიდან“. ფიქრია ავალიანის თანაპარტიელმა ალექსანდრე ახვლედიანმა მხარდაჭერისგან თავი შეიკავა, ალიანსელმა უტა ლიპარტიამ კი საერთოდ არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა.

”ნაციონალური მოძრაობა რუსთავის საკრებულოში 21 კაციანი შემადგენლობით არის წარმოდგენილი და მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა როგორც არჩევნების შედეგებზე, ასევე საკრებულოს შემდგომ მუშაობაზე. მე, ბუნებრივია, ამ საკრებულოს წევრი ვარ და მუშაობაში ჩავერთვები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გავითქვიფოთ. ვიღაც ხომ უნდა იყოს ოპოზიციაში”, – განაცხადა ლიპარტიამ სხდომის შემდეგ.

მანამდე გურგენიძემ მის მიმართ ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა კოლეგებს და რუსთაველ ამომრჩევლებს. მან, ისე, რომ დრო არ დაუკარგავს, რუსთავის მერის თანამდებობაზე ქალაქის ყოფილი მერის, მამუკა ჩიქოვანის, კანდიდატურა დაასახელა,რაც ასევე წინასწარ იყო ცნობილი.

ღია კენჭისყრის შედეგად ჩიქოვანმა 23 ხმა მიიღო.

,,ძალიან სწრაფად უნდა განვახორციელოთ ყველა პროექტი. უნდა შევქმნათ ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი”, განაცხადა ჩიქოვანმა კენჭისყრის შემდეგ.

ჯერჯერობით უცნობია, როდის დაკომპლექტდება ქალაქის მთავრობა. თუმცა კახა გურგენიძის თქმით, ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს.
  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

XS
SM
MD
LG