Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტალინის მონუმენტის დემონტაჟის სამართლებრივ მხარეზე გორში კამათი არ წყდება


სტალინის მონუმენტის პროექტი
სტალინის მონუმენტის პროექტი
გორში დღემდე მსჯელობის საგანია, იყო თუ არა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სტალინის მონუმენტის დემონტაჟის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული. 26 ივნისს, ძეგლის დემონტაჟის დღეს, ადგილობრივი ხელისუფლება აშკარად დაბნეული ჩანდა და გადაწყვეტილების შესახებ არაფერს ამბობდა. ამის მაგალითად პარასკევს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თემურ ხაჩიურთან ჩაწერილი ინტერვიუც გამოდგება. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დემონტაჟის შესახებ მისთვის არაფერი იყო ცნობილი და მხოლოდ მედიის საშუალებით შეიტყო, რომ მონუმენტი მუზეუმის ტეროტორიაზე გადაჰქონდათ.

წინა და ამჟამინდელი საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე აცხადებს, რომ მონუმენტის დემონტაჟის შესახებ საკრებულომ გადაწყვეტილება 16 ივნისს - წინა მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომაზე - მიიღო. ეს გადაწყვეტილება კი, მისი თქმით, 10 დღის განმავლობაში უსაფრთხოების დაცვის მიზნით არ გაახმაურეს. ხმალაძე აცხადებს, რომ რესტავრირებული მონუმენტი მუზეუმის ტერიტორიაზე დაახლოებით 1 თვეში განთავსდება.

საკრებულოს სხდომის ჩატარებას ადასტურებს ალიანსის წევრი დავით რაზმაძე. მისი თქმით, თავმჯდომარესთან ამ საკითხზე არაერთხელ ჰქონია საუბარი. რაზმაძეს დღესაც მიაჩნია, რომ საჯარო განხილვისა და დისკუსიის გარეშე ეს საკითხი არ უნდა გადაწყვეტილიყო. რაც შეეხება იმ საკითხს, თუ საკრებულოს გადაწყვეტილება რატომ არ გახმაურდა, რაზმაძე აცხადებს, რომ თავმჯდომარის თხოვნა შეასრულა.

16 ივნისის სხდომას არ დასწრებიან წინა საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის წევრები. ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელები მიიჩნევენ, რომ საკრებულოს ხელმძღვანელობამ დოკუმენტაცია გააყალბა. ყოფილი დეპუტატის თემურ აფხაზაშვილის აზრით, გადაწყვეტილება 26 ივნისს - მონუმენტის დემონტაჟის შემდეგ - მიიღეს და იგი 10 დღით ადრინდელი რიცხვით გააფორმეს.

გორელების დიდი ნაწილი - მონუმენტის დემონტაჟის მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც იმაზე თანხმდებიან, რომ ღამით ძეგლის აღების ფორმა არ იყო მისაღები. ადგილობრივი კომუნისტების ლიდერს ალეკო ლურსმანაშვილს კი არ ჰგონია, რომ სტალინის ძეგლს კიდევ სადმე დადგამენ.

ორი დღის განმავლობაში გორში არავინ იცოდა, სად წაიღეს სტალინის მოხსნილი მონუმენტი. როგორც რადიო თავისუფლებამ დაადგინა, ძეგლი ამჟამად ყოფილი სატანკო ბაზის ერთ-ერთ საწყობში ინახება, სადაც ჟურნალისტების შესვლა აკრძალულია. ადგილობრივი ხელისუფლება ირწმუნება, რომ რესტავრაციის შემდეგ სტალინის მონუმენტს მისი სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე დადგამენ.
XS
SM
MD
LG