Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი აურზაური პატარა გაზსადენზე


მაგისტრალური გაზსადენის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხიდან ამოღებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის - ასეთია განმარტება, რომელსაც საქართველოს მთავრობა გაზსადენის შესაძლო პრივატიზებასთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟის საპასუხოდ აკეთებს.

ახალი საკანონმდებლო ინიციატივის საფუძველზე, გაზის მაგისტრალური გაზსადენი სტრატეგიული მნიშვნელობის ნუსხიდან ამოღებულია და, შესაბამისად, პრივატიზებასაც შეიძლება დაექვემდებაროს, თუმცა ამ საკითხზე მთავრობა და პარლამენტი ჯერ კიდევ კონსულტაციებს მართავენ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ენერგეტიკის, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებთან მიმდინარეობს და კანონის ახალი პროექტის საკომიტეტო განხილვები საშემოდგომო სესიაზე დაიწყება.

მოკლედ, გაზსადენი უპირატესად მუნდიალით და ზაფხულის ხვატის მოგერიებით დაკავებული საზოგადოებრივი აზრის ფონზე არ გაიყიდება. თუმცა, გაიყიდება თუ არა საერთოდ და ვინ იყიდის - ეს არის კითხვა, რომელიც კვლავ დღის წესრიგში დარჩა და, რამდენიმეწლიანი პაუხის შემდეგ, კვლავაც აქტუალური თემების ჩარტებში კვლავინდებურად ლიდერებში დამკვიდრა.

“ნებისმიერ საწარმოს გაცილებით უკეთ მართავს კერძო სექტორი, ვიდრე სახელმწიფო. ეს არის ფაქტი, ეს არის აქსიომა იმ ადამიანებისათვის, ვინც თავისუფალ ეკონომიკურ ურთიერთობას მხარს უჭერს” - სახელმწიფო ქონების პრივატიზების ახალი კანონპროექტის ავტორების მიერ გამეორებული ეს ანბანური ჭეშმარიტება, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დღეს სულაც არ ჟღერს ცალსახად დამაჯერებლად. და განსაკუთრებით არ ჟღერს ხელისუფლების არათანმიმდევრული და ორმაგი სტანდარტებით გაჯერებეული ქცევების უსაშველოდ მომრავლების გამო. მაგალითად, იმავე კანონპროექტში, რომელიც გაზსადენის პრივატიზებას დასაშვებს ხდის, კვლავაც დიდი რჩება იმ სახელმწიფო ქონების ჩამონათვალი, რომელიც გაყიდვას არ ექვემდებარება. და იცით, რა და რა ქონება არის მოხსენიებული ამ ნუსხაში? მაგალითად, საჯარო სკოლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები. და ეს იმ ფონზე, როდესაც კერძო განათლების უპირატესობა არათუ დანარჩენ მსოფლიოში, უკვე საქართველოშიც თვალსაჩინოა.

ასე რომ, მაგისტრალური გაზსადენის საპრივატიზებო ნუსხიდან ამოღებას აშკარად უფრო სერიოზული და დასაბუთებული არგუმენტაცია სჭირდება.

რა აქტივის შესაძლო გასხვისებაზე მიდის დავა-კამათი? მაგისტრალური გაზსადენი საქართველო-რუსეთის საზღვრიდან იწყება, საქართველო-სომხეთის საზღვრამდე გრძელდება და ჯამურად 221 კმ-ს მოიცავს. მილსადენი უზრუნველყოფს ბუნებრივი აირის მიწოდებას საქართველოსა და სომხეთისათვის. შესაბამისად, ქვეყნისთვის როგორც სტრატეგიული, ისე ეკონომიკური მნიშვნელობა გააჩნია.

სწორედ ამ სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, 2004-2005 წლებში, როცა საქართველოს ხელისუფლებამ პირველად წამოჭრა გაზსადენის პრივატიზაციის საკითხი მისი რეაბილიტაციისთვის აუცილებელი თანხების არარსებობის მოტივით, ამას საქართველოს უმსხვილესი სტრატეგიული პარტნიორის - აშშ-ს ადმინისტრაციის მკაფიო გაფრთხილება მოჰყვა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მეტიც, სწორედ სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, აშშ-ს მთავრობამ გადაწყვიტა რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხები გამოეძებნა საქართველოს გაზსადენის რეაბილიტაციისთვის.

შესაბამისად, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის „ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის“ (MCC) ფარგლებში გაფორმდა შეთანხმება, რომელიც სხვა პროექტებთან ერთად (რომელთა საერთო ღირებულება 295 მილიონი დოლარის დახმარებას მოიცავდა, ბრიუსელის კონფერენციის შემდეგ კი კიდევ 100 მილიონი დოლარით გაიზარდა) ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციას იმ პირობით ითვალისწინებდა, რომ საქართველო არ გაასხვისებდა ამ ობიექტს.

”საქართველოს მთავრობამ არ უნდა გაყიდოს ან გადასცეს, ან ნებართვა გასცეს გაყიდვაზე ან გადაცემაზე, გაზსადენის და/ან საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის (ან მისი შვილობილი კომპანიების) აქციების საკონტროლო პაკეტი და ასევე არ უნდა გასცეს გირაოს უფლება გაზსადენზე ამ შეთანხმების ვადის ამოწურვამდე, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა თუ „ათასწლეულის განვითარების ფონდი“ წერილობითი ფორმით არ განაცხადებს თანხმობას“, – ნათქვამია შეთანხმებაში.

შეთანხმების თანახმად, ამ მუხლის დარღვევის შემთხვევაში საქართველოს მთავრობამ უნდა აუნაზღაუროს MCC -ის ის თანხა, რაც გაზსადენის რეაბილიტაციაზე დაიხარჯა, რის შემდეგაც MCC შეწყვეტს გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტს და ასევე დაიტოვებს უფლებას შეაჩეროს შეთანხმებით გათვალისწინებული სხვა პროექტებიც. შეგახსენებთ, კომპაქტის ვადა 2011 წლის 7 აპრილისთვის დასრულდება.

დღეს გაზსადენის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია. ფონდ “ათასწლეულის გამოწვევა – საქართველოს“ ინფორმაციით, 2010 წლის თებერვალში დასრულდა გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის ფარგლებშიც 221 კმ-იანი მილსადენის 22 უბნის რეაბილიტაციაზე 35 მილიონი დოლარი დაიხარჯა. “ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის შედეგად, გაიზრდება საქართველოსა და რეგიონის ენერგოუსაფრთხოება, ენერგომომარაგების საიმედოობა და შემცირდება გაზსადენიდან არსებული ტექნიკური დანაკარგები”, - ნათქვამია სამუშაოების დასრულების აღსანიშნავად გავრცელებულ განცხადებაში. საგულისხმოა, რომ შეთანხმებით ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტისთვის გათვალისწინებული იყო 49 მილიონი დოლარის დახარჯვა, თუმცა თანხების დაზოგვის შედეგად პროგრამის ფარგლებში, სწორედ ქვეყნის ენერგოსაუფრთხოების გაზრდის მიზნით, MCC-ს თანხმობით, პროექტის ფარგლებში დაფინანსდა საჭირო წინასამშენებლო კვლევების ჩატარება მიწისქვეშა გაზსაცავის ასაშენებლადაც.

მოკლედ, “ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციიდან” მიღებული პროექტი დასრულდა და გაზსადენის გაყიდვის თემაც კვლავ გაცოცხლდა - ოღონდ ამჯერად უკვე რეაბილიტირებული და, შესაბამისად, პოტენციურად უფრო მაღალ ფასად გასაყიდი გაზსადენის.

მართლაც, რა საფრთხეს მოიცავს გაზსადენის გაყიდვა? მით უფრო, როცა მართლაც ცხადია, რომ სახელმწიფო ყოველთვის არაეფექტიანი მესაკუთრეა და კერძო ოპერატორი ნამდვილად ყოველთვის უკეთესად ართმევს თავს ნებისმიერი სამეურნეო ფუნქციის შესრულებას?

უპირველესად, ტრადიციულად, რუსული ფაქტორი. საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზაციით დაინტერესებულთა პირველ რიგში კვლავ რუსული “გაზპრომი” დგას - რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი უმძლავრესი ინსტრუმენტი. “გაზპრომში” არც მალავენ ამ აქტივით დაინტერესებას და პირდაპირ მიუთითებენ, რომ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის მათთვის მიყიდვა პირდაპირ აისახება საქართველოთვის მოწოდებული ბუნებრივი აირის საფასურზე.

ცნობისათვის: რუსულმა ენერგოგიგანტმა უკვე ოფიციალურად გამოაქვეყნა 2010 წლის საფასო პოლიტიკის განაცხადი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან მიმართებაში, საიდანაც ნათელი ხდება, რომ საქართველოსთვის რუსული გაზი ყველაზე ძვირი ღირს – ათას კუბურ მეტრზე 270 დოლარი, რაც უფრო მეტია, ვიდრე რუსული გაზის ფასი ბელარუსისთვის (170 დოლარი), სომხეთისთვის (182 დოლარი), უკრაინისთვის (230 დოლარი) და მოლდოვასთვის (240 დოლარი).

სწორედ ამ 270 დოლარის შემცირების საკითხს განიხლავს “გაზპრომი” იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენი მის კუთვნილებაში გადაინაცვლებს. მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანია ეს რესურსი და მისი ფასი საქართველოსთვის? ქართული მხარე ყველა შესაძლო სიტუაციაში განსაკუთრებით უსვამს ხაზს, რომ რუსულ გაზს ქვეყანა არ ყიდულობს და აირით უზრუნველყოფა აზერბაიჯანიდან ხდება. თავად “გაზპრომის” გათვლებითაც, 2010 წელს საქართველომ შეიძლება მაქსიმუმ 400 მილიონი კუბური მეტრი მოიხმაროს, როცა ქვეყნის მთლიანი მოხმარება 2 მილიარდ კუბურ მეტრს აჭარბებს. ანუ რუსული გაზის წილი ქართულ მოხმარებაში რუსული მხარისთვის ყველაზე ოპტიმისტურ სცენარშიც კი ერთ მეხუთედზე ბევრად ნაკლები იქნება. შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკური ინტერესი გაზსადენის რუსებზე მიყიდვასა და რუსული გაზის ფასის დაკლებაში ნაკლებად თვალსაჩინოა.

კიდევ უფრო ნაკლებად თვალსაჩინოა პოლიტიკური სარგებელი, რომელიც საქართველომ მაგისტრალური გაზსადენის ოკუპანტი ქვეყნის სტატუსით მოსილი სახელმწიფოსთვის გადაცემით შეიძლება მიიღოს. ფაქტია, რომ დღეს ნაკლებად ჩანს საკითხი, რომელზეც რუსულ მხარესთან გაზსადენის გაყიდვა შეიძლება “გადახურდავდეს”. მით უფრო, როდესაც პოტენციური მყიდველი არა რომელიმე რუსული კერძო, პოლიტიკური დინებებისგან გვერდზე მდგომი კომპანიაა, არამედ სახელმწიფო ენერგოგიგანტი “გაზპრომი”, რომლის დირექტორთა საბჭოც ასე გამოიყურება: თავმჯდომარე - რუსეთის ფედერაციის მათვრობის პირველი ვიცე-პრემიერი ვიქტორ ზუბკოვი, წევრები - რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი ელვირა ნაბიულინა, რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი სერგეი შმატკო, რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში იგორ იუსუფოვი. მოკლედ ის გუნდი, რომელიც წლების განმავლობაში “მოსდევდა” პრეზიდენტ პუტინს და მის ადმინისტრაციას. ცნობისათვის: პირველი ვიცე-პრემიერის სავარძლიდან პრეზიდენტის პოსტზე გადანაცვლებამდე “გაზპრომის” დირექტორთა საბჭოს თვით დმიტრი მედვედევი თავმჯდომარეობდა.

მოკლედ, რუსული კომპანიისთვის მაგისტრალური გაზსადენის მიყიდვა არც პოლიტიკურად და არც ეკონომიკურად გამართლებული არ ჩანს. არადა, სხვა მყიდველი თითქოს არავინ ჩანს (ყოველ შემთხვევაში, დეკლარირებული ინტერესის დონეზე). მაშ, რას ემსახურება მაგისტრალური გაზსადენის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში გადანაცვლება?

ვერსია რამდენიმე შეიძლება იყოს. თუმცა, მათი დამაჯერებლობის ხარისხზე მსჯელობა რთულია. უპირველესად, თუ ისტორიის გამეორების ლოგიკიდან ამოვალთ, შესაძლოა საქართველო მაგისტრალური გაზსადენის შესაძლო გაყიდვის თემაზე აპელირებით დასავლელი პარტნიორებისგან მორიგი ფინანსური ინექციების მიღებას იმედოვნებს. ანუ გვიჭირს და იძულებულნი ვართ, გაზსადენი გავყიდოთ და თუ არ გინდათ, რომ მას რუსები დაეპატრონონ, თქვენ მოგვეცით ფული. პრაქტიკულად, სწორედ ეს მოხდა 2004-2005 წლებში. დღეს საგულისხმოა, რომ მაგისტრალური გაზსადენის შესაძლო გაყიდვის იდეა თბილისში ჰილარი ქლინთონის ჩამოსვლის კვირძალს მოხდა, რამაც სტრატეგიულ პარტნიორს ამ საკითხზე საკუთარი მოსაზრების გამოთქმისკენ უნდა უბიძგოს.

მეორე ვერსია რეგიონში ენერგობალანსის შესაძლო ცვლილებას და მასზე რეგირების აუცილებლობას ეხება. როგორც ცნობილია, მექსიკის ყურეში ჩაღვრილი ნავთობის ისტორიის გამო ბუნდოვანი გახდა კომპანია “ბი-პი”-ს და მისი სამომავლო საქმინობის პერსპექტივები. პროგნოზები უდიდეს დიაპაზონს მოიცავს - დაწყებული კომპანიის შესაძლო გაკოტრებით და დამთავრებული მისი მნიშვნელოვანი პოზიციური და გავლენითი სახეცვლილებით. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა მაღალი ალბათობით ვარაუდობს, რომ “ბი-პი”-ს თავის გადასარჩენად თავისი გარკვეული პროექტების დათმობა შეიძლება მოუხდეს, მათ შორის, კავკასია-ცენტრალური აზიის რეგიონში, რაც ამ ბაზრებზე ახალი მოთამაშეების შემოსვლას და ძალთა ახლებურ გადანაწილებას შეიძლება ნიშნავდეს. გამორიცხული არ არის, სწორედ ამ ფართო კონტექსტში იჯდეს საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის ახალი პატრონის ძიების იდეაც.

მესამე ვერსია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქტივების არასაკონტროლო გასხვისების ახალი მოდელების შემოტანას უკავშირდება. 7-8 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ლონდონში ე.წ. “როუდ შოუს” გამართავს, რომლის ფარგლებშიც ინვესტორების „საქართველოს რკინიგზით” დაინტერესებას შეეცდება. “საქართველოს რკინიგზის” ფასიანი ქაღალდების პირველადი განთავსება ლონდონის საფონდო ბირჟაზე იგეგმება, რაც წარმატების შემთხვევაში სხვა სახელმწიფო აქტივებზეც (მათ შორის, მაგისტრალურ გაზსადენზეც) შეიძლება გავრცელდეს.

მოკლედ, ვერსიები ბევრია და საბოლოოდ ყველაფერი ისევ ბანალურ გამჭვირვალობამდე მიდის. თუ მაგისტრალურ გაზსადენთან დაკავშირებული პროცესები გამჭვირვალედ წარიმართა, მაშინ ეჭვებისთვის, ცხადია, გაცილებით ნაკლები საფუძველი დარჩება. თუმცა, წლობით ნასაზრდოები სკეპტიკური გამოცდილება ასეთი იდილიის ნაკლებ იმედს ტოვებს.
XS
SM
MD
LG